კამათი კაფკასთან

“პროცესი” (“The trial. 1962, საფრანგეთი, რეჟისორი ორსონ უელსი)

ასოციაციობანა რომ ვითამაშოთ (თუკი გაქვთ, ცხადია, თამაშის თავი და განწყობა), შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ კვირაში განვითარებულ მოვლენებს ყველაზე ზუსტად ორსონ უელსის “პროცესი” ასახავს - აბსურდი, რომელშიც აღმოვჩნდით არჩევნების წინ, პანდემია და, შესაძლებელია, ყურადღების გადატანის მიზნით, ყველაზე იაფფასიანი პატრიოტული ვნებების გამძაფრება, ორი მეცნიერის დაპატიმრება, “სამშობლოს ღალატზე” მსჯელობა... ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კაფკა-უელსის გენიალურ ფილმს.

აქვე გაგახსენებთ, რომ ორსონ უელსი ავტორია “ყველა დროის და ხალხის” ფილმისა “მოქალაქე კეინი” - “ოქროს თევზის” ზღაპრის გენიალური ვარიაციისა, ისტორიისა გამდიდრებულ პლებეიზე, რომელსაც ძალაუფლების სიტკბო აბრმავებს და ბოლოს პირფერობის გარემოშიც კი მარტო ტოვებს. ჰოლივუდის ნომერი პირველი ფილმის ავტორს, წესით, ახალი სურათებისთვის ფულის მოძიება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა: გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, როცა უელსმა ფრანც კაფკას “პროცესის” ეკრანიზაციის სურვილი გამოთქვა, ჰოლივუდმა დაფინანსებაზე უარი უთხრა.

ბოლოს ორსონ უელსი ფრანგმა პროდიუსერებმა შეიკედლეს. არ გამოვიდა რეჟისორის პროექტი - გრანდიოზული ფრესკა უზარმაზარი ცათამბჯენებით, რომელშიც კაფკას გმირი, ბატონი კ. უნდა დაკარგულიყო. მეტისმეტად ძვირი ჯდებოდა ეს იდეა. ორსონ უელსი იძულებული გახდა დაკმაყოფილებულიყო მარტივი და განტვირთული დეკორაციით, ლაბირინთით, რომელშიც გაიჭედება ბატონი კ., ამ ახალგაზრდა, არაფრით გამორჩეულ მოხელეს აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია. აპატიმრებენ, ასამართლებენ. ფუჭია მისი ცდა გარშემო მყოფთ თავისი უდანაშაულობა დაუმტკიცოს. ბიუროკრატიულ წესრიგზე აგებული მანქანა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ეს საწყალი, თავიდანვე განწირული ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სისტემის ნაწილი იყო, ახლა კი ორაზროვნების, უსამართლობის, გაუცხოების ლაბირინთში მოხვდა.

გრანდიოზულობა და მასშტაბურობა არ გამოვიდა. სამაგიეროდ, შესაძლებელი გახდა საგნებზე ყურადღების გადატანა. საგნებისა და ბატონი კ-ს ურთიერთობა, საგნებისგან ადამიანის გაუცხოება, კაფკას ტექსტის ერთ-ერთი მთავარი მხარე, ორგანულად მოერგო კინოს ენას. კანცელარია, რომელშიც ბატონი კ. მუშაობს და სასამართლო, რომელმაც მისი დანაშაული უნდა დაამტკიცოს, გამოიხატა 20-იანი წლების გერმანული კინოექსპრესიონიზმის სტილში, ციცაბო, წვეტიანი ფორმებით, უზარმაზარი სკამებით, რომლებზეც სხედან პატარა ადამიანები და, რაც მთავარია, შუქისა და ჩრდილის მუდმივი თამაშით. ფილმის ოპონენტებმა ასეთი ესთეტიკა მეტისმეტად მოძველებულად მიიჩნიეს. “პროცესი” ხომ ეკრანებზე მაშინ გამოვიდა, როცა კინოხელოვნების მოდას ბერგმანი, ფელინი, ვისკონტი, ანტონიონი და უკვე პაზოლინი ქმნიდნენ, “ახალი ტალღა” და გოდარი ქმნიდა. ამ მოდიდან სრულიად ამოვარდნილი იყო ეს ექსპრესიონისტური სტილიზაცია.

“ანტონიონის მიმართ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ გმირმა რომ დამაინტერესოს, მან უნდა იმოქმედოს”, - აღნიშნა ორსონ უელსმა “პროცესის” გადაღების შემდეგ. აქ დიდი რეჟისორი მარტო ამბის და პერსონაჟის განვითარებას არ გულისხმობს. ეს განცხადება პრინციპულია და გარკვეული თვალსაზრისით გამოხატავს დაპირისპირებას არა მარტო 60-იანი წლების დასაწყისის მოდურ კინოსთან, არამედ კამათს... თავად ფრანც კაფკასთან. როგორც ჩანს, დიდი იყო ავტორის სურვილი მაქსიმალურად დაეკავშირებინა კაფკას ტექსტი თანამედროვეობასთან, მაგალითაად, იმ შიშებთან, რომლითაც ცხოვრობდა თავად უელსი და ბევრი მისი კოლეგა მაკარტიზმის ეპოქაში, იმ შიშებთან, რომელსაც სწორედ 60-იანი წლების დასაწყისში გამოხატავს კინოხელოვნება - ატომური ომების, პოლიტიკური მკვლელობებისა და, რაც მთავარია, მექანიზებული ბიუროკრატიული სისტემის მიმართ... დაახლოებით ისე, როგორც ჩაპლინმა გააკეთა მეორე მსოფლიო ომის წინ “ახალ დროებაში”. ამ ორ ფილმს, “პროცესს” და “ახალ დროებას”, ბევრი რამ აკავშირებს.

დიახ, ბატონი კ. ორსონ უელსის ფილმში უფრო აქტიურია, უფრო “მოქმედი”, ვიდრე კაფკას ტექსტში. და არამარტო იმიტომ, რომ კინემატოგრაფის ენა მოითხოვდა ამას. პერსონაჟის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაც ორსონ უელსის პოზიციაა. თუკი კაფკას გმირი, ბოლოს და ბოლოს, ეგუება იმ აბსურდს, რომელშიც გახვიეს, ორსონ უელსთან ბატონი კ. უფრო შეურუგებელი აღმოჩნდება სისტემის მიმართ. მიუხედავად ამისა, მთავარი გმირი, ენტონი პერკინსის შესრულებით, განსაკუთრებულ თანაგრძნობას სულაც არ ბადებს (ესეც კაფკასთან “კამათია”, ალბათ), პერსონაჟის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ, ერთგვარმა დისტანციამ, რომელსაც მუდმივად ინარჩუნებს რეჟისორი (ნიშანდობლივია, რომ ფილმში ორსონ უელსმა თავად განასახიერა ადვოკატის როლი), ნამდვილად იმოქმედა ფილმის წარმატებაზე - “პროცესი”, ფაქტობრივად, ჩავარდა კინოგაქირავებაში. კრიტიკული წერილები გამოაქვეყნეს ლიტერატურათმცოდნეებმაც. მათი გაღიზიანება, პირველ რიგში, ტექსტის მეტისმეტად თავისუფალმა ინტერპრეტაციამ განაპირობა.. და, შესაძლებელია, ორსონ უელსის იმ ინტერვიუმ, რომელშიც ის ხსნის, რატომ შეცვალა კაფკას ფინალი: “ჩემი აზრით, ეს (“პროცესი” გ.გ.) თავისებური “ბალეტია”, რომელიც დაწერა ებრაელმა ინტელიგენტმა ჰიტლერის მოსვლამდე. ექვსი მილიონი ებრაელის განადგურების შემდეგ კაფკა ამას აღარ დაწერდა. ეს შესაძლებელი იყო ოსვენციმამდე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ფინალი უკეთესია, მაგრამ ეს რაღაცნაირი გამოსავალი მაინცაა”.

ფინალს არ მოვყვები. მიუხედავად იმისა, რომ “პროცესი” დღეს უკვე კინოს კლასიკაა, ეს სურათი ბევრს არ უნახავს, რადგან არაა ადვილი საყურებელი. თითქოს, რეჟისორიც გრძნობდა, რომ რაღაცით მაინც უნდა მიეზიდა მაყურებელი, განსაკუთრებით ის ამერიკელი მაყურებელი, რომელიც შეიძლებოდა დაინტერესებულიყო ფილმით, რომელშიც მთავარ როლს ენტონი პერკინსი ასრულებს (ძალიან პოპულარული ჰიჩკოკის “ფსიქოს” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ), მაგრამ არაფერი სცოდნოდა ფრანც კაფკას შესახებ. ვფიქრობ უელსმა, სწორედ ამ მიზნით, ფილმის უმძიმესი გარემოს შესამსუბუქებლად აირჩია მუსიკალურ მოტივად ალბიონის ადაჟიოს გაცვეთილი, მაგრამ პოპულარული თემა. ამ მუსიკამ ორსონ უელსის ხაზგასმულად ცივ “პროცესს” ადამიანობა და სითბო მიანიჭა და გადააქცია ფილმი არა იმდენად სამყაროს აპოკალიფსის წინასწარმეტყველებად (თუმცა ესეცაა “პროცესის” ფინალში), რამდენადაც სამგლოვიარო გამომშვიდობებად სიცოცხლესთან - ნამდვილზე, ნაღდზე, ადამიანურზე დაფუძნებულ სიცოცხლესთან, რომელიც ბუტაფორიულმა კანცელარიამ და ბუტაფორიულმა სასამართლომ შეცვალა.

შეცვალა სისტემამ, რომელშიც ადამიანური აღარაფერია. ცხადია, უეჭველია, ორი აზრი არ არსებობს - ასეთი სისტემა უნდა დაინგრეს!