ფოტო: კაკო პაპამ ტიტები ერთ დღეში სრულად გაყიდა
კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ვაჭრობაზე აკრძალვები დაწესდა. დაიხურა ყვავილების მაღაზიებიც.
კაკო პაპას ბაღში ტიტები ზუსტად მაშინ აყვავდა, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
63 წლის ფერმერი კახეთიდან შეეგუა იმ აზრს, რომ ტიტების ბაღი დაუკრეფავად დაჭკნებოდა.
კაკო ჯეირანაშვილს ასეულობით მისთვის უცნობი ადამიანი დაეხმარა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მასზე რადიო თავისუფლებამ მასალა მოამზადა.
ადრეულ გაზაფხულზე შემოსავლები განსაკუთრებით ჭირს, რადგან ამ დროს სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს გასაყიდი თითქმის არაფერი აქვთ.
"ჯერ მარტო 45 წუთში 120 მესიჯი მოუვიდა ჩემს შვილიშვილს, სამ საათზე კიდევ მოდიოდა მესიჯებიო..." - ბევრმა კაკო პაპას ამბავი რადიო თავისუფლებისგან შეიტყო და ფინანსურად ამოუდგა გვერდში კახელ მეყვავილეს.
"ჩემი გაჭირვება რომ ხალხს გულთან არ მიეტანა, ჩაჭკნებოდა და გავერანდებოდა მთელი ეს სილამაზე", - ამბობს 63 წლის მეყვავილე.
"სადღაც, დედამიწაზე რომ კიდევ არიან სხვისი გაჭირვების გულთან მიმტანი ადამიანები კი მჯეროდა, მაგრამ ასეთნაირად არ მეგონა. ამდენი ხალხი..." - ამბობს კაკო ჯეირანაშვილი.
კახეთში განსაკუთრებით დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისი წარმოებაც მალფუჭებადია და პროდუქცია ვერ შეინახება.
სოფელ კოლაგში მცხოვრებ კაკო ჯეირანაშვილს ტიტების გარდა ატმის ბაღიც აქვს და შიშობს, რომ ხილის მოწევის დროს თუ ასეთივე მდგომარეობა იქნა, კახეთში ასეულობით ფერმერი ულუკმაპუროდ დარჩება.