"თუკი ლევან მურუსიძეს ეს გაუვიდა, შერჩა, მაშინ გამოდის, ის აძლევს გზავნილს მთელ სასამართლო კორპუსს"

კახა წიქარიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე

იურისტი კახა წიქარიშვილი თვლის, რომ „გირგვლიანის საქმეზე“ იმ დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს შეეძლო და ვალდებულიც იყო დაეკმაყოფილებინა დაზარალებულის მოთხოვნა და საქმე აპელაციაში დაებრუნებინა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“„გირგვლიანის საქმეზე“ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი სასამართლო პრაქტიკას დააფუძნა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი განმარტავს:

“ამისთვის ამოვიღეთ მურუსიძის პრაქტიკა და შევადარეთ გირგვლიანის საქმეს მისი 105 გადაწყვეტილება, რომლითაც საქმეები აქვს დაბრუნებული სააპელაციო განხილვაში. მხარის მოთხოვნის გარეშე დაბრუნებულია 28 საქმე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. ამ 28 საქმეში მსჯავრდებულები ითხოვენ გამართლებას.

სასამართლომ თავისი ინიციატივით დააბრუნა ეს საქმეები იმიტომ, რომ მათში არ იყო დადგენილი ფაქტები, არ იყო გამოკვლეული გარკვეული გარემოებები და ა.შ. და ამას გარდა, დააბრუნა 5 საქმე იმიტომ, რომ დარღვეული იყო მხარის უფლებები. ეს 33 საქმე თავისი არსით ჰგავს “გირგვლიანის საქმეს“ და ზუსტად ისევე შეიძლებოდა დაბრუნებულიყო „გირგვლიანის საქმეც“ აპელაციაში, როგორც ეს 33 საქმე დაბრუნდა. ეს არის ჩვენი მტკიცება“.

წლებისწინანდელი საქმე იურისტების და ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. კიდევ ერთხელ იქცა თემად - რა უნდა გაეკეთებინა მურუსიძეს, რომელიც დღესაც აცხადებს, რომ ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მას არ ჰქონდა, გარდა მანტიის გახდისა, რაც მას არ გაუკეთებია.

კახა წიქარიშვილი იწყებს იმით, რა დააშავა „გირგვლიანის საქმეზე“ სახელმწიფომ და ამისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იშველიებს:

„სტრასბურგმა თქვა, რომ სახელმწიფოს კი არ მოუკლავს გირგვლიანი, არამედ სახელმწიფომ არ გამოიძია სათანადოდ, არ განიხილა ჯეროვნად სასამართლოში, არ მიუზღო სათანადო სასჯელი დამნაშავეებს და არ გამოავლინა სხვები, ვინც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში და ვისგანაც, სავარაუდოდ მოდიოდა შეკვეთა. მერე, 2013 წლის შემდეგ გაირკვა კიდეც, რომ შეკვეთა მოდიოდა იმ სუფრიდან...

სტრასბურგმა თქვა ის, რომ ამ საქმეზე არ დადგენილა ჭეშმარიტება სრულად. მაღალი ალბათობით ამ საქმეს სუფრასთან კავშირი ჰქონდა, მტკიცებულებები იძლეოდა ამის ვარაუდის შესაძლებლობას, მაგრამ ეს ვარაუდი არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული, ე.ი. არ გამოვლინდნენ სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში.

შემდეგი - ეს არ არის ჯანმრთელობის დაზიანების საქმე, რა მუხლითაც მიეცნენ პირები პასუხისგებაში. სტრასბურგმა თქვა, რომ არასწორი იყო დანაშაულის კვალიფიკაცია, არ დაიკითხა ის ხალხი, ვისაც შეიძლებოდა დანაშაულთან კავშირი ჰქონოდა. არის რაღაც კატეგორიის ხალხი, ვინც პარალელურად ამ დროს ურეკავდა სუფრის წევრებს და ურეკავდნენ დამნაშავეებს. დანაშაულის მიმდინარეობის დროს კოორდინაციაში იყვნენ სუფრასთან და კოორდინაციაში იყვნენ მსჯავრდებულებთან და ეს ხალხი არც გამოავლინეს და არც დაკითხეს. დაზარალებულები ამას ითხოვდნენ. ეს არის ზოგადი არსი, რაც სახელმწიფომ ჩაიდინა“.

კახა წიქარიშვილი იხსენებს აგრეთვე დაზარალებულის დამცველის მიერ მოთხოვნილ 14 მტკიცებულების არაერთგზის მოთხოვნას, რაც მას არავინ დაუკმაყოფილა. რაც შეეხება ლევან მურუსიძის მონაწილეობას:

„მურუსიძე ამ საქმეს იხილავს კასაციით. კასაციის არსი რა არის? რისთვის გვქონდა მაშინ კასაცია? (ახლა ცოტა შეიცვალა, ახლა უფრო შეჯიბრებითი პროცესი გვაქვს, მაშინ გვქონდა ინკვიზიციური და მაშინ კიდევ უფრო ფართო უფლებები ჰქონდა კასაციას).

კასაციის არსი იყო ის, რომ საქმეზე უზრუნველყოფილი ყოფილიყო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

კასაციაში მივიდვართ იმისთვის, რომ ვიპოვნოთ სამართალი, დავიცვათ ჩვენი უფლებები და დავიცვათ პროცედურები. არც ერთი ფუნქცია არ შეასრულა მურუსიძემ! არც სიმართლე დაადგინა, არც დაზარალებულის უფლებები დაიცვა, რომელიც ფანტასტიკურად იყო დარღვეული ამ საქმეზე და არც პროცედურების დაცვა უზრუნველყო.

მურუსიძე რით იმართლებს თავს? ვინაიდან დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ეს აპელაციაში, მე საუარესოდ ვეღარ ვაბრუნებ, რაც ნიშნავს ბრალდებულებისთვის პასუხისმგებლობის დამძიმებას. უკაცრავად, მაგრამ საუარესოდ შებრუნებას არც ითხოვს დაზარალებული, თუ შევხედავთ მთლიანობაში მის საჩივარს. დაზარალებული ითხოვს სიმართლეს. ითხოვს საქმის მასალების გაცნობას.

მე რომ დაზარალებული ვარ და აპელაციაში მივიღე მონაწილეობა, შუამდგომლობები ხომ დავაყენე, კამათში მივიღე მონაწილეობა, ვაქტიურობდი და ა.შ. და შემდეგ ჩემი უფლებები დაარღვია აპელაციამ. კასაციაში რომ მივიდვარ, ვამბობ - აპელაციამ დამჩაგრა, ხალხნო! გადამიარა ფეხებით! მტკიცებულება არ მომცა, შუამდგომლობა არ დამიკმაყოფილა და საქმის მასალები არ გამაცნო. დამიბრუნეთ საქმე აპელაციაში, რომ თავიდან წარიმართოს პროცესი.

აი, აქ იყო მურუსიძის მთავარი ფუნქცია! მას უნდა ეთქვა - არ მაინტერესებს პირველ ინსტანციაში რა ხდებოდა. აპელაციაში ეს კაცი დაჩაგრეს და ამიტომ უნდა დაბრუნდეს აპელაციაში ეს საქმე!“.

აქ კახა წიქარიშვილი უბრუნდება ლევან მურუსიძის იმდროინდელ სხვაგარ პრაქტიკას:

„აღმოჩნდა, რომ იმ 28 საქმეს სასამართლო უყურებდა ფართოდ გახელილი თვალებით. აინტერესებდა ჭეშმარიტების დადგენა და რას აკეთებდა იცით? აძლევდა მითითებებს. ამბობდა - ეს მტკიცებულება ამოიღეთ, ეს ადამიანი დაკითხეთ, ეს ტელეფონის ჩანაწერი ამოიღეთ, ეს ექსპერტიზა ჩაატარეთ. ზუსტად იგივე მითითებები უნდა მიეცა მურუსიძეს გირგვლიანის საქმეზე და ეთქვა: ამოიღეთ ეს ჩანაწერი, ვიდეომასალა, დაკითხეთ ეს ადამიანები, გამოიძახეთ ეს მოწმეები. ეს ყველაფერი საჭიროა ჭეშმარიტების დადგენისთვის“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადგენს:

„საბოლოო ჯამში საკასაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა ყველა იმ დარღვევაზე, რაც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „გირგვლიანის საქმეზე“. ამ დარღვევების ნაწილი ექვემდებარებოდა გამოსწორებას საქმის ხელახალ განხილვაში დაბრუნების და სავალდებულო მითითებების მიცემის გზით, ხოლო ნაწილი კი სხვაგვარ სამართლებრივ რეაგირებას კერძო განჩინების მიღების მეშვეობით“.

ნაშრომში მოცემულია სამი შესაძლო განჩინების ტექსტი. ამასთან, „დილის საუბრების“ სტუმარი საუბრის დასასრულს აღნიშნავს:

„სასამართლო რეფორმის კონტექსტში ეს საქმე არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და რატომ? თუკი ლევან მურუსიძეს ეს გაუვიდა, შერჩა, მაშინ გამოდის, ის აძლევს გზავნილს მთელ სასამართლო კორპუსს - რაც გინდათ, დაწერეთ, რა დავალებაც გინდა შეასრულეთ და ხელისუფლება რამდენჯერაც უნდა შეიცვალოს, ყოველთვის ყველაფერი გეპატიებათ. არა მხოლოდ სამართლებრივად, მორალურადაც გეპატიებათ, პროფესიულადაც“.

ანალიტიკური ნაშრომის პრეზენტაციაზე, რომელიც 27 ივლისს გაიმართა, ლევან მურუსიძე მიწვევის მიუხედავად, არ მისულა.

კახა წიქარიშვილი კიდევ გეგმავს საკითხზე დისკუსიის ორგანიზებას, კვლავაც ელოდება დისკუსიის შესაძლებლობას და ლევან მურუსიძეს მიმართავს:

„ქოთანს ზოგ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ერთი ყური ჰქონდეს და მეორე ყურზე მოდი, ვიდაოთ...“.

Your browser doesn’t support HTML5

კახა წიქარიშვილი "გირგვლიანის საქმეზე" ლევან მურუსიძის გადაწყვეტილების შესახებ