კაცი შავჩარჩოიანი სათვალით - ბავშვთა პორნოგრაფიის ავტორი?

მეორე დღეა საქართველო ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეს ადევნებს თვალს, რომელშიც მშობლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ბრალდებულნი.

14 წლის გოგო, რომელსაც აშშ-ის მოქალაქე, სავარაუდოდ, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდა და შემდეგ ინტერნეტქსელში ავრცელებდა, 20 სექტემბერს სკოლაში არ მისულა.

გოგოს დედა ორი დღის წინ პოლიციამ არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით, საკუთარი სახლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა.

14 წლის მოზარდის დედასთან ერთად, ამავე ბრალდებით დააკავეს რამდენიმე არასრულწლოვნის მშობლები და ნათესავები. ჯამში 10 პირი. გამოძიების თანახმად, ისინი საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდ დაკავებულს 19 სექტემბერს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამი კვირით ადრე მიესაჯა წინასწარი პატიმრობა აშშ-ის ერთ და საქართველოს ორ მოქალაქეს.

3000 ლარებს უხდიდნენო. თუ უხდიდნენ, შვილო, აჰა, მოხედე აქა, არის აქ რამე ისეთი? შედით, სახლი გადაიღეთ.


დედის დაკავების შემდეგ, 14 წლის მოზარდი ნათესავებმა წაიყვანეს. სოფელში, სადაც მოზარდი ცხოვრობს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ბავშვის ბებია და ბიძა გაესაუბრნენ.. გოგოს ბებია ირწმუნება, რომ მისმა რძალმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მოზარდს პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდნენ:

„ჩემი რძალი რომ წაიყვანეს, ბავშვმა ტირილი დაიწყო, დედას პოლიციაში რა უნდაო. მოხუცი ვარ. მე ვინ რას მეკითხება. ცუდ სურათს თუ უღებდნენ, დედას ხომ ეცოდინებოდა? რომელი დედა იქნება ისეთი ჭკუაარეული, რომ თავის შვილს შეუწყოს ხელი ასეთი ფოტოების გადაღებაში? თქვენგან ვიცი, რომ 3000 ლარებს უხდიდნენო. თუ უხდიდნენ, შვილო, აჰა, მოხედე აქა, არის აქ რამე ისეთი? შედით, სახლი გადაიღეთ. ჩვენი ალალი შრომითა ვცხოვრობთ, ჩემი კაპიკებით მიშენებია სახლი და კარი. 71 წლის ქალმა რა გავაკეთო. ალბათ ატყუებდნენ თორე, ხომ ვამბობ, რომელი დედა და მშობელი დათანხმდება ამას. რომელი მოუწადინებდა თავის შვილს, რომ ეგეთი რამეები გაეკეთებინა. ატყუებდნენ ალბათ. დანარჩენი არაფერი არ ვიცი. ხო ცოდოა ახლა ის ჩემი რძალიცა, ახლა ციხეში რომ არის გამოკეტილი, ვიღაც ოხრების გულისთვის?”

პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდნენ 14 წლის მოზარდის თანასკოლელს, მესამე კლასელ გოგონასაც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია მისი ორივე მშობელი.

20 სექტემბერს, 8 წლის გოგო გაკვეთილებს ჩვეულებისამებრ დაესწრო. სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ ბავშვს ხასიათის ცვლილებას ვერ ამჩნევენ, თამაშობს მეგობრებთან, თუმცა, პედაგოგები გეგმავენ, რომ ფსიქოლოგთან გაატარონ კონსულტაცია.

როგორ აღმოჩნდნენ ინგლისური ენის პედაგოგის ობიექტივში სკოლის მოსწავლეები?

სკოლის დირექტორის თქმით, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს, მათ სკოლაში დაახლოებით რვა წლის წინ, პროგრამის „ასწავლე და ისწავლეს“ ფარგლებში მივიდა და სკოლაში ცხრა თვის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურ ენას. ის სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის ოჯახში ცხოვრობდა და მისთვის არასდროს შეუმჩნევიათ საეჭვო ქცევა. სკოლის დირექტორის თქმით, პედაგოგი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხშირად უღებდა ფოტოებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, პედაგოგი საქართველოდან წავიდა და მას შემდეგ, წლებია აღარ უნახავთ. ორი წლის წინ ის კვლავ გამოჩნდა სკოლაში:

„სწორედ ორი წლის წინ დაამთავრეს სკოლა მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის ბოლო ზარზე დაპატიჟა იმ კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელსაც წლების წინ ასწავლიდა. გოგონა ბოლო კლასებში თბილისში გადავიდა სასწავლებლად, ყოფილმა კლასელებმა კი ბოლო ზარზე დაპატიჟეს. როდესაც გოგონა ბოლო ზარზე მოვიდა, მას მოჰყვა ეს პირიც. ბოლო ზარი და ბანკეტი გადაიღო და ბავშვებს უფასოდ აჩუქა დისკები. სწორედ მაშინ ვნახეთ ჩვენს სოფელში ბოლოს“.

ინგლისური ენის პედაგოგთან ერთად, 29 აგვისტოს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ამავე სოფლის კიდევ ერთ მკვიდრს. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ინგლისური ენის პედაგოგი სწორედ მისგან ქირაობდა თბილისში ბინას. ამავე წყაროს ცნობით, სწორედ დაკავებულ ქალს უნდა ჩაერთო პორნოგრაფიულ ქსელში კიდევ ერთი არასრულწლოვანი- საკუთარი ძმისშვილი.

რადიო თავისუფლების წყაროს სავარაუდოდ ხელი ირიბად მიუწვდებოდა საგამოძიებო დეტალებზე. მის ვერსიას, რომ ერთი ოჯახიდან სამი ადამიანია დაკავებული შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს.

ქალთან ერთად გამოძიებამ დააკავა მისი ძმა და რძალიც. რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ ოჯახი დანაშაულებრივ ქსელში დაახლოებით ორი წლის წინ ჩაერთო. უკანასკნელ პერიოდში კი მათი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. წყაროს თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბოლო პერიოდში, მოზარდები უარს ამბობდნენ გადაღებებში მონაწილეობაზე, თუმცა, ისინი იძულებით მიჰყავდათ ფოტოსესიებზე.

კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებას ედავება

აშშ-ის მოქალაქისა და საქართველოს ცხრა მოქალაქის გარდა, გამოძიებამ პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღების ბრალდებით თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, 18 სექტემბერს დააკავა ავსტრალიის მოქალაქე, 60 წლის მამაკაცი. გამოძიებამ მისი ბინიდან ამოიღო პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალა და ამ ნაწარმის დასამზადებლად საჭირო აქსესუარები.

ავსტრალიის მოქალაქის საქმე გამოძიებამ აშშ-ის მოქალაქისა და მშობლების საქმისგან ცალკე გამოყო.

ბრალდებული პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ახალაშენებულ უბანში, დაახლოებით წელიწადნახევარია ცხოვრობს. უბნის “მომსახურების სამსახურის” თანამშრომლებს ის კარგად ახსოვთ:

„ხშირად სეირნობდა ეზოში. ადგილობრივ კაფეშიც იჯდა ხოლმე. სისტემატურად იხდიდა მომსახურების გადასახადს. დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, მაღალი კაცია, ჭაღარა თმით. შავჩარჩოიან სათვალეს ატარებს. მეზობლებს არასდროს დაუჩივლიათ, რომ მისი სახლიდან ან ხმაური გამოდიოდა ან რაიმე საეჭვო საქციელს ამჩნევდნენ“.

20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, რომელიც 2019 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა, დადგინდა, რომ ავსტრალიის მოქალაქე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიულ მასალას ამზადებდა და ასაღებდა, აგრეთვე ეწეოდა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს.

მარიამ გოგორელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ ფოტოებზე, რომლებიც გამოძიებამ ბინის ჩხრეკისას ამოიღო, აღბეჭდილნი არიან არასრულწლოვნები, რომლებსაც გენიტალიები უჩანთ.

იყვნენ თუ არა ერთ ქსელში ჩამბულნი აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები?

პროკურორის თქმით, პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები ერთმანეთს იცნობენ, თუმცა, ამ ეტაპზე, არ არის დადგენილი, ჩართულნი იყვნენ თუ არა ისინი საერთო სქემაში და მუშაობდნენ თუ არა ერთმანეთთან შეთანხმებით. მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით კვლავ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაშია დამზადებული:

„რეალიზაცია ხდებოდა უცხოეთში. ამერიკის მოქალაქის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები, რომელსაც შემდეგ ის საქმეში ჩაბმულ პირებს, არასრულწოვნების მშობლებს ურიცხავდა. რაც შეეხება ავსტრალიის მოქალაქეს, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ის გარკვეულ თანხას არასრულწლოვნებსაც უხდიდა“.

დაკავებული მშობლები ბრალდებას უარყოფენ

არასრულწლოვანთა მშობლები, რომლებიც გამოძიებამ საკუთარი შვილების პორნოგრაფიულ საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით დააკავა, ბრალდებას უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ მათთვის ფოტოსესიის შინაარსი უცნობი იყო.

დაკავებული მშობლების ერთ-ერთი ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ფოტოსესია ჩატარდა. მშობლები კი მხოლოდ პირველ გადაღებას დაესწრნენ: „ეს ის შემთხვევაა, რომ ეს ადამიანები არ აცნობიერებდნენ, რომ სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო ფოტოები. უღებდნენ ფოტოებს, რომელიც ბავშვსაც მოჰქონდა და იმაში არაფერი იყო ისეთი, მშობელს რომ ეჭვი გასჩენოდა“.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე. მარიამ გოგორელიანის თქმით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მშობლებმა ნამდვილად იცოდნენ თუ რა ტიპის ფოტოსესიებთან ჰქონდათ საქმე:

„სახლში ისეთი აქსესუარები და ნივთები ინახებოდა, რომ ნებისმიერ გონიერ ადამიანს, რომელსაც მინიმალურ დონეზე მაინც შეუძლია აზროვნება, მიხვდებოდა, რა შინაარსის ფოტო-მასალები შეიძლებოდა გადაღებულიყო იმ სივრცეებში“.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოში“ - როგორ მოხვდა ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებაში ბრალდებული სკოლაში?

მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები საკუთარ ქვეყნებში ანალოგიური დანაშაულისათვის არიან ნასამართლევნი. თუმცა, ოფიციალური განაჩენი და სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია გამოძიებას ამ ეტაპზე არ გააჩნია:

„როგორც ჩვენ ვიცით, ის სასჯელი, რომელიც მათ ჰქონდათ მისჯილი, მოიხადეს. თუმცა, კონკრეტულად რომელი მუხლით ჰქონდათ განსაზღვრული სასჯელი, როდის და რა რაოდენობის სასჯელი, ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს“.

იყო თუ არა ამერიკელი პედაგოგი უკვე ნასამართლევი, როდესაც ის რვა წლის წინ, საქართველოში ჩამოვიდა, ამის შესახებ ინფორმაციას არც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფლობენ.

უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ამჟამად, პროგრამის არცერთი პედაგოგი დაკავებული არ არის. მათივე თქმით, 2013 წლიდან გამკაცრებულია პროგრამაში მონაწილეთა მსურველთა კრიტერიუმები და მათ შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოწმდება:

„თუკი თავდაპირველად, ყოველწლიურად საქართველოში 700-მდე პედაგოგი შემოდიოდა, კრიტერიუმების გამკაცრების შემდეგ, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ახლა წელიწადში მხოლოდ 50-60 პედაგოგი შემოდის. როგორც ჩვენ ვიცით, ეს ადამიანი საქართველოში შემოსული იყო სწორედ იმ პერიოდში, როდესაც პროგრამა ჯერ კიდევ ქაოტურად მიმდინარეობდა“.

შეძლებს თუ არა სისტემა მოზარდების რეაბილიტაციას?

შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. თუმცა, ჯერჯერობით, მსგავს ღონისძიებებში ყველა მოზარდი არ არის ჩართული.

ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულის შედეგად მიღებული ფსიქო-ემოციური ზიანის დროულად აღმოფხვრა უკიდურესად მნიშვნელოვანია:

„ამ წუთას, სოციალური სამსახური სამართალდამცავებთან ერთად ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ ბავშვებს რამენაირად შეუმსუბუქდეს მიღებული ტრავმა. მათთვის დამატებითი სტრესია ისიც, რომ შესაძლოა, დამნაშავეები იყვნენ მათი მშობლებიც. ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაულით მიღებული ტრავმა, ეს არის ბევრად მეტი. ამ ბავშვებს აქვთ მიჯაჭვულობა მშობლებთან იმის მიუხედავად, მათ დანაშაული ჩაიდინეს თუ არა. ახლა უკვე სახელმწიფოს ვალია იზრუნოს ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამას სათანადო ყურადღებას დაუთმობს“.

გამოძიება გრძელდება

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, არ არის გამორიცხული,რომ უახლოეს მომავალში სხვა პირების მიმართაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

რაც შეეხება 11 დაკავებულ პირს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომდევნო სასამართლო პროცესები 21 ოქტომბერსა და 13 ნოემბერსაა დანიშნული.