გადასახლებულთა დაახლოებით ნახევარი, მათ შორის ბავშვების უმეტესობა, გზაში ან გადასახლების პირველ წლებში დაიღუპა. ყარაჩაელთა გადასახლებას მალევე მოჰყვა როგორც სხვა კავკასიელი ხალხების, ასევე ყირიმელი თათრებისა და ყალმუხების მასობრივი დეპორტაცია.
80 წლის წინ, სამი დღის განმავლობაში, 2 ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, დაახლოებით 69 ათასი ყარაჩაელი (15 980 ოჯახი) იქნა დეპორტირებული, მათ შორის, 36,6 ათასი ბავშვი და 19,4 ათასი ქალი. 2,5 ათასზე მეტი ყარაჩაელი დემობილიზებული იქნა წითელი არმიიდან, რათა ისინიც გადაესახლებინათ.
კავკასიიდან გადასახლებულ ათობით ათას ადამიანს ადგილზე თითქმის არაფერი დახვედრია. ყაზახეთის ხელისუფლებამ "ჩრდილოეთ კავკასიიდან დეპორტირებულთა" მიღების შესახებ ოფიციალური განკარგულება გადასახლების დაწყებამდე სამი კვირით ადრე მიიღო. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსახლების განკარგულება N 115/13 1943 წლის 12 ოქტომბერს გამოსცა.
„რეგიონში მცხოვრები ყველა ყარაჩაელი უნდა გადასახლდეს სსრკ-ს სხვა რეგიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომიური ოლქი უნდა გაუქმდეს“, - წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს მიხაილ კალინინი აწერს.
1943 წლის 2 ნოემბერს სამხედრო ნაწილებმა, შინსახკომის რაზმებთან ერთად, დაიწყეს "გამოსახლების ოპერაცია", რომელსაც შემდეგ მოჰყვა კავკასიის სხვა ხალხების დეპორტაციების მთელი სერია. 53 ათასზე მეტი ჩეკისტი და ჯარისკაცი იყო ჩართული სოფლების (აულების) გადაკეტვის, გასასვლელების ბლოკირების, ჩასაფრების მოწყობის, სახლებიდან გამოყვანისა და პირუტყვისათვის განკუთვნილ ვაგონებში ჩასხმის ოპერაციაში. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გამოსახლების დღეს თითოეულ ოჯახზე სამი ჯარისკაცი მოდიოდა.
დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას საქონლისათვის განკუთვნილ ვაგონებში ჩაყრილი, შიმშილითა და ავადმყოფობით დატანჯული ადამიანები 2-3 კვირას ანდომებდნენ. საკვებად პურის უმცირეს ულუფას - დღეში 100 გრამს იღებდნენ. ლენინგრადის ბლოკადის დროს, 1941-1942 წლების ზამთარში ერთ სულზე 125 გრამი გაიცემოდა.
ყარაჩაელთა ორი მესამედი ყაზახეთის სამხრეთ რეგიონებში ჩაასახლეს, დანარჩენები - ყირგიზეთში, მცირე ჯგუფები ასევე გაგზავნეს ტაჯიკეთში, ირკუტსკის ოლქსა და შორეულ აღმოსავლეთში. ახალ ადგილზე ცხოვრების პირობები უკიდურესად რთული იყო: პირველ წლებში დეპორტირებულები მიწურებში, ყოველგვარი საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე ცხოვრობდნენ.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით, დეპორტაციის დროს დაიღუპა 43 ათასი ადამიანი, მათ შორის - 22 ათასი ბავშვი.
მარადიული კითხვა: რისთვის?
ყარაჩაელებისა და სხვა კავკასიელი ხალხების გადასახლების მთავარი მიზეზი გერმანიის ჯართან თანამშრომლობის ბრალდება იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ყარაჩაის ავტონომიური ოლქი (მაშინ სტავროპოლის მხარის ნაწილი) ოკუპირებული იყო ექვსი თვის განმავლობაში - 1942 წლის 12 აგვისტოდან 1943 წლის 18 იანვრამდე. საბჭოთა მთავრობამ ყარაჩაელებს ბრალი დასდო როგორც ნაცისტებთან თანამშრომლობაში, ასევე იმ ადამიანების მფარველობაში, რომლებიც ოკუპაციის დროს ჰიტლერის ჯარს ეხმარებოდნენ.
თუმცა, პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ანტისაბჭოთა მოძრაობა მასობრივი ხასიათის არ ყოფილა.
რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის Kavkaz.Realii-ს რედაქციასთან საუბარში, სტავროპოლის მხარის ქალაქ მინვოდის ინსტიტუტის მასწავლებელმა, ყარაჩაელმა ბელამ (რესპონდენტმა ითხოვა, არ დასახელებულიყო მისი გვარი) თქვა, რომ მისი ოჯახი დღემდე განიცდის დეპორტაციით მიღებულ ტკივილს.
„მთელი ჩემი ცხოვრება ამ ტკივილით ვცხოვრობ, რადგან მთელი ხალხი იყო ტრავმირებული დეპორტაციის შედეგად. მათ შეძლეს გენოციდის პირობებში გადარჩენა, შეძლეს თავიანთი იდენტობის, კულტურისა და ენის შენარჩუნება. ისინი არ ასიმილირდნენ, მაგრამ შიში დარჩა“, - თქვა ბელამ.
ბელას თქმით, დეპორტირებულთა შთამომავლებს მემკვიდრეობით ერგოთ ეს ტრავმა: მათ დარჩათ ტკივილი, რისხვა და ხსოვნა: „ამ ტკივილზე იზრდებოდნენ ადამიანები და ეს თაობიდან თაობას გადაეცემოდა. კავკასიაში ხშირად მოისმენთ ფრაზას "მთები ჩუმად არიან, მაგრამ მათ ახსოვთ ყველაფერიო". ეს ფრაზა იმაზეა, რომ არაფერი დავიწყებულა".
სამართლიანობის იმედი
ყარაჩაელთა სპეცდასახლებებზე ე.წ. შეზღუდვები 12 წლის შემდეგ, 1956 წლის სექტემბერში მოიხსნა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება მათ ჯერ ისევ არ ჰქონდათ.
სსრკ უმაღლესი საბჭოს განკარგულება:
გარდამტეხი იყო 1957 წლის 9 იანვარი, როცა ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი გადაკეთდა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ოლქად და მას დაუბრუნეს ტერიტორია, რომლის ნაწილი გადაეცა კრასნოდარის მხარეს, ნაწილი კი - საქართველოს სსრ-ს. გარდა ამისა, აღდგა ყარაჩაული ტოპონიმები.
კიდევ ორი კვირის შემდეგ მოხდა ის, რასაც დეპორტირებულები მოუთმენლად ელოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში - 1957 წლის 25 იანვარს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე ყალმუხებს, ბალყარელებს, ყარაჩაელებს, ჩეჩნებსა და ინგუშებს უფლება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, საიდანაც ისინი წლების წინ გაასახლეს.
ამ დოკუმენტით დაიწყო ყარაჩაელებისა და სხვა ხალხების მასობრივი დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში.
დეპორტაცია ოფიციალურად მხოლოდ 1989 წელს იქნა დაგმობილი. მაშინ სსრკ-ს უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია "იძულებით გადასახლებულ ხალხთა მიმართ უკანონო და კრიმინალური რეპრესიული ქმედებების აღიარების შესახებ". საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა, რომ კავკასიელების დეპორტაცია იყო „სტალინური რეჟიმის ბარბაროსული ქმედება“.
კანონი "რეპრესირებულ ხალხთა რეაბილიტაციის შესახებ" რუსეთმა 1991 წლის აპრილში მიიღო. ამ კანონის პირველ მუხლში აღნიშნული იყო დეპორტირებული ხალხების წინააღმდეგ გატარებული „რეპრესიული ქმედებების“ უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარების აუცილებლობა, თუმცა ყარაჩაი-ჩერქეზეთში არსებული ვითარების გაანალიზებისას ისტორიკოსები ამბობენ, რომ ათწლეულების შემდეგაც კი დეპორტირებული ხალხების მრავალი პრობლემა არ მოგვარებულა. ყარაჩაელი პედაგოგი ბელა კატეგორიულად არ აღიარებს დეპორტირებული ხალხების რეაბილიტაციის ფაქტს.
„[დეპორტირებულები] უდანაშაულოებად არ უცნიათ, ისინი შეიწყალეს. რა რეაბილიტაციაზეა საუბარი? დედაჩემი კომპენსაციის სახით 1000 რუბლს (100$-ზე ნაკლები) იღებს თვეში, რაც უბადრუკი კაპიკებია იმასთან შედარებით, რაც გადაიტანა. 14 წელი იცხოვრა ჯოჯოხეთში, დაკარგა ოჯახის მრავალი წევრი, ხოლო როდესაც ჩემი ოჯახი შინ დაბრუნდა, მოუწია თავისი სახლისა და ნივთების გამოსყიდვა“, - ამბობს ბელა.
რუსული ხედვა
2023 წელს ახალი სასწავლო წელი სკანდალით დაიწყო. ხმაური გამოიწვია 10–11 კლასებისთვის განკუთვნილმა რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელომ, რომელშიც ცალკე იყო ჩართული პარაგრაფი „ოკუპანტების თანამზრახველები“. ამ პარაგრაფში ნათქვამია, რომ სტალინის მიერ ხალხების დეპორტაციას საფუძვლად ედო ყარაჩაელების, ყალმუხების, ჩეჩნების, ინგუშების, ბალყარელებისა და ყირიმელი თათრების ნაცისტური გერმანიის საოკუპაციო ძალებთან თითქოსდა „თანამშრომლობის ფაქტები“.
საჯაროდ ითქვა, რომ სახელმძღვანელოში ჩართული ტექსტი ეყრდნობოდა არასანდო წყაროებს და იყო შეურაცხმყოფელი იმ ხალხებისთვის, რომლებმაც რეპრესიები გადაიტანეს.
"ჩვენ ვიცით რეალური ისტორია და დეპორტაციის ჭეშმარიტი, კრიმინალური მოტივები. ვის სურს აიძულოს ჩვენი შვილები, იკითხონ აღვირახსნილი ცილისწამება თავიანთი ხალხის შესახებ? ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას იმისათვის, რომ ეს სახელმძღვანელო აიკრძალოს!" – დაწერა კავკასიის ხალხთა რუსეთის კონგრესის თავმჯდომარემ ალი ტოტორკულოვმა.
„სახელმძღვანელომ დაბეჭდვამდე ხელისუფლების მრავალი დერეფანი გაიარა. უცნაურია, მაგრამ არცერთი თანამდებობის პირი არ აღმოჩნდა წინააღმდეგი", - აღნიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ, სახელმწიფო მრჩეველმა თამარა მალსაგოვამ. მისი თქმით, თუ სასკოლო სახელმძღვანელოში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების შესახებ ცრუ ფაქტებია მოყვანილი, მაშინ ეს სახელმძღვანელო კონფისკაციას უნდა დაექვემდებაროს, ხოლო მომდევნო გამოცემისთვის აუცილებლად ჩატარდეს ექსპერტიზა სანდრო მეცნიერებისა და პედაგოგების მონაწილეობით.
ასევე ნახეთ რუსეთის ახალი ისტორია - „პუტინის იარაღი“ სკოლაში შედის„გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც დაკავშირებულია ამ სახელმძღვანელოს გამოცემასთან და კონკრეტულად დეპორტაციის პუნქტთან, უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება, რომელიც იწვევს ეთნიკური სიძულვილის გაღვივებას. ამ სამარცხვინო სახელმძღვანელოების ავტორები უნდა განთავისუფლდნენ თანამდებობიდან, მათ ასევე უნდა ჩამოერთვათ მეცნიერული და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელების უფლება. სახელმძღვანელოს ავტორები ვალდებულნი არიან საჯაროდ მოუხადონ ბოდიში იმ ხალხებს, რომლებსაც ცილი დასწამეს“, - თამარა მალსაგოვას ამ მოსაზრებას kavkaz-uzel-ი აქვეყნებს.
ჩრდილოკავკასიელი მეცნიერებისა და საზოგადოების რეაქციის გამო, რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარე ვლადიმირ მედინსკი, როგორც ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ საბჭოთა კავშირი იყენებდა ხალხების, ეთნიკური და სოციალური ჯგუფების იძულებით გადასახლების პრაქტიკას.
”მცირე ხალხების იძულებითი გადასახლება სსრკ-ში, ტრაგიკული ისტორია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ”, - თქვა მაშინ მედინსკიმ.
10 ოქტომბერს ისტორიის სახელმძღვანელოს კიდევ ერთმა ავტორმა, МГИМО-ს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი) რექტორმა ანატოლი ტორკუნოვმა პირობა დადო, რომ ცვლილებას შეიტანდა სახელმძღვანელოში, რომელიც 755 ათასი ტირაჟით გამოიცა.
ყარაბულახის პროკურატურამ ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვა, ჩაატაროს სახელმძღვანელოს ექსპერტიზა ექსტრემიზმისა და სიძულვილის წაქეზების კუთხით, - იტყობინება უფლებადამცველი მაგომედ მუცოლგოვი.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხელმძღვანელმა რაშიდ თემრეზოვმა კი პირობა დადო, რომ დეპორტაციის ნაწილში ცვლილებები სამუშაო ჯგუფთან შეთანხმების შემდეგ შევიდოდა.
„მიუღებლად მიმაჩნია ისტორიული სიმართლის დამახინჯება რეპრესიების შესახებ, რომლებსაც მთელი ერები დაექვემდებარნენ. მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრისა. ეს საკითხი გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს“, - თქვა თემრეზოვმა.
ყარაჩაი-ჩერქეზეთში ყოველწლიურად იმართება სამგლოვიარო ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნას. ღონისძიების ცენტრალურ მომენტად მიიჩნევა მიტინგი, რომელიც იმართება ქალაქ ყარაჩაევსკში ამ ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალურ კომპლექსთან.
ჩერქესკის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტმა, ზარეტა კ.-მ შენიშნა, რომ ყარაჩაელების გადასახლების წლისთავზე მიტინგის მონაწილეები ყოველთვის იხსენებენ ამბებს, რომლებსაც ბებია-ბაბუები მათ ბავშვობაში უყვებოდნენ.
”განსაკუთრებით მკაფიოდ დამამახსოვრდა ისტორია, რომელიც ბაბუამ მიამბო თავის ახლო ნათესავზე, რომელიც ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო ცხედრებით სავსე ვაგონში ჩაკეტეს. ის იჯდა იმ ადამიანთა სხეულებზე, რომლებსაც იცნობდა და, რომლებმაც ვერ გაუძლეს საშინელ პირობებს. ამ ამბავმა მთელ ჩემს ცხოვრებას დაამჩნია კვალი - გასაგებია, რომ სანამ დღევანდელი რუსეთი იარსებებს, მე ვერასოდეს ვიქნები უსაფრთხოდ. მეც შეიძლება ნებისმიერ დროს მომაკითხონ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს კრიმინალურს არ ვაკეთებ. უბრალოდ აქ დავიბადე. თუმცა ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: თუ ბაბუაჩემი გადარჩა და დაბრუნდა ძალ-ღონითა და ოპტიმიზმით სავსე, მიუხედავად ყველაფრისა, რაც გადაიტანა, მით უმეტეს შევძლებ მე, ყველაფერს გადავლახავ და მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი ხალხის დასახმარებლად“, - ამბობს სტუდენტი ზარეტა.