საქართველო სტიქიებისთვის მზად არ არის - კავკასიონის მყინვარები დნება

შოვი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ

სტატიის თავდაპირველი ვერსია პლატფორმა “კაქტუსზე” გამოქვეყნდა.

კავკასიონის მყინვარები სწრაფად დნება, პროგნოზები პესიმისტურია და იმის ნაცვლად, რომ 2023 წლის აგვისტოს ტრაგედია, შოვში მწარე გაკვეთილი გამხდარიყო, საქართველოს მყინვარების ხეობები დღესაც განგაშის სისტემების გარეშეა მიტოვებული.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მყინვარული ხეობების შესწავლა წელს დაიწყო. სამეცნიერო პროცესი და პროექტის ფინანსური წარმომავლობა დახურულია. სააგენტოს ოფიციალურ დასკვნამდეც მკაფიოდ ჩანს როგორც მოსალოდნელი საფრთხეები, ასევე ის, რომ მათთან გასამკლავებლად ქვეყანა მზად არ არის.

ყაზბეგში თუ ოდესმე ყოფილხართ და სტეფანწმინდაში მოხევეებთან ჩამომჯდარხართ სალაპარაკოდ, გეცოდინებათ, რომ საუბარი ისე არ სრულდება, მონუსხულები არ მიაშტერდეთ მყინვარწვერს.

ეს თოვლ-ყინულოვანი საბურვლით დაფარული 5 054-მეტრიანი მწვერვალი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, სამხედრო გზას დაჰყურებს. მოხევეები ამაყობენ ამ ბუმბერაზით და კავკასიონის მწვერვალებზე ბევრ ლეგენდას ჰყვებიან.

ერთი გადმოცემა ჰყვება, როგორ გადაარჩინა მოხევე ბერმა, ადგილობრივები დაღუპვას. ამ ამბის შინაარსი, ყველა სხვა ლეგენდის მსგავსად, დროის ისტორიული ხაზიდანაა ამოვარდნილი, ემთხვევა ეთნოლოგიური ნაშრომის ერთ ეპიზოდს, რომელიც ყუროს გამოქვაბულში დასახლებული სტეფანწმინდელი ბერის - ღრუბელა ფიცხელაურის გამჭრიახობას აღწერს.

ერთ დღეს ყუროდან, ნიაღვრის გამო, ტალახი წამოსულა. სტეფანე ბერი გარეთ გამოსულა, კოშკში შესულა და ხალხის გასაფრთხილებლად, ზარების რეკვა აუტეხია. სოფელსაც დროზე მოუსწრია გახიზვნა. მოვარდნილ ტალახს სოფელი წაულეკავს. ამის გამო ხალხს სოფელი დღევანდელი დაბის ადგილას გაუშენებია და ბერის საპატივცემულოდ, სტეფანწმინდა უწოდებია,” - წერია ნინო ღამბაშიძისა და ქეთევან ალავერდაშვილის ნაშრომში - “შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა [ეთნოლოგიური ძიებანი]”, ეს ფრაგმენტი “მერიდიანში” 2018 წელს გამოქვეყნდა.

ზარი - დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთით, ელიას მთის აღმართზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. უნალექო ამინდში ამ ლოკაციიდან კარგად ჩანს მყინვარწვერი, მწვერვალი ყურო და ჩამქრალი ვულკანი ქაბარჯინა.

ძველად - ზარი. ახლა - მოკლე ტექსტური შეტყობინება

ზარების რეკვა, ადრეული გაფრთხილების ძველთაძველი ვერსიაა. ამ ფუნქციას დღეს მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინება ასრულებს.

„გაცნობებთ, რომ 31 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ასეთ შეტყობინებას მიიღებდით თქვენც 30 ივლისს 112-დან.

ეს პრაქტიკა შარშან, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გააქტიურდა. მაშინ უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი რამდენიმე წუთში აღიგავა პირისაგან მიწისა.

112-ის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, წყარო გარემოს ეროვნული სააგენტოა, რომელიც ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემებს აგროვებს, საგანგაშოდ საშიში ნიშნულის შემთხვევაში შეტყობინებას შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის, 112 კი მოსახლეობას, ზოგჯერ მოკლე ტექსტურ შეტყობინებით აფრთხილებს.

კავკასიონი „დნება”

დევდორაკის ხეობაში, იმ ფერდობებზე, სადაც მდინარეები - დევდორაკი და ამალი - ერთმანეთს ერთვის, მეცხვარეები ცდილობენ პირუტყვი რაც შეიძლება სწრაფად გადარეკონ. ჯერ კიდევ წინაპრებისგან იციან, რომ დევდორაკმა ღვარცოფული მოვარდნა იცის. ამის დასტური ის უზარმაზარი ქვის ლოდებია, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დევდორაკს მწვერვალებიდან ჩამოუტანია.

მყინვარებს, სასმელი, მტკნარი წყლის ამ უზარმაზარ რეზერვუარებს, სარგებელთან ერთად, საფრთხეც უხვად მოაქვთ: განსაკუთრებით გაზაფხულზე, დნობისას როდესაც კალთებიდან დაქანებულ მდინარეებს აადიდებენ. მდინარეების სწრაფ ნაკადებს მწვერვალებიდან თუ მყინვარების ფერდობებიდან დაბლობისკენ ჩამოაქვთ ქვა, ღორღი, მყინვარის უზარმაზარი, ცივი ნაშალი მასალა, ხეები - ყველაფერი, რაც გზად შეხვდებათ. ასე გადაიქცევიან პატარა ნაკადულები უცაბედად საშიშ, ხმაურიან და გამანადგურებელ ღვარცოფებად.

მყინვარწვერი - ვულკანური წარმოშობის მწვერვალი. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ კი - მარადიული თოვლი. მყინვარწვერიდან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, გერგეთი, დევდორაკი

2000-იანი წლებიდან მოყოლებული მყინვარებმა მთელ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ინტენსიური დნობა დაიწყეს. ამის მიზეზი დედამიწაზე საშუალო წლიური და დღიური ტემპერატურის მატებაა. ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ადმინისტრაციის [NASA] მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 22 ივლისი ყველაზე ცხელი დღე იყო 1980 წლიდან მოყოლებული.

შვეიცარიის ალპებში, რონის მყინვარს, 3 630 მეტრზე ზღვის დონიდან, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი „პლედიც“კი გადააფარეს. ის მჭიდრო, ბუნებრივი მასალისგანაა მოქსოვილი, რომელიც მზის სხივებს ირეკლავს. გლაციოლოგები ამბობენ, რომ ასეთი “საბანი,” ზოგადად, მყინვარების დნობას 50-70%-ით ამცირებს.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ თავისი მყინვარების დაახლოებით 50 % დაკარგა. ამით დაიკარგა სასმელი წყლის მარაგებიც.

კავკასიონის მყინვარებმა ამ პერიოდში 320 კვადრატული კილომეტრი ყინულის საფარი დაკარგა [საერთო ფართობის 23% - რედ.]. შედარებისთვის, ეს იგივეა, რაც აბაშის რაიონი დასავლეთ საქართველოში. მოცულობა რომ გამოვიანგარიშოთ, ეს იქნება დაახლოებით 13 კუბური კილომეტრი ყინული, რაც დაახლოებით 11 გეგატონა წყლის ეკვივალენტია”, - ამბობს გლაციოლოგი (გლაციოლოგია, მეცნიერება მყინვარების შესახებ - რედ.) ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ლევან ტიელიძე.

საქართველოში მომატებული დნობის ერთ-ერთი ფაქტორი, ზაფხულის ტემპერატურის მატებასა და ზამთრის ნალექების კლებასთან ერთად, საჰარის უდაბნოს მტვერია, რომელიც ბოლო ათწლეულებში კავკასიონის მყინვარებზე დაილექა.

ასევე ნახეთ „რაც დრო გავა, საფრთხის შემცველი ზონები უფრო ბევრი გვექნება“, - ინტერვიუ გლაციოლოგ ლევან ტიელიძესთან

განგაშის ერთადერთი სისტემა

კავკასიონის ასობით მყინვარული ხეობიდან განგაშის სისტემა მხოლოდ ერთ - დევდორაკის ხეობაშია დამონტაჟებული. აქედან შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის ბოლოს შეტყობინება 2024 წლის 6 ივნისს მიიღო.

ეს ის მომენტი იყო, როდესაც ყაზბეგში მდინარეების - ამალისა და დევდორაკის - შეერთების ადგილას, თერგში წყლის დონემ აიწია. სამაშველო სამსახურმა იმ დღეს „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოასწრო.

დევდორაკის ხეობაში ადრეული შეტყობინებისა და განგაშის სისტემა, ორ ადგილზე, ზღვის დონიდან 1 800-სა და 3 300 მეტრ სიმაღლეებზე, 8 წლის წინ დააყენეს.

დამონტაჟების დროს - 2016 წლის ბოლოდან [როდემდე ვერ ვამბობთ] - სისტემა ასე მუშაობდა: ერთ წერტილზე დამონტაჟებული იყო ორთვალიანი კამერა, რომელიც მზის ენერგიით იმუხტებოდა. ყოველ ორ საათში ერთხელ ის ფოტოს უღებდა მყინვარწვერს და გამოსახულებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სერვერზე გზავნიდა. მყინვარის ფოტოების შედარება და ცვლილებაზე დაკვირვება სპეციალისტებს, დაბალი ალბათობით სტიქიის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობას აძლევდა.

გაჭიმული ბაგირები მდინარეებზე - ამალი და დევდორაკი. 23 ოქტომბერი, 2016 წელი.

მეორე ადგილზე, მდინარეების - ამალისა და დევდორაკის - შეერთების ადგილზე, ბაგირები გადაჭიმეს და ზედ წყლის დონის მზომავი რადარები და ფოტოკამერები ჩამოკიდეს. სენსორები მდინარის კალაპოტში იყო ჩაკიდებული და წყლის დონის მატებისას, განგაშის სიგნალს გზავნიდა სასაზღვრო და საპატრულო პოლიციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ ეს სისტემა ახლაც გამართულია და 8 წლის მანძილზე ორჯერ ატეხა განგაში: წელს და კიდევ ერთხელ 2017 წლის 14 აგვისტოს.

7 წლის წინ განგაშის სისტემა უხვი ნალექის გამო ჩაირთო. უხვ ნალექთან ერთად, სტიქიისთვის მაშინ სხვა, ძველი წინაპირობაც არსებობდა: 2014 წელს მყინვარული მასა ჩამოიშალა და ხეობაში ჩამოვიდა. სამი წლის შემდეგ კი, მოსულმა უხვმა ნალექმა იქ დაგროვილი მყინვარული ნაშალის გამო, ღვარცოფული პროცესი კიდევ უფრო გაააქტიურა და გააძლიერა. დაზიანდა სამხედრო გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი და გზა დროებით გადაიკეტა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევით, ქარიშხლების, წყალდიდობის, ცუნამის და, მათ შორის, მყინვარული კატასტროფების ადრეულმა გაფრთხილებებმა შეიძლება, ზიანი 30%-ით შეამციროს.

აშკარა ცვლილება 2023 წლის 29 ივლისსა და 6 აგვისტოს მყინვარ ბუბასთან გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე - კლდე, რომელიც თოვლითა და ყინულით იყო დაფარული, მოშიშვლებულია.

საშიში მყინვარები

შოვის ტრაგედიაც გლაციალური სტიქიის დამანგრეველი ძალის მაგალითია. შარშან კურორტის თავზე, მყინვარ „თბილისას“ დასავლეთ ფერდობზე, ჩამოშლილი მყინვარული მასა ღვარცოფში გადაიზარდა და ხეობა წალეკა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნით:

„მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოწოლილი კლდეზვავი მყინვართან შევიდა კონტაქტში. ამ პროცესს მყინვარის ჩამონგრევა და ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება მოჰყვა. ზედაპირზე კლდეზვავის ხახუნმა მყინვარი უსწრაფესად გაადნო და წარმოქმნა ღვარცოფი, რომელიც ხეობისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა".

იქვე წერია, რომ ღვარცოფული მასა წამში საშუალოდ, 24 მეტრს ფარავდა.

2019 წლის 25 ივლისის მყინვარული ღვარცოფი წამოვიდა სვანეთშიც, მდინარე მესტიაჭალის აუზში. მაშინ არავინ დაღუპულა, თუმცა დაინგრა გზები, ხიდები, შენობები, მდინარემ წაიღო ავტომანქანები, დაზიანდა ჰიდროელექტროსადგური, მწყობრიდან გამოვიდა წყლის ცენტრალური მაგისტრალი.

დანაპრალი მყინვარ ჭალაათში, სვანეთი. მყინვარი მდინარე მესტია-ჭალას კვებას წყლით. მესტია-ჭალა მდინარე მულხრას უკავშირდება, მულხრა კი - ენგურს.

ლევან ტიელიძის თქმით, მესტიაჭალის ხეობაში ღვარცოფი „მურყვამის“ მყინვარიდან ჩამოვიდა. მურყვამი "დაკიდული" მყინვარია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.

სამ მყინვარს - „თბილისას“, „მურყვამს“ და „დევდორაკს“ - შორის მეცნიერი ყველაზე საშიშად დევდორაკს მიიჩნევს, და ვარაუდობს, ხეობაში სტიქია კიდევ მოხდება.

სტიქია დევდორაკის ხეობაში 23 ივნისი, 2016 წელი.

დევდორაკი, ალბათ, პირველ ადგილზეა თავისი კატასტროფული მასშტაბებით. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან დაწყებული, ამ მყინვარზე არაერთი [აღრიცხულია 9 მასშტაბური ჩამოზვავება - რედ.] გლაციალური ღვარცოფია დაფიქსირებული. მათგან გრანდიოზული 1832 წლის სტიქია იყო“.

“თბილისას“ მყინვარზე კი შოვის ტრაგედიამდე მსგავსი კატასტროფა არ მომხდარა, რაც ტიელიძეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ და სხვა მყინვარებზე დნობის პროცესები დაწყებულია და სტიქიები საქართველოში გახშირდება.

როგორ იკვლევს სახელმწიფო შესაძლო საფრთხეებს?

საქართველოში, შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსებით, მხოლოდ ერთი, დევდორაკის მყინვარული ხეობაა მეტ-ნაკლებად სრულყოფილად შესწავლილი.

„მყინვარების მასის ბალანსს" ამ ეტაპზე არ ვიკვლევთ - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რომლის მოვალეობა მყინვარებზე დაკვირვება და საფრთხეების პროგნოზირებაა.

სააგენტოში ამბობენ, რომ ყოველწლიური ექსპედიციების გარდა, მყინვარების ფართობის, სიგრძის, ფორმის, ყინულის საფარის დნობის სისწრაფის შესასწავლად ორი, - ამერიკული და ევროპული - სატელიტის, Landsat 8-ისა და Sentinel 2-ის, უფასო ფოტოებს იყენებს.

სააგენტომ წერილობით აღგვიწერა მათი გამოყენების წესებიც, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ სატელიტების ორთოფოტოები “მაღალი გარჩევადობისააო”, რაც დამოუკიდებლად გადავამოწმეთ - ამ კონკრეტული სატელიტების გადაღებული ფოტოები საშუალო გარჩევადობისაა [moderate resolution].

"ამ სატელიტურ ინსტრუმენტებს [Landsat 8 და Sentinel 2], მიუხედავად მათი უაღრესი მიმზიდველობისა [უფასოდ ხელმისაწვდომობა, დიდი დროითი რიგი, მრავალსპექტრული გამოსახულებები, დამუშავების მრავალი მეთოდი, მაგალითად, ე.წ. მონაცემთა კუბი - Data Cube], ვერ განვიხილავთ "მაღალი გარჩევადობის" [high resolution] კოსმოსურ გამოსახულებებად. ეს იმიჯები საშუალო გარჩევადობისაა [moderate resolution]," - გვითხრა დამოუკიდებელმა გარემოსდაცვითმა ექსპერტმა, მამუკა გვილავამ.

"მაღალი გარჩევადობის" ფოტო შეიძლება იყოს დრონიდან ან კერძო სატელიტებით გადაღებული აეროგამოსახულება. მაგალითად, SPOT, PLEIADES ან MAXAR-ის სატელიტური გამოსახულებები, რომელთა ობიექტთან სიახლოვე გადაღების დროს რამდენიმე ათეული სანტიმეტრიდან 2 მეტრამდეა.

„[ასეთი] იმიჯების ღირებულება მაღალია და მათი შეძენა არ არის იაფი სიამოვნება", - ამბობს ექსპერტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილის მიხედვით, ცხადი ისიც არაა, სააგენტო გლობალური პლატფორმების /ღია მონაცემების მხოლოდ უფასო პაკეტებით სარგებლობს თუ ფასიანითაც [მაგალითად, "მაქსარის" მაღალი რეზოლუციის გამოსახულებები, რომელთა ფასი, საშუალოდ, ათიათასობით აშშ დოლარი შეიძლება იყოს - რედ.], და რა პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებს მათ.

ამ დეტალების უკეთ გასაგებად სააგენტოს გლაციოლოგთან ინტერვიუზე უარი მივიღეთ.

"სპეციალისტების ჯგუფები ექსპედიციებში იმყოფებიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე ინტერვიუს ჩანიშვნა ვერ მოხერხდება," - გვითხრა ნატო სულუაშვილმა, სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა.

მამუკა გვილავას თქმით, თუკი სააგენტო ამჟამად ევროპული და ამერიკული სატელიტების [Landsat 8 და Sentinel 2] მონაცემებს იყენებს, ეს კარგია, მაგრამ არა საკმარისი, რადგან ისინი, სხვა მეთოდებთან ერთად, მყინვარების კვლევის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა:

"მყინვარების დინამიკის კვლევისთვის ნამდვილად მისაღებია აღნიშნული სატელიტური მონაცემების გამოყენება, თუნდაც ზოგადი ტენდენციების დასადგენად, ხოლო დრონებისა და მაღალი გარჩევადობის სატელიტური და აეროგამოსახულებების გამოყენება - დეტალური ანალიზისთვის [არის აუცილებელი]".

სამ სპეციალისტთან გადამოწმების შემდეგ, - როცა ორმა მათგანმაც დაგვიდასტურა ეჭვი გამოსახულებების ხარისხის შესახებ, მაგრამ სტატიისთვის ციტირება არ ისურვა, - სატელიტების გამოსახულებების გარჩევადობის შესახებ შეკითხვა კვლავ დავუსვით გარემოს ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

„რადგან სპეციალისტები იყენებენ და ეყრდნობიან აღნიშნულ ფოტომასალას, შესაბამისად, მათთვის გარჩევადია," - გვიპასუხა ნატო სულუაშვილმა.

შოვიდან გადაღებული მყინვარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ.

რა მონაცემებს აქვეყნებს ღიად სააგენტო მყინვარების კვლევაზე

მყინვარების ყოველწლიური შესწავლის, ექსპედიციებისა და სხვა სამუშაოების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუკის გვერდზე ინფორმაცია არ იძებნება.

ერთადერთი ახალი ამბავი მყინვარების კვლევის ახალ პროექტზე სააგენტომ 1 აგვისტოს გამოაქვეყნა. ის არ შეიცავს მნიშვნელოვან დეტალებს პროექტის ღირებულებაზე, ფინანსების წარმომავლობაზე [დონორი, სახელმწიფო ბიუჯეტი], პროექტის ხანგრძლივობასა და კვლევის მეთოდოლოგიაზე, ასევე საქართველოს 22 მყინვარის კვლევაში ჩართვის კრიტერიუმებზე.

ბოლო ფოტოალბომი, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს ფეისბუკის გვერდზეა გამოქვეყნებული და 2017 წლის 17 აგვისტოთია დათარიღებული, ზედაპირულად აღწერს სვანეთის მყინვარების მდგომარეობას. ალბომის სახელია "მყინვარების მონიტორინგი უპილოტო საფრენი აპარატის [სავარაუდოდ, იგულისხმება დრონი - რედ.] გამოყენებით" და მის აღწერაში წერია, რომ სააგენტო მყინვარების შესწავლისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში არ არსებობს ცალკე დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს მყინვარებს სწავლობს. ამ მოვალეობას გეოლოგიის დეპარტამენტი ინაწილებს.

სააგენტოს ვებგვერდზე არის განყოფილება "მყინვარები," სადაც ხუთ მოკლე პარაგრაფშია აღწერილი საქართველოს მყინვარები, მაგრამ არ არის მიბმული არანაირი ანგარიში მნიშვნელოვანი დეტალებით, ან სააგენტოს ხედვა იმაზე, თუ როგორ აპირებს კავკასიონის მყინვარებზე დაკვირვებასა და მათ მენეჯმენტს განსაკუთრებით ახლა, როცა დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურა მატულობს.

„მცირე გამყინვარების უკანასკნელი ფაზა, დაახლოებით, 200 წლის წინ დასრულდა და მას შემდეგ მყინვარების ფართობი და მოცულობა თანდათანობით იკლებს. ამ 200 წლის განმავლობაშიც იყო პერიოდები, როდესაც მყინვარები სიგრძეში იზრდებოდა. ეს ინტერვალები ემთხვევა შედარებით გრილ კლიმატურ მონაკვეთებს. თუმცა შემცირების საერთო ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ მცირედი აგრილების პერიოდები ვერ აკომპენსირებს დნობის საერთო ტენდენციას”, - ამბობს გლაციოლოგი ლევან ტიელიძე და ხაზს უსვამს იმას, რომ განსაკუთრებით სწრაფად აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარები დნება.

პროფესორს პესიმისტური პროგნოზი აქვს: მყინვარების დნობის შეჩერების შანსები მინიმალურია.