კარანტინი რუსთავში - ველომომხმარებლები, შინ დარჩენილები და რიგები სუპერმარკეტებთან

რუსთავი

მიხეილ ჯანელიძეს რუსთავის მარცხენა სანაპიროზე,ბალანჩივაძის ქუჩაზე,პატარა მაღაზია აქვს, სოფლის ნობათითა და სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობს. პარალელურად ტელეოპერატორიცაა. ჰყავს მანქანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მკაცრი კარანტინი დაწესდა და სპეციალური საშვის გარეშე მანქანით გადაადგილება აიკრძალა,ველოსიპედით დადის და საკუთარმაღაზიასაც მისი გამოყენებით ამარაგებს.

კილომეტრები ველოსიპედით ან ფეხით

„მთელი ქალაქი გაჩერებულია. ვისაც საშვი აქვს, ავტომობილით მოძრაობს, ვისაც არ გვაქვს, ველოსიპედებით გადავაადგილდებით ან ფეხით დავდივართ. ჩემსზურგჩანთაში 27-30 კილო პროდუქტი ეტევა. არ მიჭირს ჯერჯერობით, კარგ კონდიციაში ვარ. ველოსიპედსაც კარგად ვატარებ. უბნის მოსახლეობას რომ პროდუქტი არ მოვაკლო, შეიძლება დღეს კიდევ ერთი რეისის გაკეთება მომიწიოს, არც მაგაზე დავიხევ უკან. თუ დამჭირდა, ორჯერაც გავალ, მთავარია 8 საათამდე მოვასწრო“, - გვითხრა გიორგი ჯანელიძემ, ვისაც ქალაქის გამყოფი ხიდიდან ველოსიპედით დავემგზავრეთ.

გიორგი ჯანელიძე

მისი თქმით, „ამოჩემებულ“ სუპერმარკეტში დიდი არჩევანია, ფასებიც - მისაღები: „მაგალითად, ნიორი 27 ლარი ღირს. სხვაგანაც იგივე ფასებია, მაგრამ მწვანილეულია გაძვირებული. გზების ჩაკეტვამდე მწვანილს აქვე, სოფელ აღთაკლიაში ვყიდულობდი. ერთ კილოგრამში ლარს ვიხდიდი, სუპემარკეტში კი, საიდანაც ახლა პროდუქტები მომაქვს, მისი ფასი 7 ლარია. იმავე ფასში გავყიდი, კლიენტი რომ უკმაყოფილო არ დარჩეს“.

რუსთავში საკვები პროდუქტების მაღაზიები საღამოს 8 საათზე იკეთება. სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა კომენდანტის საათამდე სახლში მისვლა უნდა მოასწრონ. რუსთაველის ქუჩის 31 ნომერში ერთი პატარა მაღაზიაა, სადეზინფექციო ხსნარებით ვაჭრობს. მისი თანამშრომელი, რომელიც გიორგის სახელით გაგვეცნო, მაღაზიიდან შორს, ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე შარტავას ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომკარანტინის გამკაცრებამდე სამსახურში მაღაზიის მეპატრონეს მანქანით დაჰყავდა, ახლა კი ფეხით 7-8 კილომეტრის გავლა უწევს: „სახლშიც ფეხით უნდა დავბრუნდე. ძნელია, მაგრამ რა ვქნა? მაღაზიას ხომ ვერ დავკეტავთ?!“

გიორგისგან განსხვავებით, არ იცის, სახლში დაბრუნდება თუ არა ედიშერი, რომელსაც შორიახლოს, რუსთაველის 29 ნომერში, ხილ-ბოსტნეულის მომცრო მაღაზია აქვს.

„სოფელ სამგორში ვცხოვრობ, გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ქალაქის ჩაკეტვის მერე უკან ვეღარ დავბრუნდი, ვერ მოვასწარი. მაღაზიაში დავრჩი. დღეს უნდა გავიდე, ვთხოვ გამიშვან. სოფელში წყალიც არ გვაქვს“, თქვა ედიშერმა. საუბრის შემდეგ, საღამოს 7 საათზე,მან მაღაზია დაკეტა და სადღაც 50 მეტრში მდებარე პოლიციის ქვეგანყოფილებისკენ გაეშურა - იქნებ, ვინმე ნაცნობი ვნახო და დამეხმაროსო.



რუსთავის გზები ველომომხმარებლებმა და ბაიკერებმა დაიპყრეს

რუსთავის ჩაკეტვის შემდეგ ავტომობილებით გაადგილება 17 აპრილს 21 აპრილამდე აიკრძალა. 17 აპრილს, დილიდან, გზებზე სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები და სადისტრიბუციო მანქანები მოძრაობენ, რაც დღემდე გრძელდება. დადიან საწარმოების მიერ სპეციალურად დაქირავებული მიკროავტობუსები და დიდი ზომის ავტობუსები. ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროც ველომომხმარებლებს აქვთ დაპყრობილი, ტროტუარებზე კი ქვეითად მოსიარულენი მომრავლდნენ. ველოსიპედით გადაადგილდება ყველაასაკის ადამიანი - ვინ საქმისთვის, ვინ ვარჯიშობს, ახალგაზრდობა კი, უბრალოდ, ერთობა.

თავგამოდებულმა ველომოყვარულმა გიგა ძულიაშვილმა ფეისბუკში საკუთარი დაკვირვება გამოაქვეყნა და ველომომხმარებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
„როგორ გავარჩიოთ, ველომომხმარებელი საქმეზე მიდის თუ სასეირნოდ/გასართობად?
პირველ შემთხვევაში, ხშირად:
*აცვია ჯინსი, ქურთუკი, რაღაც მოკლასიკურო შარვალი. ხშირად ე. წ. " ტუფლი";
*სკამი დაბლა აქვს;
*რულს აქეთ-იქით ამოძრავებს არაბუნებრივად;
*პედალზე უდევს ტერფის შუა ნაწილი ან ქუსლი;
*არ აფარია ჩაფხუტი;
*უკანა საბურავი დაშვებული აქვს;
*ველოსიპედზე ისე არაბუნებრივად ზის, მიხვდები, ან ნათხოვარი აქვს, ან თვეებია, არ მჯდარა და ახლა იძულებულია ველოსიპედი გამოიყენოს გადასაადგილებლად.
(ვუერთდები კამპანიას. #დარჩისახლში. არ გამოვიყენოთ ველოსიპედი გასართობად, სანამ ეს ეპიდემია არ ჩაცხრება)

საქმისთვის ველოსიპედს, მაგრამ ნათხოვარს, 9 შვილის მამა შალვა ლიპარიშვილი იყენებს - ნათხოვარს იმიტომ, რომ საკუთარი ბზობის წინა ღამეს, როგორც თავად ვარაუდობს, კარანტინის დროს მოპარეს:

„მე-9 სართულზე ვცხოვრობთ. ჩვეულებისამებრ, ველოსიპედს, თავისი მისაბმელით, სართულის საშრობში ვტოვებდი. საღამოს შვიდ საათზე ადგილზე იყო, დილით კი ველოსიპედი აღარ დამხვდა. მისაბმელი დატოვეს“.

შალვა ლიპარიშვილის თქმით, ის ველოსიპედით სამსახურში დადის ხოლმე, მისაბმელით კი ზოგჯერ ბავშვებს ასეირნებდა ან მაღაზიიდან საკვები პროდუქტები მოჰქონდა.

უმანქანობა - ვისთვის პრობლემა, ვისთვის ალტერნატივა

ვაჟა სტეფანაშვილი, რომელიც რუსთაველის 39 ნომერში ქირით ცხოვრობს, საერთოდ უმუშევარი დარჩა. მარნეულის ჩაკეტვამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვის თონეში მუშაობდა. ორი კვირა იქ რჩებოდა, დანარჩენ დროს კი საკუთარი მანქანით მგზავრებს ემსახურებოდა.
მაგრამ რუსთავის ჩაკეტვის შემდეგ ეს საშუალებაც მოესპო.

„ცოლ-ქმარია, აქვე ცხოვრობენ. მორიგებული ვიყავი - ყოველდღე „გიგანტის“ დასახლებაში მიმყავდა და მომყავდა. რაღაც დიდი ფერმაა, იქ მუშაობდნენ. ახლა ვერც ისინი დადიან,მეც სახლში დავჯექი, ქალაქშიც ვეღარ ვმოძრაობ და ვეღარც სოფელში მივდივარ, შვილის საფლავზე გასვლა მინდოდა“, ამბობს ვაჟა სტეფანაშვილი.

რუსთავის ეზოები დღის ნებისმიერ დროს სავსეა ავტომობილებით, მიკროავტობუსებით. გზების კიდესთან მდგარი ავტომობილებიც მომრავლდა. ახმედ ისმაილოვი რუსთავში ცხოვრობს, მე-7 მიკრორაიონში. ბიზნესმენია, სანტექნიკით ვაჭრობს, მაგრამ ის საქმიან პარტნორთან ერთად მეგობრობის გამზირზე ვნახეთ. ორივე ისვენებდა და იქვე ველოსიპედებიც ეყენათ.

თბილის-რუსთავის გზა

„მანქანებიც გვყავს, მაგრამ აკრძალვა აკრძალვაა, ვემორჩილებით. სამი წლის წინ ველოსიპედები ვიყიდეთ, ახლა საქმეზე ვართ გამოსულები“, თქვა ახმედ ისმაილოვმა.


დახურული ბაზრობა და რიგები მაღაზიებთან

საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ ქვემო ქართლში ყველაზე დიდი, რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზარი ჯერ ნაწილობრივ დაკეტეს, შემდეგ - მთლიანად. ბაზრის დაცვის უფროსმა, დიმიტრი ჩხეიძემ, მიზეზებზე საუბრის დროს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროდუქტებით მოვაჭრეები არ იცავდნენ „ჰიგიენის ელემენტარულ წესებს’’:

„საპონსაც ვარიგებდით, სადეზინფექციო ხსნარსაც, გამყიდველებს პირბადეების გამოყენებას ვთხოვდით, მაგრამ არ გვისმენდნენ. შეუძლებელი გახდა მყიდველთა დისტანციის დაცვაც“.


ამის შემდეგ მოვაჭრეთა ნაწილმა გარეთ გადაინაცვლა, ე. წ. საბითუმო ნაწილში, სადაც სოფლის პროდუქტები შედარებით იაფად იყიდებოდა, თუმცა ხელისუფლებამ მათი საქმიანობაცაკრძალა, რასაც მარკეტებში პროდუქტებზე ფასების მომატება მოჰყვა. დღეს ბაზრის სიახლოვეს კანტიკუნტად მაინც ვაჭრობენ - ვინ მწვანილს ყიდის, ვინ პირბადეს. ორი ახალგაზრდა ქალი დახლადმუყაოს ყუთებს იყენებდა - ერთი წინდებით, მეორე კი მწვანილით ვაჭრობდა. ორივე ჭყონდიდელის დასახლების მკვიდრი აღმოჩნდა. წინდებით მოვაჭრე ლიამ რადიო თავისუფლებას რუსულ-ქართულად უთხრა, რომ სტამბულის ბაზრამდე მისვლას საათი და 20 წუთი მოანდომა:

„გვეუბნებიან, სახლში დარჩითო, მაგრამ ბავშვები გვყავს, ჭამა ხომ უნდათ? მეუღლე არ მუშაობს, არც მე. „ინტერნატებში“ (ჭყონდიდელის დასახლება) ამდენი ადამიანი ვცხოვრობთ. იქიდანფეხით დავდივართ. სახლშიც ფეხით უნდა დავბრუნდე. მწვანილს ყიდულობენ, მაგრამ წინდებს არა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს,რომ რაღაცას გავყიდი“, ამბობს წინდებით მოვაჭრე.

სუპერმარკეტებთან ყოველთვის რიგია. ზოგან მონიშნული ადგილებია და დისტანციასაც იცავენ, სადაც ვერ ხერხდება, - მაგალითად, დიდი სუპერმარკეტების წინ, - ხალხს საპატრულო პოლიცია აფრთხილებს. თუმცა სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ თავად სუპერმარკეტებში, განსაკუთრებით დიდში,დისტანციას არ იცავენ, რაც კოვიდ19-ის გავრცელების წყაროა. ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ხაზგასმით თქვა, რომ გაამკაცრებენ სუპერმარკეტების შემოწმებას და გამოარკვევენ, როგორ ატარებენ იქ პრევენციულ ღონისძიებებს.

რუსთავში კოვიდ-19-ით დაავადების შემთხვევების რაოდენობა აღარ გაზრდილა და რვაზე შეჩერდა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა 18 აპრილს განაცხადა, რომ კარანტინის რეჟიმმა დადებითი გავლენა მოახდინა, მაგრამ სააღდგომო დღესასწაულისას „არაფერია გამორიცხული“. ამიტომ, მისივე თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ მკაცრი რეჟიმი, რომელიც 21 აპრილამდე დაწესდა, გახანგრძლივდეს. ამჟამად რუსთავში ხუთი ბლოკპოსტია გახსნილი.
15 აპრილიდან 25 აპრილამდე აკრძალულია ქალაქში მოქალაქეთა შესვლა და გამოსვლა, ისევე როგორც საქართველოს კიდევ სამ დიდ ქალაქში.