"იძულებით" კარანტინში - სასტუმროს ერთ ოთახში ორ ბავშვსა და დედასთან ერთად

მარი ავსტრიიდან სპეციალური რეისით საქართველოში 1 მაისს დაბრუნდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ბავშვები 1 და 4 წლისები არიან. მოქმედი წესების მიხედვით, ყველა, ვინც საქართველოში სხვა ქვეყნიდან ბრუნდება, ვალდებულია გაიაროს ორკვირიანი კარანტინი. სახელმწიფო თავად ზრუნავს საკარანტინო სივრცეზე. ტურიზმის ადმინისტრაციამ საკარანტინო ზონებად გამოყოფილი სასტუმროების ქირაში 20 მილიონზე მეტი ლარი გადაიხადა, სასტუმროებში იზოლაცია 19 000-მდე ადამიანმა უკვე გაიარა. მარისა და მისი შვილებისთვის სახელმწიფოს ძვირად ღირებული ზრუნვა პრობლემად იქცა.

„თავიდანვე ვითხოვდი ჩემს პირად სივრცეში, სახლში თვითიზოლაციას იმის გამო, რომ ვიცოდი ჩემი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. აქვს შიშები, ნერვიული შეტევები და ერთ ოთახში 14 დღის განმავლობაში ყოფნა მდგომარეობას დაუმძიმებდა. სასტუმროში მოსვლამდე უარი გვითხრეს სახლში წასვლაზე და ვფიქრობდი, რომ როცა ნახავდნენ, როგორ მდგომარეობაში ვართ, გაგვიშვებდნენ. ყველგან დავრეკე, სასტუმროში მყოფ ექიმთან, ტურიზმის ადმინისტრაციაში, ჯანდაცვის სამინისტროში - თავიდან უარს ამბობდნენ, მერე მითხრეს, რომ ტესტს გამიკეთებდნენ და თუ ვირუსი არ დადასტურდებოდა, გამიშვებდნენ. ესეც ტყუილი აღმოჩნდა - ტესტი რამდენიმე დღის მერე და მხოლოდ მე გამიკეთეს, პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ მაინც აქ დაგვტოვეს ისე, რომ არავის აუხსნია, რატომ არ შეიძლება სახლში ვიყოთ იზოლირებულები“, - ამბობს მარი.

ის და მისი შვილები თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რამადა ენკორში“ ცხოვრობენ. სასტუმროს სტანდარტული ოთახი, სადაც სამმა ადამიანმა 14 დღე უნდა გაატაროს, მოცულობით პატარაა, აივნის გარეშე. დგას ერთი საწოლი, დივანი და მაგიდა. დერეფანში გასვლა იკრძალება - როცა ბავშვები კარიდან იხედებიან, ხმოვანი სიგნალი ირთვება და მოუწოდებს, დაბრუნდნენ ოთახში. ბავშვებს ამ ხმის, ნიღბიანი ადამიანებისა და ეზოში მყოფი პოლიციელების ეშინიათ და კიდევ უფრო მეტად ტირიან. ეს ყველაფერი ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ერთი კვირის შემდეგ მარის დედას ნება დართეს ნომერში შესულიყო. ახლა ბებიას დივანზე სძინავს, ორ ბავშვსა და დედას - საწოლზე და მუდმივად ღია აქვთ ფანჯარა. მარი ამბობს, რომ გარდა პატარა და ჩაკეტილი სივრცისა, პრობლემაა ბავშვების კვებაც - სასტუმროს რაციონში საბავშვო საჭმელი გათვალისწინებული არ არის და ნომერში საჭირო ინვენტარის არარსებობის გამო არც თვითონ შეუძლია თუნდაც ფაფის ან რაიმე ისეთის მომზადება, რაც ბავშვებს სჭირდებათ.


მარის დედა სახლიდან სასტუმროში, მკაცრად კონტროლირებად და იზოლირებულ ოთახში, ისე შეუშვეს, არც ტესტი გაუკეთებიათ, არც სიცხე გაუზომავთ და არც ჯანმრთელობის შესახებ უკითხავთ რამე. ყველა იმ ინსტიტუციას, საიდანაც მარი ცდილობდა პასუხის მიღებას, ჩვენც დავურეკეთ იმის გასარკვევად, რამდენად არის გათვალისწინებული მოქალაქეების კარანტინში განწესებისას ბავშვების საუკეთესო ინტერესები და განიხილება თუ არა გამონაკლისები ინდივიდუალური, სპეციფიკური შემთხვევებისთვის.

სასტუმროს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მათ მხოლოდ სტუმრების მომსახურება ევალებათ და მათთან ჯანმრთელობის საკითხებზე ორი ექიმი და სამი ექთანი მუშაობს, რომლებიც ერთმანეთს მორიგეობით ცვლიან. ექიმებმა არ ისურვეს რადიო თავისუფლებისთვის განემარტათ, შესაძლებელი იყო თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში დედა მცირეწლოვანი ბავშვებით იზოლაციაში სახლში ყოფილიყო და თუკი შეუძლებელი იყო, რატომ გაუკეთეს ტესტი მხოლოდ მას და როგორ აღმოჩნდა მარის დედა ყველანაირი შემოწმების გარეშე სასტუმროს ნომერში. განმარტებას არც ტურიზმის ადმინისტრაცია და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა.

„სახლი მაქვს, სადაც შემეძლო მარტო ვყოფილიყავი ბავშვებთან ერთად, შეეძლოთ შეემოწმებინათ, მქონდა თუ არა პირობები და ბავშვებს არ მოუწევდათ ამ სტრესში ყოფნა. არც კი ვიცი, რამდენჯერ დავრეკე ყველა ნომერზე, ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვების ვიდეოებიც კი გავუგზავნე, სადაც ტირიან. არც კი უნახავთ“, - ჰყვება მარი, რომელსაც კარანტინის დასრულებამდე 4 დღე აქვს დარჩენილი. ოჯახი შინ 16 მაისს დაბრუნდება.