კახეთის მუნიციპალიტეტებმა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხის ნახევარიც კი ვერ აითვისეს

სიღნაღი

2018 წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 35 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და, როგორც ირკვევა, ამ თანხიდან მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ 14 მილიონის ათვისება შეძლეს. დანარჩენი 21 მილიონი ლარი გაუხარჯავი დარჩა. ამ პრობლემაზე ღიად არა რომელიმე ოპოზიციური პარტია ან არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ თავად მმართველი გუნდი ალაპარაკდა. პარლამენტში სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შოლაშვილი ამბობს, რომ „ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისების ასეთი დაბალი ტემპი „ქართული ოცნების“ მმართველობის 6-წლიან პერიოდში აქამდე არ ყოფილა“. დეპუტატი ამბობს, რომ „შესაბამისმა ორგანოებმა მომხდარი უნდა გააანალიზონ და პასუხისმგებელი პირები გამოავლინონ“.

Your browser doesn’t support HTML5

კახეთის მუნიციპალიტეტებმა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხის ნახევარიც კი ვერ აითვისეს

ლაგოდეხის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა 2018 წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიში წარადგინა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროდან გამოყოფილი 4 მილიონ 289 ათასი ლარიდან მუნიციპალიტეტმა მხოლოდ მილიონ 600 ათასი დახარჯა.

ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ათვისების პრობლემა რომ დგას, ეს ლაგოდეხის მაგალითზეც გამოჩნდა. რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომაზე ლაგოდეხის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა 2018 წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიში წარადგინა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტროდან გამოყოფილი 4 მილიონ 289 ათასი ლარიდან მუნიციპალიტეტმა მხოლოდ მილიონ 600 ათასი დახარჯა. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი იმედოვნებს, რომ „წლის ბოლომდე დარჩენილი თანხის დიდ ნაწილს აითვისებენ“.

ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი რომ ვერ აითვისეს, მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ევა ლომთაძის, თქმით, არ არის გამორიცხული მომავალ წლებში ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონებს დაფინანსება შეუმციროს.

ლაგოდეხი

ის, რომ კახეთის რეგიონში იფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი გაუხარჯავი დარჩა, მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეებისთვის. მათი აზრით, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცუდად მუშაობს.

მიმდინარე წლის დასრულებამდე 20 დღეზე ნაკლები დრო დარჩა. შესაბამისად, ამ პერიოდში აუთვისებელი თანხების სრულად ათვისება რომ ვეღარ მოესწრება, ამაზე თავად მმართველ გუნდში ლაპარაკობენ. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შოლაშვილის, განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ახლა მუშაობენ იმისთვის, რომ დაუხარჯავი მილიონები გადავიდეს მომავალი წლის ბიუჯეტში და თანხა კვლავ მუნიციპალიტეტებში დარჩე.