რა გზით გამოვა მელია ციხიდან?
22 აპრილს ბრიუსელში მყოფმა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაასახელა ევროპარლამენტარი, რომელიც, მისი თქმით, მზად არის, თავდებად დაუდგეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას. მისი თქმით, ეს ევროპარლამენტარი რიჰო ტერასია „ევროპის სახალხო პარტიიდან", ესტონეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი.
ამ დროისთვის თავდებობის ინიციატივას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს ოპოზიციაში. „ლელოს“ იდეას თავდებობის შესახებ უერთდება შეთანხმების კიდევ ერთი ხელმომწერი, სალომე სამადაშვილიც. მას დადებითად აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიაც:
„ეს არ იყო მოულოდნელი, კარგი ინიციატივაა. ოღონდ ეს ადასტურებს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ იმას, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებაში, ბევრად უფრო ქვეყნისთვის ხელსაყრელი პოზიციების მოპოვების საშუალება არსებობდა“, - თქვა ბოკერიამ.
ნიკა მელიას ჯერ ბრალი არ აქვს დამტკიცებული, ამიტომ მას ვერ შეიწყალებენ. თავდებობის გარდა აქამდე მისი გათავისუფლების ორი გზა სახელდება: 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტია და გირაოს გადახდის შედეგად მისი გამოშვება.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებულია სწორედ ამნისტიის მექანიზმი, მაგრამ მას ეწინააღმდეგება თავად მელია. მისი წინააღმდეგი არიან 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულებიც. ნიკა მელია ამ დრომდე უარს ამბობს მისთვის გირაოს გადახდაზე.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- ევროპარლამენტარები "მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერისკენ მოუწოდებენ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს
- კელი დეგნანი ამნისტიის კანონზე: ესაა გზა, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება
ასევე ნახეთ რა ვიცით ამნისტიის კანონზე: ვისზე გავრცელდება და ვისზე - არა
რას ჰპირდებიან საქართველოს ევროკავშირში?
ბრიუსელში მყოფმა „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა მოიპოვოს და ევროკავშირის წევრის ერთგვარი შუალედური სტატუსიც მიიღოს.
მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას დიდი ინტერესით შეხვდა საზოგადოების ერთი ნაწილი. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „ლელოს“ სხვა ლიდერებთან ერთად, შეხვედრებს მართავდა ევროკავშირის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
ბადრი ჯაფარიძემ გვითხრა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი საქართველოსთვის საგზაო რუკის, როგორც ახალი, ჯერჯერობით არარსებული ინსტრუმენტის, მინიჭება ევროპარლამენტარების მიერ გააქტიურებული იდეაა და ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა ეს „თაფლაკვერი“ მოიპოვოს; თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ევროპარლამენტარების იდეაა.
კონკრეტულად რა ინფორმაცია აქვს „ლელოს“ და რა დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა რადიო თავისუფლებამ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ სამინისტრო კოვიდ-19-ის საწოლფონდს ეტაპობრივად ზრდის. მისი თქმით, დღეს გამოიცა ახალი ბრძანება, რომელიც დამატებით 1000 საწოლის მობილიზებას ითვალისწინებს. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს საწოლები მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი:
„ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს 5 500 საწოლი, სადაც მობილიზებული არის ყველა ის საჭირო ინვენტარი, რომელიც პაციენტს ესაჭიროება და ასევე მობილიზებულები არიან ჩვენი უკვე გამოცდილი ექიმები კოვიდმართვაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის, მკურნალობას გადის 3 500-მდე პაციენტი, აქედან გამომდინარე, 2 000 საწოლი არის თავისუფალი და შემდეგი კვირის განმავლობაში კიდევ დამატებით 1 000 საწოლი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ამ დროისათვის მობილიზებულია ასევე 9 კოვიდსასტუმრო, სადაც მოქალაქეები მკურნალობას გადიან.
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი დღიდან დღემდე უკვე ვირუსის 300 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები COVID-19-ის მესამე ტალღას აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში ვარაუდობენ.
რუსეთი იწყებს დამატებითი სამხედრო ძალების გაყვანას ანექსირებული ყირიმიდან და უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს და სარდლობას უბრძანა, 23 აპრილიდან დაიწყოს იმ ძალების გაყვანა, რომლებიც კრემლმა მარტის ბოლოს გადაისროლა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონში.
სერგი შოიგუს ბრძანებით, სამხედრო ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, რადგან, როგორც რუსმა მინისტრმა განაცხადა, სამხედრო წვრთნამ უკვე მიაღწია მის წინაშე დასმულ ყველა მიზანს.
„ჯარებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ ქვეყნის თავდაცვის საიმედო უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დასრულდეს შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქებში“, - განაცხადა შოიგუმ.
მოელიან, რომ ბაიდენმა შეიძლება სომხების "გენოციდი" აღიაროს
დასავლური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ ხოცვას, „გენოციდად“ აღიარებს.
ეს აღიარება, რომლის შესახებ დაპირებაც მან დადო ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, დიდწილად სიმბოლური იქნებოდა, თუმცა დიდი ალბათობით ეს გააბრაზებს თურქეთს და გააძლიერებს ისედაც მაღალ დაძაბულობას ნატოს ორ მოკავშირეს შორის.
ბაიდენი სავარაუდოდ იხმარს სიტყვა „გენოციდს“ თავის განცხადებაში 24 აპრილს, როცა ყოველწლიურად სომხეთის გენოციდის ხსოვნის დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში, - განუცხადეს Reuters-ს და The New York Times-ს წყაროებმა, რომლებიც ამ საკითხს იცნობენ.
სქესობრივი განათლების უფლება - რატომ მიმართავს 9 წლის მოსწავლე სასამართლოს?
9 წლის გოგო და მისი უფლებადამცველები სარჩელს ამზადებენ, რომელსაც უახლოეს მომავალში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ. მოპასუხე მხარეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე და მისი ადვოკატი, განათლების სამინისტროს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვენ, უზრუნველყოს სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების სრულყოფილი სწავლება, კერძოდ კი, სკოლებში ცალკე სასწავლო კურსის დანერგვა.
ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი და 9 წლის მოსწავლის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ნაბიჯით, მათ სურთ შექმნან პრეცედენტი, რათა სახელმწიფომ აღიაროს, რომ როდესაც არ უზრუნველყოფს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების სრულფასოვან მიწოდებას, ამით ის არღვევს ბავშვების უფლებებს. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სარჩელის ერთ-ერთი მიზანი ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვაცაა.
რას მოითხოვს ბავშვი, რომლის სარჩელიც მზადდება? როგორ ისწავლება დღეს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სკოლაში და რატომ ახტებიან პედაგოგები სქესობრივი ჯანმრთელობის თემას სახელმძღვანელოებში? წაიკითხე მეტი აქ.
მარეხი წითელი ჯვრიდან: ომები და ადამიანები
წითელი ჯვარი იქ შედის, სადაც კარი ჩაკეტილია და ომებით დაზარალებული, გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარება სხვას არავის შეუძლია. ძალიან ხშირად ის ერთადერთია, ვის ხელშიცაა საერთაშორისო და შიდა კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანების დაცვა და ყველამ იცის, რომ მთავარი, ამ ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის, სადაც უნდა მუშაობდეს ის, ნეიტრალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვაა.
თუ წითელ ჯვარში მუშაობ, იცი, მარტივი სამუშაო არ გელის. მაგრამ ისიც იცი - შენ ადამიანებს ეხმარები.
მისიამ, შეიძლება, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გადაგისროლოს. იქ, სადაც ომი ოჯახებს აშორებს, ადამიანები ხშირად სამუდამოდ კარგავენ ერთმანეთს, სადაც ომის მსხვერპლებს არა აქვთ სახლი, სადაც შეიძლება ყველაფერი შეგემთხვეს, რადგან ომია.
ეს უკვე იცის მარეხ შერვაშიძემაც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ქართველმა დელეგატმა, რომელიც მალე მორიგ საერთაშორისო მისიაში წავა.
ამბავი დაიწყო წლების წინ, 2012 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თბილისის დელეგაციაში მისვლით, სადაც მარეხი აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების წევრებისგან ინფორმაციას აგროვებდა. ინფორმაცია, რაც 50-გვერდიანი კითხვარის შევსებით გროვდებოდა, ექსპერტებს ნეშტების მოძიებასა და შემდგომ ამოცნობაში უნდა დახმარებოდა. ამას მოჰყვა ცხინვალში მცხოვრები ადამიანების სამედიცინო ევაკუაციების ორგანიზება.
როგორია მუშაობა იქ, სადაც ომია, სადაც დიდებსა და პატარებს ყველაზე მეტად უჭირთ და დახმარებას ელიან? წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.
გაიგეთ, რაზე მსჯელობენ ტატუ-არტისტები და ის ადამიანები, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ სვირინგის გარეშე ცხოვრება.