საპროტესტო ტალღა სტუდენტების აქციით დაიწყო. ისინი მოითხოვდნენ პასუხისმგებლობას ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. შემდეგ ის უფრო ფართო მოძრაობად გადაიქცა, რომელიც, როგორც მომიტინგეები ამბობენ, ვუჩიჩის დროს კანონის უზენაესობის გაუარესებასა და სისტემურ კორუფციას აპროტესტებს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში საპროტესტო აქციების ჩასატარებლად 200-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში.
„ეს არის არა მხოლოდ ხელისუფლების ყველაზე სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, არამედ ღრმა სოციალური კრიზისიც. სტუდენტები ხელისუფლების შეცვლას კი არ ცდილობენ, არამედ სისტემის გამოსწორებას“, - განუცხადა რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურს პოლიტოლოგმა ბოსკო ჯაკშიჩმა.
ერთთვიანი გაფიცვა
საპროტესტო აქციებმა იმრავლა და მას სხვადასხვა სოციალური ჯგუფი შეუერთდა - თითოეულს თავისი საჩივარი აქვს.
უნივერსიტეტის მასწავლებლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სტუდენტებს, მაგრამ ისინი ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ აკადემიური თავისუფლების შემცირების გამო. ფერმერები სტუდენტებს ტრაქტორებით დაეხმარნენ გზების ბლოკირებაში, მაგრამ ისინი ასევე ითხოვენ სოფლის მეურნეობის პირობების გაუმჯობესებას და სუბსიდიების გაზრდას.
ცალკე საპროტესტო აქციები გამართეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკებმა, პენსიონერებმა, ტაქსის მძღოლებმა და კიდევ სხვებმა.
აქციებში მონაწილეობა მიიღეს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. სასამართლო სისტემას სერბეთში ხშირად არასაკმარისი დამოუკიდებლობის გამო აკრიტიკებენ. ბელგრადის უმაღლესი სასამართლოს ჩვიდმეტმა მოსამართლემ საჯაროდ დაუჭირა მხარი სტუდენტების მოთხოვნებს უპრეცედენტო ღია წერილით. მხარდაჭერა გამოხატეს მოსამართლეებმა ქალაქ ნისიდან და კრაგუევაციდანაც.
აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად ერთთვიანი გაფიცვა გამოაცხადეს სერბეთის ადვოკატთა ასოციაციის იურისტებმაც, რამაც სასამართლო პროცესები ძალიან შეანელა.
ასევე ნახეთ სერბეთი და საქართველო - ვადარებთ ორ პროტესტს, მიზნებს, საშუალებებს, შედეგებსედვარდ პ. ჯოზეფმა, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ლექტორმა, CNN-ს უთხრა - აქამდე მოსამართლეები „ასე საჯაროდ პოზიციის გამოხატვას ვერ გაბედავდნენ“ და ჩანს, რომ შიშის ფაქტორი გაქრაო.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ზოგიერთი მცხოვრები უკმაყოფილებას გამოთქვამს აქციების გამო, რომელიც მოძრაობას აფერხებს, ბელგრადში დაფუძნებული „კვლევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სერბების 61 პროცენტი მაინც მხარს უჭერს ბლოკადებსა და პროტესტს.
"მოგვბეზრდა კორუფცია"
დემონსტრაციებმა გამოავლინა ვუჩიჩის ხელისუფლების სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობა ძირითადად ცერემონიული თანამდებობაა, ვუჩიჩი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს, როგორც მმართველი კონსერვატიული და ნაციონალისტური „სერბული პროგრესული პარტიის“ (SNS) ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ მან ოფიციალურად თანამდებობა 2023 წელს დატოვა, დღესაც მიიჩნევა, რომ მთავარ გადაწყვეტილებებს პარტიაში ის იღებს.
სერბეთის პოლიტიკის დამკვირვებლები ამბობენ, რომ ვუჩიჩმა, რომლის ადმინისტრაციაც ძირითადად ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან კავშირების გაღრმავებით იყო დაკავებული, ვერ გათვალა პროფესიონალური კლასის წინააღმდეგობის ალბათობა, რომელსაც ყელში ამოუვიდა კორუფცია და კლიენტელიზმი.
„ახლა ვუჩიჩი მიდის დათმობებზე ისეთ სფეროებშიც კი, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ არ დანებდებოდა. მისი აურა, როგორც შეუმცდარი ლიდერისა და ქვეყნის მთავარი ავტორიტეტისა, ქრება“, - თქვა ნიკოლა ბურაზერმა, ბელგრადში დაფუძნებული „თანამედროვე პოლიტიკის ცენტრის“ წარმომადგენელმა.
მაგალითად, ვუჩიჩმა თავდაპირველად უარყო სტუდენტების მოთხოვნა ნოვი სადის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციის დოკუმენტაციის გაცემის შესახებ. თუმცა მოგვიანებით მან მთავრობასა და პროკურატურას საბუთების გასაჯაროება დაავალა.
და, რაც მთავარია, ჩნდება ნიშნები, რომ ვუჩიჩი მხარდაჭერას კარგავს მის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენში: მედიაში.
აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად ერთთვიანი გაფიცვა გამოაცხადეს სერბეთის ადვოკატთა ასოციაციის იურისტებმაც, რამაც სასამართლო პროცესები ძალიან შეანელა.
სამი თვის წინ, როდესაც პროტესტი დაიწყო, სერბეთის რადიო ტელევიზია (RTS), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძირითადად უგულებელყოფდა საპროტესტო აქციებს.
ეს შეიცვალა გასულ შაბათ-კვირას, როდესაც RTS-მა - რომელიც ასევე იყო დემონსტრანტების სამიზნეც - თავისი მთავარი სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამა ნოვი სადში საპროტესტო აქციებით გახსნა. მაუწყებელმა გაუშვა დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანდა, როგორ ბლოკავდა ათიათასობით მომიტინგე მდინარე დუნაის სამ ხიდს, რამაც ქალაქის პარალიზება გამოიწვია.
სერბეთის ავტონომიური პროვინციის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს საკუთარი არხის მიერ პროტესტის გაშუქების წინააღმდეგ, შენობიდან გამოვიდნენ და ახალი ამბების ალტერნატიული კითხვა მოაწყვეს.
ეს ცვლილება, ბურაზერის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ მაუწყებელმა „რეაგირება მოახდინა სტუდენტებისა და ფართო საზოგადოების ზეწოლაზე და, შესაძლოა, საზოგადოებაში განწყობის ცვლილებაზე“.
მილოშევიჩის მინისტრი
მედია ყოველთვის იყო ვუჩიჩის ძალაუფლების საფუძველი. 1998 წელს ვუჩიჩი გახდა მილოშევიჩის ინფორმაციის მინისტრი. მილოშევიჩი 2006 წელს გარდაიცვალა, როდესაც მის წინააღმდეგ ჰააგაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ომის დანაშაულების გამო.
მისი ინფორმაციის მინისტრობის დროს - ეს პერიოდი მოიცავდა ომს კოსოვოში და ნატოს ინტერვენციას კონფლიქტში - ვუჩიჩმა მკაცრი ჯარიმები დაუწესა ურჩ მედიასაშუალებებს და აკრძალა რამდენიმე ყოველდღიური გაზეთი.
ასევე ნახეთ მემარჯვენე სერბი მოელის, რომ „კოსოვოში კონფლიქტის“ შემთხვევაში „ვაგნერთან“ კავშირები დაეხმარებამედიის საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ ვუჩიჩის დროს მედიის ვითარება გაუარესდა. მთავრობა აკონტროლებს ყველა კერძო სატელევიზიო ქსელს, რომელიც მთელ სერბეთში მაუწყებლობს, მათ შორისაა TV Pink და TV Happy, სადაც რეალითი შოუებს პროსამთავრობო ამბები ცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საპროტესტო აქციები დიდი გამოწვევაა, ვუჩიჩი უკან დახევის ნიშნებს არ აჩვენებს. პრეზიდენტი, მოკავშირეებთან ერთად, კვლავ ფლობს პარლამენტში უმრავლესობას. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები შეზღუდულია, რეალური ძალაუფლება კვლავ მყარად მის ხელშია, რადგან ვუჩიჩს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სახელმწიფოს უმეტეს ინსტრუმენტებზე.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ მიიღებს ოპოზიციის მოთხოვნას გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ და 29 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ SNS-ს აქვს 10 დღე, რათა გადაწყვიტოს - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს თუ უმრავლესობის მთავრობის ფორმირებას დაიწყებს.
ვუჩიჩი კვლავაც დარწმუნებულია, რომ ისევე, როგორც წინა არჩევნებში, კვლავაც შეძლებს თავის პარტიას გამარჯვება მოუტანოს. მან გამოაცხადა, რომ ქმნის ახალ მოძრაობას, რომელიც, მისი თქმით, „ხალხს შეკრებს“ გარკვეული იდეების გარშემო, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია.