კარანტინის 49-ე დღე - ნინის ბოლო წერილი უჰანიდან

ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.

23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა მოსახლეობას ურჩევს სახლებიდან არ გამოვიდნენ.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი.

ნინი დავლიანიძე

12 მარტი, 2020

25 დღის შემდეგ დღეს პირველად გავედი გარეთ და ხალხთან კომუნიკაცია, თუნდაც უბრალოდ „გამარჯობის“ თქმა, იმდენად სასიამოვნო იყო, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრას არასოდეს ვინატრებ :D

უჰანში სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა, დღეს მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე დაიკეტა სპეციალურად კორონავირუსისთვის გახსნილი საავადმყოფოები, რაც იმედს გვაძლევს, რომ ერთ თვეში შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

სამწუხაროდ, ჩინეთისგან განსხვავებით, მთელ დანარჩენ მსოფლიოში უარესდება სიტუაცია და ვერაფრით ვხვდები, რანაირად ვახერხებთ ვიყოთ ასეთი უგუნურები, რომ ჩინეთის სახით ამხელა მაგალითი გვქონდეს წინ და მაინც ამ შედეგებამდე მივდიოდეთ.

ის, რომ ეს ვირუსი სხვა ვირუსებთან შედარებით ბევრად სუსტია და ლეტალური შედეგი ნაკლებად მოჰყვება, არ გვაძლევს უფლებას, რომ საერთოდ უგულებელვყოთ მისი არსებობა, რადგან ამ ვირუსს სხვებთან შედარებით სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

ზოგჯერ ვნანობ, რომ ვამბობდი პანიკის საფუძველი არ არსებობს-მეთქი, იქვე რომ არ განვმარტავდი, რა განსხვავებაა პანიკასა და უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით და ორგანიზებულად შესრულებას შორის. მესმის, რომ არ გეშინიათ, არც უნდა გეშინოდეთ, არაფერია აქ საშიში, უბრალოდ, ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, ცოტა მეტად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ცოტა ნაკლები ხინკალი ჭამეთ ჯგუფურად, ცოტა ნაკლები დალიეთ, რომ სიყვარულის ბუშტი არ გაგისკდეთ და ერთმანეთის კოცნა არ მოგინდეთ. ძალიან ბევრი სამსახური დისტანციურ მუშაობაზე გადადის და ნუ ჩათვლით, რომ სამსახურიდან გამოთავისუფლებული დრო მუშთაიდის ბაღში სასეირნოდ უნდა გამოიყენოთ ან ნათესავების მოსანახულებლად.

ჩემზე მეტად არავინ იცის, როგორი რთულია ასე გამოკეტილად ჯდომა, მაგრამ „14 დღეს ვერ გავუძლებ გავგიჟდები“-ს ვინც ამბობს და გარეთ გადის, უბრალოდ, უპასუხისმგებლო ადამიანია და მე მას ვერასოდეს გავუგებ. იმისიც მესმის, რომ ყველას ვერ მოსთხოვ ყველა უყვარდეს და ყველას მოუფრთხილდეს, მაგრამ საკუთარ ოჯახებს, საკუთარ მეგობრებს მოუფრთხილდით, რომ ისინი არ დააინფიციროთ თქვენდა უნებურად, ისინი კიდევ თავისიანებს მოუფრთხილდებიან და იქნება ის არ დაგვემართოს, რაც იტალიას დაემართა.

მართლა არაა ახლა ქეიფების დრო, დამიჯერეთ, ვიცი, გამოვიარე. მერე რა, რომ თქვენ არ გიმოგზაურიათ, აი, ის ტიპი დაბრუნდა გუშინწინ მოგზაურობიდან ახლა "ბასიანზე" რომ გეცეკვება და თვითონაც არ იცის, რომ შესაძლოა ვირუსს ატარებდეს. სიფრთხილე გმართებთ ყველას, განურჩევლად მოგზაურობის ისტორიისა.

ძალიან განვიცდი ყველას ამბავს, ვინც ამ 2 კვირით სახლში ჩაჯდომის გამო ბანკის ვალზე ნერვიულობს, და ზუსტად იმიტომ, რომ ეს 2 კვირა ჩემსავით 2 თვედ არ გადაგექცეთ, უბრალოდ, დაემორჩილეთ მითითებებს.

ბოდიში, თუ ცოტა დამოძღვრასავით გამომივიდა.

ეს ჩემი ბოლო წერილია, თავს აღარ შეგაწყენთ.

მადლობა, ვისაც გიყვარდით და მგულშემატკივრობდით და ბოდიში, ვისაც ნერვებს გიშლიდით, ახლა თქვენს დღიურებს ველოდები, იმედია დიდხანს არ მოგიწევთ მათი წერა და ბევრად მხიარული და საინტერესო იქნება ვიდრე ჩემი იყო.

მიყვარხართ <3

კარანტინის 43-ე დღე / კარანტინის 36-ე დღე / კარანტინის 32-ე დღე / კარანტინის 25-ე დღე / კარანტინის მე-19 დღე / კარანტინის მე-13 დღე / კარანტინის მე-12 დღე / კარანტინის მე-11 დღე / კარანტინის მე-10 დღე / კარანტინის მე-9 დღე / კარანტინის მე-8 დღე / ნინი დავლიანიძე უჰანში