იცით ვის ირჩევთ? ნახეთ, ვინ რას გპირდებათ: ნაწილი I

სამ დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებს შეხვდებით ყველგან - საარჩევნო პლაკატებზე, გადაცემებს შორის, ტელევიზორის ყურებისას. რეკლამამ, შეიძლება,ინტერნეტში ფილმის ყურებაც შეგაწყვეტინოთ. თუმცა ამ მოკლე საარჩევნო გზავნილების გარდა, არსებობს კიდევ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები და ხედვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე - www.partiebi.ge კი არის ის პლატფორმა, სადაც რამდენიმე ძირითადი საარჩევნო სუბიექტის მოსაზრებებია თავმოყრილი.

პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, სოციალური სფეროს, განათლების, უმცირესობების, უსაფრთხოების და სხვა თემებზე დასმული 35 კითხვიდან, ამ პლატფორმაზე განთავსებული, არჩევნებში მონაწილე 12 პოლიტიკური ძალის საყურადღებო პასუხები შევაგროვეთ.

იცით, ვის და რატომ ირჩევთ და რას ფიქრობენ ისინი თქვენთვის რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე? შეიძლება პასუხები აქ იპოვოთ.

ვის როგორ წარმოუდგენია ქვეყნის ეკონომიკის ზრდა?

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ მიიჩნევს, რომ ეს გზა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებაზე გადის. ხოლო კომპანიებს მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაეკისროთ დღგ-ს გადახდის ტვირთი, როდესაც მათი ბრუნვა 300 000 ლარს მიაღწევს.

„გირჩი“ ლაკონურია და ამბობს, რომ სწრაფი გამდიდრებისთვის აუცილებელია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ხალხს გადაეცეს.

„ევროპული საქართველოს“ ლოზუნგია „ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა - ხალხს და ბიზნესს?

კონკრეტულ გეგმა-დაპირებებს შორისაა:

  • ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის შემცირება 25%-ით;
  • დღგ-ს 18-დან 16%-მდე შემცირება;
  • საშემოსავლო გადასახადის 20-დან 10%-მდე შემცირება და ა.შ.

ამან კი, ჯამში, ამან უნდა გააჩინოს 100 000 სამუშაო ადგილი (უფრო დეტალურ ინფორმაციას მითითებულ ლინკებზე გაეცნობით).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებიდან:

  • 10-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში, რაც მოიტანს ასობით ათას ახალ სამუშაო ადგილს;
  • გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი - მეტი შემოსავალი ოჯახებსა და ბიზნესს;
  • სესხის დაბალი პროცენტი და კრედიტების გადავადება - მეტი შესაძლებლობები ბიზნესსა და ოჯახებს!

დაპირებებს შორისაა საშუალო ხელფასის გაზრდა 2000 ლარამდე.

„ქართული ოცნება“გეგმავს, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85% შესრულებული იქნება.

ამომრჩეველს 200 ათასი სამუშაო ადგილს ჰპირდება. აქედან 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილი, მმართველი პარტიის გეგმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შედეგად გაჩნდება.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობას“ მიზნად დაუსახავს:

  • საგადასახადო პოლიტიკის ეტაპობრივი და მოზომილი ლიბერალიზაცია;
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ამისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიღება;
  • ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ამისთვის სატრანზიტო ტარიფების ოპტიმიზაცია.

„თავისუფალი საქართველოს“ ეკონომიკურ პრიორიტეტებს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ამ პარტიას ადგილობრივი წარმოების წახალისება აქვს მიზნად. და საამისოდ, აპირებს საბაჟო და ანტიდემპინგური შეზღუდვების დაწესებას იმ ძირითადი მოხმარების პროდუქციაზე, რასაც საქართველო თავად აწარმოებს.

„ლელო საქართველოსთვის“გეგმავს ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის შექმნას.

თუ დღეს ქვეყანაში დაახლოებით 60 000 ადამიანი (შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 3%) იღებს 4000 ლარზე მეტ თვიურ შემოსავალს, „ლელო“ ამბობს, რომ ამ მაჩვენებელს 10-ჯერ გაზრდის და ქვეყანას დაახლოებით 600 000 შეძლებული ოჯახი ეყოლება.

„ლელოს“ ეკონომიკურ გეგმებს შორისაა ასევე ისიც, რომ საქართველოს ეყოლება მცირე და ციფრული მთავრობა. ხოლო ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, ანაკლიის პორტის ჩათვლით, 4 წელიწადში დასრულდება.

„ლეიბორისტული პარტიის“ მთავარი ლოზუნგია ოლიგარქიასთან ბრძოლა და მონოპოლიების (ასევე ოლიგოპოლიების) დაშლა.ასევე:

  • ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების გაზრდა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ტურისტული სივრცეების მოსაწყობად;
  • საგადასახადო შეღავათები ბიზნესს.

„რეფორმატორები“

კრიზისიდან გამოსვლის მოკლე და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებულ სტრატეგიას შეიმუშავებენ, რომლის პრიორიტეტიც უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ადამიანური კაპიტალის გონივრული გამოყენება.

„სამართლიანობისთვის“ გეგმავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებას.

ეკონომიკურ გეგმებს შორისაა იმპორტის ეტაპობრივად შემცირება ქვეყნის შიგნით არსებული/შექმნილი ნაწარმით. ასევე ისეთი წესების შემუშავება, რომლებიც დაიცავს და ხელს შეუწყობს ეროვნულ წარმოებას.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ უფრო კონკრეტულია:

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშენდება 9 სხვადასხვა პროფილის ინდუსტრიული პარკი. მაგალითად, სამშენებლო-ინდუსტრიული პარკი -რუსთავში, ტექსტილის - ბათუმში, ავეჯისა - ქუთაისში და ა.შ

5 წლის ეკონომიკური გეგმა კი ასეთია:

  • 1-ლი წელი - ინვესტიციების მოზიდვა, ტერიტორიების გამოყოფა, ხელშეკრულებების გაფორმება;
  • მე-2 წელი - ინფრასტრუქტურის მოწყობა;
  • მე-3 წელი - საწარმოების ამუშავება, პროდუქციის გამოშვება;
  • მე-4 წელი - მასშტაბირება, იმპორტის ჩანაცვლება;
  • მე-5 წელი - ექსპორტზე გასვლა.

ვის როგორ წარმოუდგენია საქართველოს სოფლის მეურნეობის შველა-განვითარება?

„ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“ - გეგმავს, ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული აღარ იყოს. ეს კი ასე უნდა მოხდეს: ქართული პროდუქციის გამოყენების წახალისების მიზნით, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ჯარმა, ციხეებმა, სკოლებმა მხოლოდ ქართული პროდუქცია უნდა შეიძინონ.

გეგმებში თელავის უნივერსიტეტის განვითარებაცაა - მან კვალიფიციური მეღვინეები, აგრონომები და მეურნეები უნდა გამოზარდოს, რომ უცხოელების დაქირავება აღარ დაგვჭირდეს.

„გირჩს“ აქ მოკლე და კონკრეტული გეგმა აქვს:

აკრძალავენ სუბსიდიებს, დაუშვებენ თავისუფალ ვაჭრობას სხვა ქვეყნებთან. ამ პარტიას სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა გაზვიადებული ჰქონია.

„ევროპულ საქართველო“ უნდა, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული სოფელი და არა ღარიბი სოფელი. ამას მისაღწევად:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწები, ტყეები და საძოვრები გადაეცეს ხალხს;
  • სახელმწიფო ქონება და წიაღისეული გადანაწილდეს მოქალაქეებზე;
  • შეშის მოპოვებაზე შეზღუდვები მოიხსნას;
  • სოფლების გაზიფიკაცია დასრულდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა - ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 100 სოფლის სახლი. ამ სახლებში ქართველი ფერმერებმა მათთვის საჭირო ყველა მომსახურება უნდა მიიღონ.

გეგმაშია მიწის საკუთრებაში გადაცემა და უფასო რეგისტრაციაც.

„ქართული ოცნების“ გეგმა და დაპირება ასეთია: ისინი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავენ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობას“ სურს, თან იმპორტი წაახალისოს და თან ადგილზე ფერმერული მეურნეობების განვითარებას შეუწყოს ხელი.

„თავისუფალი საქართველო“ - აქ მხოლოდ ორ პუნქტს მოვიყვანთ:

  • დაწესდება შეშის ჭრის შეღავათიანი რეჟიმი ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმებით;
  • საქართველოს საზღვრებზე დაწესდება უმკაცრესი სასურსათო კონტროლი, რათა შიდა ბაზარზე არ მოხვდეს მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული იაფფასიანი, მაგრამ ეკოლოგიურად არაჯანსაღი პროდუქტები.

„ლეიბორისტული პარტიის“ ხედვა სოფლის განვითარების სფეროში მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და სხვა მიწების სტატუსის შეცვლის უკიდურესად გამკაცრებას - სხვა ქვეყნის მოქალაქეთა დასახლებების წარმოქმნის პრევენციისთვის.

ასევე მიზნად აქვთ გადამამუშავებელი წარმოებისა და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

„ლელოს“ სოფლის მეურნეობის გადარჩენის გეგმაშია მიწის ახალი რეფორმა, რაც მოიცავს:

  • მიწების სრულ აღრიცხვა-რეგისტრაციას;
  • მიწის ბანკის შექმნას, რომელიც გამოუყენებელი მცირე ნაკვეთების კონსოლიდირებას მოახდენს;
  • სახელმწიფო მიწების სრულ განკერძოებას.

„რეფორმატორები“ გეგმავენ, შვეიცარიულ მოდელზე დაყრდნობით, შექმნან ახალგაზრდა და დამწყებ ფერმერთა ხელშემწყობი სათემო ბანკები, რითაც გაჩნდება ხელსაყრელი გარემო ახალი ბიზნესმოდელების შესამუშავებლად.

„სამართლიანობისთვის“ - მიზანი ამ სფეროში არის ძლიერი სოფელი. აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებად კი სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარება მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის რეფორმა უნდა გატარდეს, რაც სასოფლო მიწების ფრაგმენტაციას აღმოფხვრის.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნის „მიწის სასამართლოს“ - მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების მიზნით.

რა უშველის ტურიზმს?

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ სხვა ჩამონათვალს შორის უწერია, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციხესიმაგრეების პრივატიზება. აი, მაგალითად, გორის ციხის. ხოლო ინვესტორს დაეკისროს მათი რესტავრირებისა და იქ ტურისტული ცენტრების ჩამოყალიბების ვალდებულება.

„გირჩი“ აქაც ლაკონურია და მიიჩნევს, რომ ტურიზმი ბიზნესია და თუ ხელს არ შეუშლი, განვითარდება. ამიტომ ისინი ბიზნესს ხელს არ შეუშლიან და „გააუქმებენ უაზრო რეგულაციებს“.

„ევროპული საქართველოს“ გეგმაშია:

  • რუსთავი-მარნეულის დაბალბიუჯეტიანი აეროპორტის გახსნა;
  • ქუთაისის აეროპორტის გაფართოება;
  • ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის დამატება;
  • თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული რკინიგზის გახსნა;
  • თბილისის შემოვლითი რკინიგზის ამუშავება;
  • ლენტეხი-მესტიის, გომბორის, გოდერძის და მლეთა-ყაზბეგის გვირაბების აშენება;
  • ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის მშენებლობის დასრულება.

„ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, რომ გააუქმოს საგადასახადო კოდექსის 2/3, რაც პირდაპირ გააძლიერებს ბიზნესს.

„ქართული ოცნება“ გააფართოებს ბათუმის და ქუთაისის აეროპორტის ტერმინალებს. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის ფართობი ხუთჯერ გაიზრდება, ხოლო მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობა გაოთხმაგდება.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ტურიზმის ინდუსტრიისთვის 2021-2023 წლებში საშეღავათო რეჟიმის შენარჩუნებას.

„თავისუფალი საქართველო“ პოზიცია ამ საკითხზე უცნობია.

„ლეიბორისტული პარტია“ გეგმავს თბილისის აეროპორტის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას და იაფი სამოგზაურო ფრენების დაწესებას თბილისიდან.

„ლელო საქართველოსთვის“ მიზანია ის, რომ ქვეყანა ეტაპობრივად უნდა მოემზადოს მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მისაღებად და სათანადო სერვისების შესათავაზებლად. ეს ხელს შეუწყობს მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების სეგმენტის მკვეთრ ზრდას.

„რეფორმატორები“ აპირებენ პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კარანტინის გამო, ტურისტული სერვისის ოპერატორები და სასტუმროები 2 წლით გაათავისუფლონ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.

„სამართლიანობისთვის“ მცირე (საოჯახო) და საშუალო ზომის ტურისტული სექტორის ხელშეწყობაა მიზანი.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ შემუშავებული აქვს ტურიზმის განვითარების ქართული მოდელი, რომლის შედეგად 5 წელიწადში: ქვეყანაში შემოვა 25 მლნ ტურისტი, რომელთაგან სულ მცირე 10% იქნება მაღალგადახდისუნარიანი ტურისტი. ეს კი ნიშნავს 5 მლრდ დამატებით შემოსავალს ქვეყნისთვის და დაახლოებით 80 000-მდე სამუშაო ადგილს.

ტურისტების მისაღებად უნდა აშენდეს სულ მცირე 180 ბრენდული და გამაჯანსაღებელი სასტუმრო-კომპლექსი რაიონებში და 3 000 „გესთჰაუსი“ სოფლებში.

რას უპირებენ სასამართლო სისტემას?

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ გამოდის ინიციატივით, საქართველოში შეიქმნას ავტორიტეტული საერთაშორისო არბიტრაჟი, რომლის უფლებამოსილება უპირატესად ბიზნესდავებზე გავრცელდება, ეს კი ინვესტორებს მეტ ნდობას გაუჩენს.

„გირჩი“ ხუთპუნქტიანი გეგმის მომხრეა:

  • ბრალდებულს უფლება აქვს მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, თუ მის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელად ითვალისწინებს პატიმრობას.
  • პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეებს უშუალოდ ხალხი ირჩევს.
  • კლანი უნდა წავიდეს.
  • ამერიკელი და ინგლისელი მოსამართლეები - სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში.
  • ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცედენტებად აღიარება.

„ევროპული საქართველო“ გეგმებს შორისაა უფლებამოსილების შეწყვეტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის. უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება. საკონსტიტუციო ცვლილების გზით 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.

„ნაციონალურ“ მოძრაობას“ სხვა არაერთ გეგმას შორის აქვს:

  • 2021 წელს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების განხილვისას;
  • 2024 წლის ბოლომდე კი - ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება ყველა დანაშაულზე, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებს;
  • სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს ექნება შესაძლებლობა, ნაფიც მსაჯულთან ერთად აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე.

„ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. ასევე გეგმავს მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის უწყვეტ პროფესიული განვითარებას.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ უნდა, რომ სასამართლო იყოს მოქალაქეებისთვის იაფი.

უნდა გაუქმდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

მათი აზრით, დაუშვებელია მოსამართლეთა, მით უფრო მოქმედ მოსამართლეთა, უვადოდ (სიცოცხლის ბოლომდე) დანიშვნა.

ეს პარტია მოსახლეობას სთავაზობს კანონპროექტს ამპაროს პროცედურის, ანუ ახალი ინსტიტუციის შემოსაღებად, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ მოქალაქეებს, მიუხედავად ხანდაზმულობისა, მიეცეთ სამართლებრივი საშუალება, გადაისინჯოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მათ ამ გზით მიაღწიონ დარღვეული უფლებების აღდგენას.

„ლეიბორისტული პარტია“ მიიჩნევს, რომ

  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები, მუნიციპალური პოლიციის ხელმძღვანელები და პროკურორები უნდა აირჩიოს ხალხმა;
  • ზედა ინსტანციის მოსამართლეებს დაამტკიცებს პარლამენტი საპარლამენტო ოპოზიციის არანაკლებ ერთი მესამედის თანხმობით.

„ლელოს“ მოდელი გულისხმობს:

  • სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ სისტემას;
  • დროულ და სამართლიან (და დასაბუთებულ) სასამართლო გადაწყვეტილებებს;
  • ყველასთვის ხელმისაწვდომ სასამართლოს (ფინანსურად ხელმისაწვდომი, ასევე ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებებზე).

„რეფორმატორების“ იდეა სასამართლოს მიმართ გამომდინარეობს საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე გადასვლიდან, რაც მათი აზრით, ისედაც გულისხმობს ხელისუფლების შტოების მკაცრ გამიჯვნას (საპარლამენტო მმართველობის ფორმისგან განსხვავებით). ხოლო ეს თავისთავად უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მკვეთრ ზრდას.

„სამართლიანობისთვის“ ამ საკითხს ასე ხედავს:

პარლამენტმა ხელახლა უნდა ჩამოაყალიბოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რათა საბჭო გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან; ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა გადავადდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და ყველა მოსამართლის გამწესება მოხდეს ვადით (მაგ 10 წლით).

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვის ერთ-ერთი პუნქტია 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას.

ამ სტატიის მეორე ნაწილში ჩვენ მოგიყვებით თუ რა ხედვები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის, „მცოცავი ოკუპაციის“, განათლების, თავდაცვის, უმცირესობების მიმართ პოლიტიკის კუთხით.