იქნებ გადარჩეს? ადელხანოვის სახლის ნგრევა დროებით შეჩერდა

ადელხანოვების სახლის ნანგრევები

„ადელხანოვების სახლის“ სახელით ცნობილი ძველი შენობა, რომელიც ორთაჭალაში დგას და რომლის ადგილზეც მრავალსართულიანი კორპუსი უნდა ჩადგმულიყო, შესაძლოა, დანგრევას გადაურჩეს.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკების შემდეგ, გრიგორი ადელხანოვის სახლის დემონტაჟი დროებით გაჩერდა. თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ხნით.

ამ სახლის ნგრევის ამბავი სოციალურ ქსელში პირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა და მალე ისიც გახდა ცნობილი, რომ თავის დროზე, ეს შენობა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში, თბილისში მცხოვრებ ცნობილ მრეწველისა და ტყავის ქარხნის მფლობელის, გრიგორი ადელხანოვის ოჯახს ეკუთვნოდა. წლების შემდეგ მას სხვა მფლობელები გამოუჩნდნენ. სახლი გაიყიდა.

დღეს სახლის ნაწილობრივ უკვე დანგრეულია, სახურავი მოხსნილი. დგას მხოლოდ რამდენიმე კედელი. ირგვლივ კი სამშენებლო მასალები ყრია.

ის, რაც დარჩა ადელხანოვების სახლიდან

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები 2015 წელს (3 დეკემბრის №2318404 ბრძანებით) დადგინდა. აქედან 4 წელიწადში შეთანხმდა ამ ადგილას მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი. ხოლო 2023 წლის აგვისტოში მშენებლობის ნებართვაც გაიცა.

ინვესტორი შპს „არკონ ინვესტია”, რომელიც ამ ადგილას მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. როგორც ამ კომპლექსის მთავარმა არქიტეტორმა ალექსანდრე ჯობავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ახლა ელიან კომისიას მერიიდან, რომელიც შეაფასებს, რამდენად შესაძლებელია საერთოდ ამ სახლის გადარჩენა.

მთავარი არქიტექტორი ამბობს, რომ შენობა იყო ძალიან ავარიული, მხოლოდ ფასადი იყო მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული, თორემ თავად შენობაში, რომელსაც სახურავიც აღარ ჰქონდა, წყალი ჩადიოდა. მისი თქმითვე, იქ ბოლო წლების განმავლობაში საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო, არავინ ცხოვრობდა.

ალექსანდრე ჯობავამ გვითხრა, რომ ინვესტორი საუბრისთვის და გარკვეული კომპრომისებისათვის მზად არის, თუმცა გააჩნია, რას შესთავაზებს მას თბილისის მერია.

ვესაუბრეთ თავად ინვესტორსაც, ვალერიან ვარდანიას, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ შენობის ნგრევა ამ ეტაპზე გაჩერებულია, თუმცა ისიც გვითხრა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და „მერიასთან ერთად ეძებენ შესაძლებლობებს“.

ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა გვქონდა მერიასთან და გვთხოვეს, რომ იქნებ როგორმე გვეპოვა ამ ვითარებიდან გამოსავალი. ალბათ, უნდა შეფასდეს ადგილზე შენობა და რა შეიძლება გაკეთდეს. თუმცა ჩვენ ყველა ეტაპი გავლილი გვქონდა, მშენებლობის ნებართვაც მივიღეთ, დადებულია ხელშეკრულებები მიწის მეპატრონეებთან და ა.შ. ჩვენთვისაც შოკი იყო ეს ამბავი“.

ვალერიან ვარდანიამ ასევე გვითხრა, რომ ამ სახლში 18 ოჯახი ცხოვრობდა - მათი ნაწილი გასახლებული და დაკმაყოფილებულია, ნაწილთან კი ხელშეკრულებაა დადებული და ისინი ახალ სახლში ბინებს ელოდებიან.

საარქივო მასალის გადამოწმების შემდეგ მერიაში გვიპასუხეს, რომ ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი არასოდეს ჰქონია.

იგივე დაგვიდასტურა ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიამაც.

თბილისის მერიაში გვითხრეს ისიც, რომ „ადელხანოვების სახლი“ მდებარეობს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების მიღმა და ის არ იძებნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზაში.

„შესაბამისად, პროექტი არ ყოფილა განხილული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე“, - გვიპასუხეს მერიაში.

ისტორიკოსი, თბილისის ისტორიის მკვლევარი თამარ თავაძე ჰყვება, რომ ეს სახლი, სავარაუდოდ, აშენებულია 1880-იან წლებში. ადელხანოვებმა ის 1884 წელს იყიდეს სამხედრო ინჟინრის, ივანე შტევენისგან. სახლი და მიდამოები გრიგორი ადელხანოვმა და ალექსანდრე მატინოვმა (ქალაქის თავი, რომელიც 1878 წელს თბილისის მეორე მოწვევის სათათბიროს არჩევნებში ამ თანამდებობაზე დასახელებული 17 კანდიდატიდან აირჩიეს) ერთად შეიძინეს - მათ საერთო ბიზნესი ჰქონდათ. სახლის პატრონი, გრიგორი ადელხანოვის შვილი, რომელსაც მამის სახელი ერქვა - 1937 დახვრიტეს.

ასეთი იყო ერთ დროს ადელხანოვების სახლი

ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია კი გვიყვება, რომ ეს სახლი მაშინდელ „გარეთუბანში“ აშენდა, ბაღებით დაფარულ ადგილას, სადაც სახლებს წარმატებული მეწარმეები იშენებდნენ და თბილისურ სიცხეს იქ აფარებდნენ თავს.

თათია ღვინერია გვიყვება, რომ 2014 წელს, როდესაც თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფცია იქმნებოდა, ამ პროექტზე მომუშავე ჯგუფის ამოცანა იყო ქალაქის ისტორიულ ნაწილის ურბანული ინვენტარიზაცია. ხელახლა მოწმდებოდა შენობები, რადგან შესაძლოა ის, რაც მანამდე ძეგლად არ ითვლებოდა, დღეს ან ხვალ ამ სტატუსის ღირსი ყოფილიყო. თუმცა არც მაშინ მოხვედრილა ეს შენობა საკვლევ არეალში.

არ არის აუცილებელი, შენობას ძეგლის სტატუსი ჰქონდეს, იმისათვის, რომ ის დაცული და მოვლილი იყოს, ისე როგორც ეს ევროპულ ქალაქებში ხდება.

ადელხანოვების სახლის ადგილას მრავალსართულიანი კომპლექსი უნდა აშენდეს

„ეს უკვე ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობაა. და ჩვენი საზოგადოების ზოგადი განათლების პრობლემაც, რადგან ადამიანებისთვის ავარიული შენობა ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ ის უნდა დაინგრეს“.

გრიგორი ადელხანოვი თბილისში ტყავის ცნობილი ქარხნის მფლობელი იყო.

ისტორიკოსი ემილ ავდალიანი, თავის სტატიაში „ასე იწრთობოდა ტყავი“, ჰყვება, რომ თბილისში, ადელხანოვის მიერ ტყავის ფაბრიკული დამუშავება ფართო მასშტაბით 1875 წლიდან დაიწყო. მის ქარხანაში, რომლის ფოტოები ასევე შემორჩა არქივს, ძირითადი საწარმოო პროცესები თავიდანვე მექანიზებული იყო.

1885 წლის მონაცემებით, წერს ისტორიკოსი, აქ 170 მუშა იყო დასაქმებული, წარმოებული პროდუქციის ღირებულება კი 650 ათას მანეთს შეადგენდა. ხოლო 90-იანი წლების შუა ხანებში, ადელხანოვის მიერ დაარსებული აქციონერული საზოგადოება აერთიანებდა ტყავის ქარხანას, ქეჩის დამამზადებელ საწარმოსა და ფეხსაცმლის ფაბრიკას.

„ტყავის დამმუშავებელ ქარხანაში 1900 წლისათვის 215 მუშა მუშაობდა. ქარხნის პროდუქციის ღირებულება 750 ათას მანეთს აღემატებოდა. 1879 წელს დადებული კონტრაქტით, ქარხანა კავკასიაში დისლოცირებულ რუსულ ჯარს ტყავის ნაწარმით ამარაგებდა. კონტრაქტი ითვალისწინებდა წლიურად 500 ათასი მანეთის პროდუქციის დამზადებას საინტენდანტო უწყებისათვის“, - წერს ემილ ავდალიანი.

ადგილი, სადაც იყო გრიგორი ადელხანოვის ტყავის ქარხანა

ქარხანასთან, თურმე, არსებობდა ჩემოდნებისა და უნაგირების საწარმოც, სადაც სულ ათი მუშა იყო დასაქმებული, ქარხანაში, ტყავის დასათრიმლავად, ორთქლის მანქანებთან ერთად ელექტროენერგიასაც იყენებდნენ.

ისტორიკოსი წერს, რომ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს ფაბრიკულად ამზადებდნენ ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკასა და იჯარით აღებულ სამხედრო ტანსაცმლის სამკერვალო საწარმოშიც:

„1900 წლისათვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში 424 მუშა იყო, პროდუქციის ღირებულება კი 553 ათას მანეთს შეადგენდა. სამკერვალო საწარმოში 140 მუშა ითვლებოდა, პროდუქციის ღირებულება კი 63 ათას მანეთს აღწევდა“, - წერს ისტორიკოსი.

მერიაში ისიც გვითხრეს, რომ პროცესში ახლა სპეციალისტები ჩაერთნენ და შენობის დარჩენილი ნაწილის შესანარჩუნებლად ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობენ.

რადგან შენობის დანგრევა მოლაპარაკების საფუძველზე შეაჩერეს, შედეგები ინვესტორის კეთილ ნებასა და იმაზე იქნება დამოკიდებული, რას შესთავაზებს მას მერია.

ადელხანოვების სახლის ბედსაც ეს გადაწყვეტს.