კაზრეთში გამოკითხული ქალები - დაბაში დაავადებულთა რაოდენობა იზრდება

კაზრეთის ოქროს საბადო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში გამოკითხული ქალების უმრავლესობა ამბობს, რომ დაბაში და მის გარშემო მძიმე დაავადებების შემთხვევები იზრდება, რაც ოქროსა და სპილენძის მოპოვებას უკავშირდება. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედიის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ქალთა ფონდმა დააფინანსა და ჩატარდა 2018 წლის 15 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში.

„რესპონდენტები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა (მათი თქმით) აქვთ ცუდი და მეტად ცუდი, განმარტავენ, რომ აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ონკოლოგიური, სასუნთქი გზებისა და კანის სხვადასხვა სირთულის დაავადებები“, წერია კვლევაში. გამოკითხულთა 20 პროცენტი მიიჩნევს, რომ დაავადებების ზრდა გამოიწვია ბოლნისში RMG-ის შემოსვლამ, 60 პროცენტი ამბობს, რომ „ზოგადად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში RMG-ის მოსვლამდეც შეინიშნებოდა მძიმე დაავადებების ზრდა“, 10 პროცენტის აზრით კი, დაავადებების რაოდენობა არ გაზრდილა.

დაბა კაზრეთში, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, 4 340 მოქალაქე ცხოვრობს. აქედან 2 221 ქალია. კაზრეთში 1975 წლიდან ფუნქციონირებს ოქროსა და სპილენძის საბადო და კომბინატი, რომელსაც წლების განმავლობაში სააქციო საზოგადოება „მადნეული“ მართავდა, 2012 წელს კი საწარმოს მფლობელი რუსული კომპანია Rich Metals Group (RMG) გახდა.

„ქვემო ქართლის მედიის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო ქალთა განწყობების შესწავლა ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდა კაზრეთში მცხოვრები 18-დან 55 წლამდე ასაკის 100 ქალი.

როგორც „ქვემო ქართლის მედიის“ დამფუძნებელმა და კვლევის ავტორმა მანონ ბოკუჩავამ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ქალთა გამოკითხვის პროცესში გაირკვა, რომ დაბას არ აქვს სასწრაფო სამედიცინო ცენტრი, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანა ქალაქ ბოლნისიდან მინიმუმ 15-20 წუთში მოდის. დაბას არ აქვს სამშობიარო, ასევე, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების ცენტრი, სადაც ატარებენ მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზს. სხვა სახის ლაბორატორიული გამოკვლევები არ ტარდება.

რესპონდენტების უმრავლესობა მიუთითებს დაბაში ჰაერის დაბინძურებაზე. განმარტავენ, რომ „განსაკუთრებით ზაფხულში მკაფიოდ შეინიშნება ჰაერში მტვრის დიდი რაოდენობა - ხშირად მოდის წვიმა, რომელიც ყვითელი ფერისაა“. ასევე, ხშირად ხელმეორედ რეცხავენ ტანსაცმელს, რადგან მათზე წვიმის წვეთები ყვითელ ლაქებად რჩება.

პრეზენტაციის შემდეგ მანონ ბოკუჩავამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კაზრეთში მცხოვრებ მოსახლოებას უჭირს RMG-ზე საუბარი საუბარი, რადგან ეს კომპანია არის ყველაზე დიდი დამსაქმებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში. კომპანია კაზრეთელებს აძლევს სამსახურს, თუმცა, ბოკუჩავას სიტყვებით, „როგორც კი ნდობაში შევდიოდით რესპონდენტებთან და ვუხსნიდით, რომ დავიცავდით მათ ანონიმურობას, „იხსნებოდნენ“ და ემოციებსაც გამოხატავდნენ. „როცა ქალი გეუბნება, რომ ამ გარემოში ბავშვის გაზრდა სასურველი არ არის, თავისთავად მას ახლავს ემოცია, რადგან დედისთვის ბავშვზე ძვირფასი არაფერია“, ამბობს კვლევის ავტორი. მანონ ბოკუჩავას თქმით, გამოკითხულ ქალებს უიმედობის განცდა აწუხებთ, რადგან მათი აზრით, აქამდეც ბევრი კვლევა ჩატარებულა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. სახელმწიფოს არ აქვს ნება, რომ კარგად შეისწავლოს მათი პრობლემები, სრულფასოვნად ჩაატაროს სამედიცინო გამოკვლევები, როგორც დაბაში, ასევე ბოლნისში, გამოიკვლიოს გარემო. რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორ ან სად ახერხებენ მკურნალობას კაზრეთელები, მანონ ბოკუჩავამ გვიპასუხა, რომ უცნაური იყო ბევრი რესპონდენტის აღიარება, რომ ცხოვრებაში არასოდეს მიუმართავთ სამედიცინო გამოკვლევებისათვის. მიზეზად მოჰყავდათ მწირი ფინანსები. „საგულისხმოა, რომ ასეთი პასუხი გაგვცეს იმ რესპონდენტებმაც, ვისაც სამედიცინო დაზღვევა აქვს“, აცხადებს „ქვემო ქართლის მედიის“ ხელმძღვანელი.

ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის“ სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის მიერ 2017 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში ნიადაგის ზედაპირზე და სიღრმეში ჯანმრთელობისთვის საშიშ დონეზეა მომატებული მანგანუმის, კადმიუმის, ტყვიის შემცველობა მაგალითად, კაზრეთში ნიადაგის ზედაპირზე ზღვრულ დასაშვებ ნორმას აჭარბებს: მანგანუმი - 1.188 -ჯერ, კადმიუმი - 3.94 -ჯერ, ტყვია - 2.7128-ჯერ; სიღრმეში: მანგანუმი - 1.21-ჯერ, კადმიუმი - 3.9 -ჯერ, ტყვია - 2.97 -ჯერ.

საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ „ქვემო ქართლის მედიისთვის“ კვლევის პროცესში, 2018 წლის 8 ივნისს, მიწოდებული წერილიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის 26-27 სექტემბერს დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში ექიმთა მრავალპროფილური ჯგუფის მიერ მოსახლეობის - მათ შორის ბავშვების - სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმების დროს ყველა პათოლოგიურ მდგომარეობაზე მეტად გავრცელებული აღმოჩნდა არტერიული ფიოერტენზია, შაქრიანი დიაბეტი. ამასთან, არტერიული ფიოერტენზია ყველაზე მეტად აწუხებს კაზრეთის მოსახლეობას.

საყურადღებოა 2007 წელს გერმანელ მეცნიერებთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რომლის თანახმად, მდინარე მაშავერას ხეობის ნიადაგში სპილენძის რაოდენობა 49-ჯერ აღემატებოდა მოქმედ ზღვრულად დასაშვებ ნორმას, თუთიისა - 18- ჯერ, ხოლო კადმიუმისა - 12-ჯერ. ამავე კვლევის თანახმად, ბოლნისის მოსახლეობა კაზრეთულასა და მაშავერას წყალს სარწყავად იყენებს. მორწყვის შემდეგ მძიმე მეტალები მცენარეებში გროვდება. ასეთი საკვების ხანგრძლივმა მოხმარებამ კი, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში მთელი რიგი დაავადებები გამოიწვიოს.

გამოკვლევის პრეზენტაცია

კომპანია RMG 2018 წლის 19 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც მან „ქვემო ქართლის მედიას“ კვლევის პროცესში მიაწოდა, აღნიშნავს, რომ „2017 წლიდან მიმდინარეობს აქტიური და ყოველდღიური მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Golder Associates-ის გარემოსდაცვით ექსპერტებთან ერთად, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც შეიქმნა RMG-ის გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც გაწერილია 2018-2020 წლებზე და გულისხმობს 30 მილიონი ლარის ინვესტიციას“. გარდა ამისა, ოქროს მომპოვებელი კომპანია აღნიშნავს, რომ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებულია მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც 100-ზე მეტი კონკრეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებისგან შედგება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე შესრულებულია 29
პუნქტი.

კომპანია უარყოფს, რომ მისი საქმიანობის შედეგად გაზრდილია რიგი დაავადებები კაზრეთსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში. RMG ეყრდნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, „ქვემო ქართლში რიგი დაავადებები ბევრად ნაკლებია, ვიდრე თბილისსა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში“.