თითქმის ორთვე-ნახევარია, რაც საქართველოში კანონით აიკრძალა თამბაქოს მოხმარება სხვადასხვა დანიშნულების დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში დაჯარიმდა 135 პირი. მათგან 30 ფიზიკური პირია, დანარჩენი კი - იურიდიული.
Your browser doesn’t support HTML5
პირველი მაისიდან კანონით აიკრძალა თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერისას კადრში მწეველის შემთხვევით მოხვედრა. გარდა ამისა, იურიდიული პირები, მეწარმეები,საჯარო დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან შენობების შესასვლელში და თვალსაჩინო ადგილას განათავსონ თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული წესები. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე ამბობს, ორგანიზაციის მეთვალყურეებმა სავაჭრო დაწესებულებებში არაერთხელ დააფიქსირეს თამბაქოს რეკლამირებისა და პოპულარიზაციის ფაქტი. გიორგი მაღრაძის განცხადებით, კანონის დარღვევა ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა გამოავლინოს და აღკვეთოს.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ ხუციბერიძის განცხადებით, სავაჭრო ობიექტების მფლობელთა დიდმა ნაწილმა არაფერი იცის კანონით დადგენილი წესების შესახებ, ამიტომ პირველ ეტაპზე სამსახური მათ ინფორმაციას აწვდის და, კანონდარღვევის შემთხვევაში, გაფრთხილებით შემოიფარგლება. ხუციბერიძისავე განცხადებით, სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგს აგრძელებენ და იმ ობიექტების მეპატრონეები, რომლებიც უკვე გაფრხილებულნი არიან, კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით დადგენილი წესების შესახებ ინფორმირებულია რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე. მისი განცხადებით, ახალი წესები მისაღებია, თუმცა გაურკვეველია, როგორ უნდა შეიცვალოს სპექტაკლში თამბაქოს მოხმარება.
ქუთაისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის მენეჯერის, ნინო ხურციძის, დაკვირვებით, მომხმარებელი გაგებით შეხვდა დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას. შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ძირითადად დადებითად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტები. ტრანსპორტისა და დახურული სივრცეების გარდა, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება აიკრძალა ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს, პროფესიულ და 18 წლამდე პირთათვის განკუთვნილ ნებისმიერ დაწესებულებაში და მის მიმდებარედ, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე. კანონის დამრღვევი ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 50 ლარია, იურიდიულისთვის კი - 500. კანონის აღსრულებაზე კონტროლი ევალება შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურებს.