იქცევა თუ არა COVID 19  სეზონურ ვირუსად?

აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თანახმად, ახალ კორონავირუსს, სავარაუდოდ, სეზონური ხასიათი ექნება.

ეს განცხადება მან 5 აპრილს, ტელეკომპანია CBS-ის ეთერში საუბრისას გააკეთა:

„თუკი სიტუაციას კონტროლის ქვეშ გლობალურად არ მოვაქცევთ, არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ ვირუსი მიიღებს სეზონურ ხასიათს“.

მისი სიტყვებით, სანამ ვირუსი ბოლომდე „ამოიძირკვება პლანეტიდან“, უნდა ვიყოთ მზად, რომ მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, ვიხილოთ ვირუსის ხელახალი გააქტიურება.

ფაუჩიმ ინტერვიუს დროს ისიც აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლება, სწორედ ამიტომ არ იშურებს ძალებს, რომ მომავალ სეზონზე, ვირუსის შესაძლო გააქტიურებას მზად დახვდნენ - მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინაზე, სრულდება კლინიკური კვლევები თერაპიულ ინტერვენციაზე:

„თუკი იქნება ვირუსის ხელახალი გააქტიურება, იმედია, ჩვენ უკვე გვექნება ინტერვენციის ისეთი საშუალებები, რომლებიც ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე არ გვქონდა“.

შეიძლება ველოდოთ COVID 19-ის შემთხვევების შემცირებას ზაფხულში?

ამ დრომდე, ეპიდემიოლოგებს არ აქვთ ზუსტი პასუხები კითხვებზე, დაიკლებს თუ არა შემთხვევათა რაოდენობა ზაფხულში? იმოქმედებს თუ არა ცხელი და ტენიანი ამინდები ვირუსის გავრცელებაზე? ამ ეტაპზე, ისინი მხოლოდ ვარაუდებითა და ზოგადად, სეზონური ინფექციების ხასიათიდან გამომდინარე მსჯელობენ და ასე ცდილობენ პროგნოზების გაკეთებას.

ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები, თანხმდებიან, რომ მხოლოდ ზაფხული და მაღალი ტემპერატურა ვერ იქნება ვირუსის გავრცელების შემცირების განმაპირობებელი. უბრალოდ, მათი ვარაუდით, გავრცელების მაჩვენებელი შედარებით ნელა მოიმატებს. ის, რომ ტენიანი და ცხელი ამინდი არ არის ვირუსის გავრცელების შეჩერების გარანტი, ეპიდემიოლოგების თქმით, ამას ადასტურებს სინგაპურის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის მაჩვენებლებიც. ისინი ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება ჰონგ კონგმა და სინგაპურმა უმკაცრესი კონტროლის მექანიზმების საფუძველზე მოახერხეს.

ჯორჯ რაზერფორდის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორისა და ეპიდემიოლოგის თქმით, მოსაზრება, რომ ვირუსი აპრილის ბოლოს, ან მაისში „ჯადოსნურად გაქრება“, ეს მხოლოდ და მხოლოდ „ჯადოსნური მოსაზრებაა“: „პროგნოზების თანახმად, ზაფხულში ვირუსის გავრცელების არც თუ ცოტა მაჩვენებელი იქნება“, - ამბობს ექიმი რაზერდორდი.

პროფესორი ლი რილის, ბერკლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფექციურ დაავადებათა და ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით კი, იქიდან გამომდინარე, რომ COVID 19 სრულიად ახალი ვირუსია, ძალიან რთულია წინასწარ ივარაუდო, რა მოხდება: „თუკი შევეცდებით ექსტრაპოლირებას (წარსული ტენდენციების მომავალში გადატანის საფუძველზე პროგნოზირებას), მაშინ, არ უნდა მოველოდეთ, რომ ვირუსი ზაფხულში მთლიანად გაქრება“.

მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როგორც წესი, ვირუსისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის ულტრაიისფერი ზემოქმედება, ანუ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება, თუმცა, ის პროგნოზი, რომ ახალ ვირუსს ზაფხულში ექნება გარკვეული რეაქცია და მაღალი ტემპერატურა მას შეამცირებს, ამის მოლოდინი არ არის.

მაია ბუწაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კაცობრიობას აქამდე არასდროს ჰქონია კორონავირუსული პანდემია, ძალიან ძნელია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე, მეცნიერები და ეპიდემიოლოგები, მათ შორის ენტონი ფაუჩიც ეყრდნობა, ეს არის გრიპის პანდემიების წარსული გამოცდილება, რომელიც უკანასკნელად 2009 წელს, H1N1-ის, ანუ ე.წ. ღორის გრიპის სახით გვქონდა:

„მუდმივი არაფერია და ყველაფერს აქვს მილევის ტენდენცია. ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ და რა პროგნოზებსაც ვაკეთებთ, გამომდინარეობს იმ ტენდენციებიდან, რომლებიც გრიპს ახასიათებს. როგორც წესი, ვირუსები ბრუნდება, უბრალოდ, უმრავლეს შემთხვევაში, ისინი გადაიქცევიან ხოლმე უფრო სეზონურ ინფექციებად. სეზონურ გრიპს კი ვუწოდებთ არა პანდემიურს, არამედ სტანდარტულად, ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით, ყოველ წელს მიმდინარე ინფექციებს. ეს ტალღა ახლა რომც ჩათავდეს, ვირუსი დედამიწიდან არ გაქრება და შემდეგ სეზონებზეც, მართალია არა პანდემიური სახით, მაგრამ როგორც სეზონურ გრიპს ახასიათებს ხოლმე, ამ სახით დაბრუნდება“.

მაია ბუწაშვილის თქმით, სეზონურობის გათვლაზე მეტად, როგორც წესი, პიკური ტალღების გადავლა ხდება ხოლმე მოსახლეობის უკვე გამომუშავებული იმუნიტეტის ხარჯზე:

„მოსახლეობის ნაწილს უმუშავდება იმუნიტეტი, თუნდაც ხანმოკლე. ვირუსის გადაცემების ჯაჭვში სწორედ ეს ფაქტორი ასრულებს მნიშვნელოვან როლს, ანუ ვირუსს უფრო და უფრო ხშირად ხვდება ისეთი ორგანიზმი, სადაც ეს ვირუსი უკვე ნამყოფია და წყდება გადაცემის ჯაჭვი. სწორედ ამის გამო ხდება, რომ ვირუსები გადადიან ხოლმე მილევად რეჟიმში“.

უნდა ველოდოთ თუ არა ვირუსის მეორე ტალღას შემოდგომაზე?

ლი რილის თქმით, ეპიდემიის ხელახალი გააქტიურება სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, მეორე ტალღის ნიშნები უკვე გამოჩნდა ჰონგ კონგში: „ჰონგ კონგი, პირველ ეტაპზე, წარმატებით გაუმკლავდა ეპიდემიას, შემდეგ თითქოს მოდუნდნენ და შეზღუდვები შეამცირეს. ახლა კი იქ ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება“.

პროფესორი რაზერფორდი ამ კითხვაზე საპასუხოდ 2009 წლის, ე.წ. ღორის გრიპის პანდემიას იხსენებს: „ზაფხულის დასაწყისში აშშ-ში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები არდადეგებზე დაითხოვეს. იკლო გრიპის შემთხვევების მაჩვენებელმა. თუმცა, როდესაც სტუდენტები შემოდგომაზე სასწავლებლებს დაუბრუნდნენ, მეორე დარტყმა წამოვიდა. ეს აფეთქება მალევე ჩაახშეს, რადგან სწორედ იმ შემოდგომაზე ვაქცინაც გამოვიდა. ამჯერად, ეს არ გვემუქრება. ჩვენ შევეცდებით სიტუაციის შენელებას, სანამ ვაქცინა გვექნება“.

მოგვიწევს თუ არა სოციალური დისტანციის დაცვა შემოდგომაზეც?

ეპიდემიოლოგების განცხადებით, თუკი სოციალური დისტანციის სცენარი ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო გზა იქნება, მაშინ, სანამ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები მინიმუმამდე არ იქნება დაყვანილი და სანამ ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატი არ დამტკიცდება, მანამდე მოსალოდნელია, რომ საზოგადოებას პერიოდულად მოუწიოს სოციალური დისტანციის დაცვა, რაც მათივე თქმით, ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე და არა მხოლოდ.

პროფესორი ლი რილი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს ე.წ. ლოკდაუნის (მკაცრი იზოლაციის) ახალი რაუნდის საჭიროებაც. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი: „რა მოხდება მომავალ წელს? კვლავ დაგვიბრუნდება ვირუსი? შესაძლოა თუ არა, რომ ის დაბრუნდეს არა მომავალ წელს, არამედ ორი წლის შემდეგ? ალბათ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მოგვიწევს მკაცრი იზოლაციის დაცვა“.

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს

6 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 288 319 ადამიანი. გარდაცვლილია 70 567. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 272 024-ს მიაღწია.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ანუ პირველი აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით, გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ 5 აპრილს დაფიქსირდა და მან 4737 ადამიანი შეადგინა. თითქმის 1000 გარდაცვლილით ნაკლები, ვიდრე 4 აპრილს.

დღითიდღე კლებულობს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამაც. თუკი 3 აპრილს მსოფლიოში კორონავირუსის 101 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 აპრილს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 71 418 შეადგინა.

რაც შეეხება ამერიკას, ესპანეთსა და იტალიას, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით 208 ქვეყნისა და ტერიტორიისგან შემდგარ სიას სათავეში უდგანან, ბოლო დღეების განმავლობაში, სამივე ქვეყანაში მკვეთრადაა შემცირებული ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები.