იქნება თუ არა შეწყალების აქტი ექიმის მიმართ - რას ამბობენ ცხინვალში 

მას შემდეგ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის სასამართლოს მოსამართლემ, ფატიმა ფარასტაევამ, ერთი წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, როგორც ცხინვალში, ისე მოსკოვში უფრო ინტენსიურად დაიწყო საუბარი ექიმის შეწყალებით გათავისუფლების ვერსიაზე.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი, როლანდ ქელეხსაევი, კონკრეტულ მაგალითსაც იხსენებს, როგორ იყენებდა შეწყალების აქტს დე ფაქტო რესპუბლიკის წინა პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი. ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ მსგავსი აქტი 2008 წლის ომის შემდეგ ედუარდ კოკოითისაც გამოუცია. ქელეხსაევის აზრით, მას შემდეგ, რაც განაჩენი გამოცხადდა, ანატოლი ბიბილოვზე ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით ზეწოლა გაიზრდება.

ასევე ნახეთ ადვოკატი, რომელიც დაკავებული ექიმის სანახავად ცხინვალში „გაიპარა“

„ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დიდხანს არ იჯდება. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ჩვენი სტატისტიკა. შემიძლია გაგახსენოთ თეიმურაზ ჯერაპოვის ისტორია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში იყო დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში. 2012 წლის ნოემბერში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ თვე-ნახევარში შეიწყალა სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა, და ახალი წლის წინ გაუშვა. ცხადია, რომ ექიმის შემთხვევაში იქნება რუსი პარტნიორების თხოვნა და ჟენევის დისკუსიებში ევროპელი პარტნიორების თხოვნაც. ჩვენი ხელისუფლება ფიცხია, მაგრამ მალე გასდის. საწყენი ის არის, რომ როცა აპატიმრებენ, ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და როცა უშვებენ, ამას უკვე არავინ ამჩნევს“, - ამბობს როლანდ ქელეხსაევი.

ვაჟა გაფრინდაშვილი, 45 დღეა, ცხინვალის ციხეში იმყოფება და საერთაშორისო ორგანიზაციები როგორც ცხინვალის, ისე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს მის გათავისუფლებას სთხოვენ. მოსკოველი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი მიიჩნევს, რომ ამ საქმიდან რეპუტაციულ ზიანს უკვე კრემლიც იღებს და ვითარების გამოსასწორებლად როგორც ცხინვალს, ისე მოსკოვს შეწყალების აქტით შეუძლია ამ ჩიხიდან გამოვიდეს:

„ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისთვის სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი საშუალება მისი გათავისუფლებაა, ამისთვის კი საჭირო იურიდიული ფორმა უნდა მოძებნონ“.

ასევე ნახეთ ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი ცხინვალში 20 დეკემბერს გაიმართა. ახალგორის სასამართლოს მოსამართლემ, ფატიმა ფარასტაევამ, ექიმს საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა შეუფარდა, არადა შეეძლო ან ფინანსური ჯარიმა, ან იძულებითი შრომა გამოეყენებინა, რის საშუალებასაც მას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლი აძლევდა, მაგრამ გაფრინდაშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ისჯება მკაცრად და ამას ცხინვალში არც მალავენ. ჯერ კიდევ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას, 15 ნოემბერს, გაფრინდაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ არანაირ საზღვარს არ აღიარებს, ცხინვალს კი საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამ განცხადებას მისი ორთვიანი პატიმრობა მოჰყვა. ამის შემდეგ ექიმი თითქოს დაეთანხმა ადვოკატს და დუმილის უფლებას იყენებდა, მაგრამ ბოლო სასამართლოს სხდომაზე დუმილი კიდევ ერთხელ დაარღვია და იგივე გაიმეორა,რაც მანამდეც თქვა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ბედი რუსეთის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ცხინვალში საზოგადოებრივი აზრი ექიმის სასარგებლოა, ბიბილოვის ხელისუფლებაშიც კი არ მოსწონთ მისი ციხეში ყოფნა, რადგან გაფრინდაშვილმა არაერთ ცხინვალელს უმკურნალა და, ზოგადად, ქართველი ექიმების მიმართ პოზიტიური განწყობა აქვთ. ბენდიანიშვილის აზრით, რუსეთი ექიმის საქმეს საქართველოს ხელისუფლებასთან სავაჭროდ იყენებს.

„წმინდად რუსული თემაა. ვისაც ცხინვალში ვესაუბრები, ზოგადად, ექიმების მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან პოზიტიური. იქიდან ბევრია თვითონ ვაჟასთან ნამკურნალები და საზოგადოებრივი განწყობა არის ძალიან უარყოფითი იმის გამო, რომ ეს კაცი ციხეში ზის. ცხინვალის ხელისუფლებაშიც კი არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა, რომ ეს კაცი დაჭერილი იყოს. აქედან გამოდის, რომ ეს პირდაპირ რუსული თემაა. ამ გზით საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეულ ზეწოლას ახდენენ და კულუარებში კიდევ რაზე მიდის საუბარი, ჩვენ ხომ არ ვიცით. რუსეთი არის ინიციატორი, რომ ამ კაცს არ უშვებენ“.

ასევე ნახეთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები გიორგი გახარიას შეხვდნენ

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა ჯერ არ იცის, მის გასათავისუფლებლად როგორ იმოქმედებს. გაფრინდაშვილის მეუღლე და მისი შვილები საქართველოს ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯების იმედად რჩებიან, საქართველოს ხელისუფლება კი, თავის მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს დახმარებას. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს სთხოვს რეაგირებას და ბიბილოვის ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ექიმი ახალ წელს სახლში შეხვდება, ახალ წლამდე კი მხოლოდ ბიბილოვის შეწყალების აქტის გამოცემა თუ მოესწრება. თუ გაფრინდაშვილის ადვოკატი ე.წ. სამართლებრივ გზას მიმართავს და ახალგორის სასამართლოს განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს, ამას კიდევ არაერთი კვირა და, შესაძლოა, თვეც დასჭირდეს.