კახა კალაძე სტრასბურგიდან: ევროპარლამენტარებს ვთავაზობთ უგულავას საქმის შესწავლას

„ქართული ოცნება“ სთავაზობს ევროპარლამენტარებს, რომ სპეციალურმა მისიამ შეისწავლოს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმე, რის გამოც ის 10 თებერვალს დააპატიმრეს.

როგორც "ქართული ოცნების" გენერალური მდივანის, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტარების დელეგაციას საშუალება ექნება შეისწავლოს საქმის როგორც შინაარსობრივი, ასევე პროცედურული მხარე.

„როგორც პრესას განვუცხადეთ, გიგი უგულავას საქმეზე ძირითადი პოლიტიკური ოჯახების წარმომადგენელი ევროპარლამენტარების ინფორმირების გარდა, ჩვენ (მათ) შევთავაზეთ საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც შეისწავლის (გიგი უგულავას) სისხლის სამართლის საქმის შინაარსობრივ/პროცედურულ მხარეს, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, - წერს კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის ეს განცხადება ტვიტერზე გამოქვეყნდა 12 თებერვალს, როდესაც ის სტრასბურგში შეხვედრებს მართავდა ევროპარლამენტარებთან. მასთან ერთად სტრასბურგში იმყოფება ასევე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. ზუსტად იმავე შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკში ირაკლი კობახიძემაც გამოაქვეყნა.

მანამდე, კახა კალაძე აცხადებდა, რომ ევროპარლამენტარებს სტრასბურგში მიაწოდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის - გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით და აუხსნეს, რომ ამ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, შეეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას და ამის მყარი მტკიცებულებებიც არსებობს.

კობახიძე განმარტავდა, რომ საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ისმება არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ და ერთადერთი შეკითხვა ეხება დროს, არჩევნებთან კავშირს და შესაბამისად, პოლიტიკურ აქტუალობას.

ბოლო დღეებში არაერთმა ევროპარლამენტარმა გამოხატა შეშფოთება გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტისა და თანმდევი პროცესების გამო. ფაქტს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო სამსახურიც.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. "ქართული ოცნება" ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.