იცით, რა არის გრგ და რატომ თვლიან მესაკუთრეები, რომ ის მათ უფლებებს ართმევს?

თბილისი

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მერიის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა და ილაპარაკა იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გაატარა. თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევს, რომ ქალაქის ქაოსური განაშენიანება შეაჩერა. პრეზენტაციის ეს ნაწილი ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა და აღნიშნა:

„გაუნაშენიანებელ, დაუსახლებელ და ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ ტერიტორიებზე მუნიციპალიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს მშენებლობის ნებართვას, თუ ხდება მისი სათანადოდ გეგმარება“.

ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქის საზღვრის პირას, ცარიელ ადგილზე, ნებისმიერი ნაგებობის აშენებას განაშიანების რეგულირების გეგმა სჭირდება. ამ გეგმის წარდგენის ტვირთი მშენებელზეა - მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მსხვილი დეველოპერი თუ კერძო პირი.

მერიამ ასეთი მშენებლობის 11 არეალი გამოკვეთა, მათ შორის, ლისის ტბის ტერიტორია. ცოტა ხნის წინ აქ მასშტაბური მშენებლობა დაიგეგმა - 418 000 კვადრატულ მეტრზე ახალი საცხოვრებელი უბანი, „ლისი ტოპოგრაფი”, შენდება, რომლის განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე დამტკიცდა. კომპლექსი მოიცავს 244 ნაკვეთს, 5 პარკს, 3 საფეხბურთო, საჩოგბურთო და საკალათბურთო მოედანს და 9 364 კვადრატული მეტრის კომერციულ ფართს. პროექტი ღობით იქნება შემოსაზღვრული.

კახა კალაძემ და ირაკლი ხმალაძემ მერიის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინეს

აქვე, სამი კილომეტრის მოშორებით, სოფელ ლისის მახლობლად, ათობით მცხოვრები წლების განმავლობაში ცდილობს საკუთარ ნაკვეთებში მშენებლობის ნებართვა მოიპოვოს, რომ ორსართულიანი სახლი აიშენოს. პრობლემას სწორედ განაშენიანების რეგულირების გეგმა, ანუ გრგ, ქმნის.

რას წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების გეგმა?

გრგ სპეციალური დოკუმენტია, რომელსაც პროფესიონალი ურბანისტი კვლევების საფუძველზე ამზადებს. ამ საკმაოდ ვრცელ საბუთში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, როგორი იქნება მომავალი განაშენიანება, რას მოუტანს ქალაქს, როგორი იქნება შენობებს შორის ქუჩათა ქსელი, როგორ განლაგდება ნარჩენების ურნები - მოკლედ, ყველაფერი, რაც შენობის გარეთ ხდება. გრგ მოიცავს ნაკვეთზე ფართების დამიჯვნის გეგმას, ღობის სიმაღლეს, სტილს და მასალას. რაც მთავარია, განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალი 5 000 კვადრატული მეტრი უნდა იყოს.

„ლისი ტოპოგრაფის“ პროექტის ვიზუალიზაცია

2019 წელს თბილისმა ქალაქის გენერალური გეგმა დაამტკიცა და გრგ ამ ხედვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ჩანაფიქრის მიხედვით, თბილისი კომპაქტური ქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც შიგნით განვითარდებოდა და განაშენიანება მის ფერდებს არ მოიცავდა და, შესაბამისად, არ იზარალებდა ქალაქის განაპირა მწვანე ზონები. თუკი მშენებელი ქალაქის კონტურთან მშენებლობას დააპირებს, განაშენიანების რეგულირების გეგმა იცავს ქალაქს ქაოსური განვითარებისგან.

ამ დოკუმენტის მომზადებას არაერთი სპეციალისტის მონაწილეობა სჭირდება. გრგ მოიცავს სატრანსპორტო ზემოქმედების შეფასებას, დენდროლოგიურ, გეოლოგიურ და ბიოკლიმატურ კვლევებს და საინჟინრო ქსელის გეგმას. გრგ-ს ფასი, დაახლოებით, 30 000 ლარიდან იწყება და შეიძლება 200 000 ლარამდე ავიდეს.

როგორ ზღუდავს გრგ კერძო მესაკუთრეს

კერძო მესაკუთრეებისთვის, რომლებსაც, დეველოპერებისგან განსხვავებით, ფინანსური რესურსი არ აქვთ, გრგ-ს შედგენა ძვირი ჯდება. ამასთანავე, ხშირად ზედმეტად პატარა მიწას ფლობენ. ამ შემთხვევაში მერია მათ მეზობლებთან გაერთიანებას სთავაზობს, რათა პროექტი ერთიანად წარადგინონ, მაგრამ პრაქტიკაში ძნელია მეზობლების საკმაო რაოდენობა შეიკრიბოს, რომ ათასობით ლარის პროექტის ღირებულება ერთიანად დაფარონ.

თამარ გიორგაძის ნაკვეთი

თამარ გიორგაძის 1500 კვ. მეტრის ნაკვეთი ლისის ტბიდან სამიოდე კილომეტრში მდებარეობს. მიწა მემკვიდრეობით ერგო და რამდენიმე წელია, ცდილობს მასზე კერძო ორსართულიანი აგარაკი აიშენოს. მერიამ მისგან დაგეგმარება მოითხოვა, მაგრამ ფართი არასაკმარისი იყო, ამიტომ თამარმა მერიას მიმართა, რომ გრგ-სთვის საჭირო არეალი მოენიშნათ - ასე შეძლებდა, მეზობლებთან გაერთიანებულიყო. პასუხად მოუვიდა, რომ მოცემული ტერიტორია განაშენიანების რეგულირების გეგმას არ ექვემდებარება, რადგან მერიის მიმდინარე კვლევის ობიექეტია.

„წლებია, ამ კვლევას ველოდები და არასდროს მინახავს. ფაქტობრივად, მოქალაქეობრივი უფლება შეზღუდული მაქვს მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე“.

ანა ბიბილაშვილი არქიტექტორი და ურბანისტია, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მესაკუთრეებს კონსულტაციას უწევს. ის ამბობს, რომ თამარის და მისი მეზობლების შემთხვევაში მერია მიმდინარე კვლევას იმიზეზებს. ის ამბობს, რომ მერიის ამჟამინდელი მიდგომა, ფაქტობრივად, მოქალაქეების საკუთარი მიწებიდან გაძევების ტოლფასია.

„ფაქტობრივად, საკუთრების უფლებას უზღუდავს მერია, რადგან აიძულებს ისეთი პროექტი მოამზადებინოს, რომლის ფინანსური რესურსიც არ გააჩნიათ. ამ ხალხს მიწები გაჩერებული აქვს. ეს ხალხი იძულებულია, გაყიდოს თავისი ნაკვეთი მიზერულ ფასად. მსხვილი დეველოპერები ხშირად ჩასაფრებულები არიან, რომ ეს ნაკვეთები შეისყიდონ და გაცილებით დიდი მოგება ნახონ“.

თამარ გიორგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიწის გაყიდვა არაერთხელ შეუთავაზებიათ - მათ შორის, ფარული ტელეფონის ნომრიდან.

„უთქვამთ, რომ მიწა მაინც არ გამეყიდება და ძალიან დაბალ ფასში მთავაზობდნენ მიწის ყიდვას“.

ასევე ნახეთ სოფელ ლისის ორი მხარე

ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ გრგ-ს პრობლემა, დაახლოებით, 30 000 კერძო მესაკუთრეს დაუდგა მას შემდეგ, რაც მერიამ თბილისის გენერალური გეგმა დაამტკიცა.

„ასე არ უნდა ხდებოდეს ქალაქის მართვა. გენგეგმა ადგენს ქალაქის კონცეფციას და ვერასდროს იქნება სრულყოფილი. გენგეგმაში იყო მონიშნული არეალები, რომლებიც მერიას უნდა ეკვლია და მოემზადებინა კონცეფცია. ასეთი რამ ლისის ტერიტორიას ძალიან სჭირდება. მაგალითად, შეიძლება მოლაპარაკება კერძო მესაკუთრესთან, რომ ეს სივრცე კომერციულ სარეკრეაციო სივრცედ გადაიქცეს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა“.

ანა ბიბილაშვილი და კერძო მესაკუთრეების გაერთიანება უახლოეს პერიოდში აპირებენ, რომ საკრებულოს და მერიას მიმართონ თხოვნით, მესაკუთრეებს შეუმსუბუქდეთ განაშენიანების რეგულირების გეგმის ტვირთი.