5 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს - „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“.
ჯგუფი პარასკევს განცხადებით გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილება, გამოხატა გულისტკივილი და გამოთქვა იმედი, რომ „დადგენილების პროექტი არსებითად იქნება განხილული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ის მოიპოვებს სათანადო მხარდაჭერას. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი გამოხატავს მზაობას გააგრძელოს დისკუსია აღნიშნულ თემაზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით“.
დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი თვლის, რომ „სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება და სასამართლო სისტემაში არსებობს მმართველობითი, მორალური და საკადრო კრიზისი, რომლის დაძლევაც სათანადო შესწავლის და შეფასების გარეშე შეუძლებელია“.
ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს:
„პირველ ეტაპზე უნდა ვაღიაროთ პრობლემა და შემდეგ დავადგინოთ რა მასშტაბებით არის ეს პრობლემა სასამართლოში, ანუ რა დოზით არის დაავადებული ჩვენი სასამართლო სისტემა. ეს არის მიზანი ამ დადგენილების პროექტის".
კახა წიქარიშვილი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესს "ქაჯეთის ციხის" მშენებლობას ადარებს:
„ქართული სამართლებრივი სისტემა დგას რთული არჩევნის წინაშე. მშენებლებში არის ასეთი გამონათქვამი „დააცადე, სანამ გახმება“, როცა ახალი დასხმული ბეტონის გაშრობას ეხება საქმე. ჩვენ ორი ინსტანციის სასამართლოს "ბეტონი" უკვე ჩავასხით. ახლა მესამე ინსტანციის „დასხმას“ იწყებს ხელისუფლება და ამბობს - „დააცადეთ, სანამ გახმება“, რომ მყარი კონსტრუქცია მივიღოთო. მაგრამ, უკაცრავად! რას მივიღებთ ჩვენ ამის შედეგად, როცა „გახმება ეს ბეტონი“? ჩვენ მივიღებთ არა სასამართლოს, არამედ "ქაჯეთის ციხეს"!
ჩვენი მიზანია ხელისუფლებას არ ვაცადოთ ამ ბეტონის ჩასხმა, "მესამე სართულის" აშენება. ვინაიდან ხელისუფლება აშენებს არა დამოუკიდებელ სასამართლოს, არამედ „ქაჯეთის ციხეს“!“.
დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი კვლავაც თვლის, რომ პარლამენტმა დადგენილების პროექტი უნდა მიიღოს:
„რატომ უნდა მიიღოს პარლამენტმა ეს დადგენილება? იმიტომ, რომ: სასამართლოში არის კლანი, ეს კლანი ცუდ გავლენას ახდენს მოსამართლეებზე, ამ კლანს აქვს ძალიან ცუდი „ბექგრაუნდი“ - ეს არის ის კლანი, რომლის მეშვეობითაც ადეიშვილი მართავდა სასამართლო სისტემას. იგივე გამტარი რგოლია, უბრალოდ, ახლა უფრო ავტონომიურად იქცევიან - უფრო ვაჭრობაში შედიან ხელისუფლებასთან. კლანი არ აღიარებს სასამართლოს წარსულს. ეს ოცი კანდიდატიც იმავე პოლიტიკას ადგას. კლანმაა გააანადგურა ნინო გვენეტაძე“.
Your browser doesn’t support HTML5