„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კახეთის შესყიდვებში კორუფციის ნიშნები დაინახა

თელავი

არასამთავრობო ორგნიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. საუბარია ბოლო 7 წლის პერიოდზე. ორგანიზაციის თანახმად, ზოგ შემთხვევაში ტენდერებში იმარჯვებენ კომპანიები, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვთ. უფრო მეტიც, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების უკან მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირები დგანან, რაც “გამჭვირვალობის” შეფასებით, კორუფციის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის, კლასელმა და ბიზნესპარტნიორმა ერთ წელში ამავე მუნიციპალიტეტიდან მიიღო 1 მილიონ 700 ათასის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები...
გიორგი ბიძინაშვილი

ტენდერების შესწავლის პროცესში ჩართული იყო გიორგი ბიძინაშვილი, “გამჭვირვალობა -საქართველოს” წარმომადგენელი კახეთის მხარეში.

მისი ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მალევე დააფუძნეს კომპანიები, რომლებიც იმავე მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ტენდერებს იგებენ. გიორგი ბიძინაშვილი კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს, რომლებიც, მისივე სიტყვებით, შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს.

„საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის, კლასელმა და ბიზნესპარტნიორმა ერთ წელში ამავე მუნიციპალიტეტიდან მიიღო 1 მილიონ 700 ათასის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები. გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის, კომპანიამ კი 2015-2020 წლებში მიიღი თითქმის 13 მილიონი შესყიდვები. ყვარლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის, შავბალახაშვილის, სახელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ამავე მუნიციპალიტეტიდან მიიღეს 1 მილიონის ღირებულების ტენდერები. პირდაპირ ეჭვები ჩნდება სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით, საჭიროა მხოლოდ ეს ყველაფერი გაფორმდეს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ბიძინაშვილმა.

„გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კვლევისას სულ 51 შპს-სა და 7 ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა შეისწავლეს. 7 წლის განმავლობაში მათ, ჯამში, 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს. სხვა შემთხვევებთან ერთად კვლევაში მოყვანილია თელავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ქოჩიშვილის, ყოფილი კომპანიის საქმიანობა. ეს არის შპს “აქვა ენერჯი +” . კომპანიამ 2015-2019 წლებში 17 ტენდერი მოიგო, პროექტების ღირებულება კი 1 მილიონ 700 ათასი ლარია.

თელავი

ქოჩიშვილმა შპს დააფუძნა 2015 წლის 16 იანვარს. მაშინ იგი ხელმძღვანელობდა შპს “თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს”.

მე დედას გადავუფორმე და იმან კიდევ სხვას. ზუსტად მართლა აღარ მახსოვს.
ბესიკ ქოჩიშვილი

ორგანიზაციის კვლევით, 2015-2019 წლებში - ბესიკ ქოჩიშვილის სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში - მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, ჯამში, 316 ათას ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვებიც მიიღო მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტისგან. კომპანიას ძირითადად ისეთი ტენდერები აქვს მოგებული, რომლებიც ჭაბურღილებზე არსებული ელექტროტუმბოების შეცვლას ითვალისწინებდა.

თავად ბესიკ ქოჩიშვილმა თავდაპირველად თქვა, რომ საერთოდ არ იცის, მუშაობს თუ არა კიდევ მის მიერ წლების წინ დაფუძნებული კომპანია. შემდეგ კი გაიხსენა, რომ შპს დედას გადაუფორმა:

„2014 თუ 2015 წლებში მაგ კომპანიაში ვმუშაბდი. ახლა საერთოდ არ ვიცი, ეგ კომპანია არსებობს თუ არა. ეგ კომპანია რამდენჯერმე გასხვისდა. მე დედას გადავუფორმე და იმან კიდევ სხვას. ზუსტად მართლა აღარ მახსოვს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის, ზურაბ სვიმონიშვილის, ორი კომპანიის საქმიანობაზეც წერია. სვიმონიშვილი გამგებლის მოადგილის თანამდებობას 2014-2017 წლებში იკავებდა. მან შპს “ბილდინგი” 2011 წელს დააფუძნა, 2014 წელს დედას, ნათელა ჯავახიშვილს, გადაუფორმა, ხოლო დირექტორად ძმა, გიორგი სვიმონიშვილი, დაინიშნა. 2013-2017 წლებში სვიმონიშვილის ოჯახის კომპანიამ თელავის მუნიციპალიტეტში 8 125,078.37 ლარის ღირებულების 10 ტენდერი და 921,814.95 ლარის ღირებულების 58 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ჩვენ ზურაბ სვიმონიშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. მან ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს ის შპს-ს საქმიანობაში არ მონაწილეობდა.

„უკვე სამი წელია, ტენდერებშ მონაწილეობა აღარ მიმიღია. კომპანია, რაზეც თქვენ მეკითხებით, ჩემი ძმის იყო, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, უკონკურენტოდ არასდროს არ გაუმარჯვია არც ერთ ტენდერში. მის საქმეში არასდროს არ ვერეოდი“, - განაცხადა ზურაბ სვიმონიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაზე განმარტების მიღება გვსურდა თელავის მოქმედი მერისგან. შოთა ნარეკლიშვილი მერიაში არ დაგვხდა, მისმა პრესსამსახურმა კი გვაცნობა, მსგავს თემაზე მერი კომენტარს არ გააკეთებს და თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი წერილობითი ფორმით გამოითხოვოთო. კომენტარი არ გააკეთა არც თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია კი აპირებს, რომ კვლევა გაუგზავნონ პროკურატურას, რათა საქმეებზე მოკვლევა დაიწყოს. თუმცა ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ პროკურატურას მსგავსი ფაქტების შესახებ არაერთხელ უკვე შეატყობინეს, მაგრამ უწყების მხრიდან არც ერთ შემთხვევაზე რეაგირება არ მომხდარა.