100-ზე მეტი როტაციისა და მასში 22 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, ნატოს 20-წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, 2021 წლის სექტემბრისთვის დატოვებს.
ვიცე-პოლკოვნიკი ფარნაოზ სვანიძე, ამჟამად 41-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური, ნატოს მისიებში 16 თვე მსახურობდა და აქედან 7 თვე - ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში. ფარნაოზი რადიო თავისუფლებას რეალურ ბრძოლებში მიღებული გამოცდილების, სიკვდილთან პირისპირ დგომის, მეგობრების დაკარგვის ტკივილისა და შიშზე გამარჯვების სიამაყის შესახებ უამბობს.
სიკვდილის პირისპირ
2013 წლის 13 მაისი - ეს დღე არასდროს დაავიწყდება. გამაყრუებელი აფეთქებების შემდეგ, ფარნაოზ სვანიძე სხვა სამხედროებთან ერთად, დიდხანს ეძებდა ქვიშაში დამარხულ თანამებრძოლს. ესმოდა განწირული ხმები - „ცოცხალი აღარ იქნება“, „აქამდე მიწაც გაგუდავდა“... მაგრამ ძებნა გრძელდებოდა. სიკვდილს გადარჩენილი სამხედროები ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, შიშველი ხელებით, სასოწარკვეთილი სისწრაფით თხრიდნენ გახურებულ ქვიშას - იქნებ, ცოცხალი ეპოვათ.
33 წლის უმცროსი სერჟანტი, ზვიად დავითიძე იმ დღეს მეამბოხე თალიბების შეტევას ემსხვერპლა. ზვიადი აჭარიდან იყო - „ძალიან კარგი ბიჭი... მეგობრული და ძალიან კეთილი“ - იხსენებს ფარნაოზი.
2013 წლის 13 მაისს ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში კიდევ ორი ჯარისკაცი დაკარგა - კაპრალები, ალექსანდრე კვიწინაძე და ვლადიმერ შანავა.
Your browser doesn’t support HTML5
13 მაისის აფეთქება მოულოდნელი იყო ყველასთვის - თალიბებმა ბომბებით დატვირთული ავტომობილი ნატოს კოალიციის სამხედრო ბაზა „შირ გაზის“ კედელს დააჯახეს. შემდეგ, ბაზის ტერიტორიაზე შეიარაღებული თვითმკვლელების ჯგუფი შეიჭრა. პირველი აფეთქების ხმა დაახლოებით 15:00 საათზე გაისმა. ეს ზუსტად ის დრო იყო, როცა ფარნაოზი მეგობრებთან ერთად ყოველდღე გადიოდა ეზოში - ცოტა სულის მოსათქმელად, სალაპარაკოდ, სიგარეტის მოსაწევად, წვენის დასალევად - „ალბათ, ბედისწერაა ეს ცხოვრება. იმ დღეს რატომ არ გავედი, არ ვიცი... მაგას ვერ ავხსნი“.
ფარნაოზ სვანიძე მაშინ მსუბუქად დაშავდა. მეგობარს სთხოვა თბილისში, მისი ოჯახისთვის მიეწვდინა ხმა; შეეტყობინებინა, რომ გაუმართლა, გადარჩა, ცოცხალია.
გვეუბნება, რომ ეს იყო დღე, როდესაც „ადამიანების ნამდვილი სახე“ დაინახა - მიხვდა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შესაძლოა „სასწაულად მამაცი“ აღმოჩნდეს ის, ვინც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გეგონა. და კიდევ, გააოცა ქართულ-ამერიკული ქვედანაყოფის საოცარმა მობილიზებამ - „წუთებში მოხდა სრულიად განადგურებული ბაზის მართვა-კონტროლისა და კავშირგაბმულობის სისტემების აღდგენა, უსაფრთხოების გაძლიერება და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა“.
სამხედრო ცხოვრება ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც მაშინ პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილად ითვლებოდა, ძველებურად გაგრძელდა.
სამ კვირაში, 2013 წლის 6 ივნისს, თალიბები, ისევ ჰელმანდში, იმავე ხელწერით დაესხნენ, თავს ამჯერად უკვე ბაზა „ორბს“. ამ აფეთქებამ საქართველოს სამხედრო კონტინგენტიდან კიდევ 7 ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.
ეს, დროის მცირე მონაკვეთში, მეორე უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, ფარნაოზ სვანიძეს, იმ დროს უკვე ძალიან ბევრი რამ ჰქონდა ნანახი და განცდილი; მაგრამ ამბობს, რომ ამ აფეთქებებმა მასზე მაინც განსაკუთრებით იმოქმედეს.
ავღანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ორი წელი დასჭირდა, რომ კარის გაჯახუნების ხმაზე ან მოულოდნელ ხმაურზე უნებურად არ წამომხტარიყო - „მეგონა მარტო მე ვიყავი ასე. მერე გავიგე, რომ სხვებიც ასე ყოფილან“.
2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო ნატოს სამხედრო მისიას შეუერთდა, ავღანეთიდან სამშობლოში 32 კუბო ჩამოასვენეს. მაგრამ საქართველოდან ავღანეთში წასვლის მსურველთა რიცხვი არ შემცირებულა.
ბევრისთვის ამ შესაძლებლობის გამოყენება, დამატებით, ფინანსურადაც იყო საინტერესო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები აქაურ ხელფასსაც იღებდნენ და ავღანეთში სამსახურისთვის თვეში მინიმუმ 900 დოლარიც ემატებოდათ.
პირველი 7-თვიანი სამსახურის შემდეგ, ფარნაოზ სვანიძე 2016 წელს ისევ ჩავიდა ავღანეთში და ქაბულში, სამხედრო წარმომადგენლობაში 9 თვის განმავლობაში იმსახურა.
რა უნდათ ქართველებს ავღანეთში?! - სკეპტიკოსების მიერ დასმულ რიტორიკულ შეკითხვას ვიცე-პოლკივნიკი ასე პასუხობს: „ჩვენ ყოველთვის გვსურდა, რომ ვყოფილიყავით საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ნაწილი და როდესაც გვინდა, რომ რაღაც მივიღოთ, ჩვენც რაღაც უნდა გავიღოთ... საერთაშორისო მხარდაჭერაში, ჩვენ რაც გვაქვს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი არის სამხედროების კისერზე, ამ ოპერაციებიდან გამომდინარე“.
- ნატოს პირველ მისიაში (ISAF - „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები“), 2004-2014 წლებში, როტაციის წესით, მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დაახლოებით 12 ათასი სამხედრო;
- ნატოს მეორე მისიაში (RSM - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“), 2015 წლიდან დღემდე, ასევე როტაციის წესით, საქართველოდან ავღანეთში დაახლოებით 10 ათასი სამხედრო გაიგზავნა.
- სხვადასხვა დროს საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში სხვადასხვა მასშტაბის იყო; 2012-2013 წლებში ავღანეთის მისიაში 1500-ზე მეტი სამხედრო მსახურობდა.
ავღანეთში სიკვდილი ჩასაფრებული იყო ყველგან. არცთუ იშვიათად ხდებოდა, რომ ნატოს კოალიციის ჯარისკაცებს, იქვე ბაზის ტერიტორიაზე, მოულოდნელად ცეცხლს გაუხსნიდა, მაგალითად, მათთვის ძალიან კარგად ნაცნობი ავღანელი მზარეული ან დამლაგებელი. შეიძლებოდა ვიღაცას ასევე მოულოდნელად თავიც აეფეთქებინა.
გაცილებით უფრო დიდი საფრთხე იყო ბაზის გალავნის მიღმა.
გალავნის მიღმა: მისია და ამოცანები ავღანეთში, საქართველოში
ფარნაოზის ქვედანაყოფს, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, მომარაგების მთავარი გზების უსაფრთხოების დაცვა და კონტროლი ევალებოდა. მეამბოხე თალიბები სწორედ მომარაგების არხების გადაკეტვით ცდილობდნენ პრობლემების შექმნას ნატოს სამხედრო ბაზებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის.
მეამბოხეები გზებს ნაღმავდნენ, ავტომობილებს აფეთქებდნენ. ამ გზით მათ ნატოს მრავალი ჯარისკაცის სიცოცხლეც შეიწირეს.
გზების უსაფრთხოების დასაცავად კოალიციის სამხედროებს ხშირად ირგვლივ მდებარე სოფლების მკვიდრთა სახლებში შესვლაც უწევდათ. სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯარისკაცებმა წინასწარ იცოდნენ - სად და ვინ ამზადებდა, მაგალითად ხელნაკეთ ბომბებს. მაგრამ ვითარება რთული იყო - „ერთ ოჯახში შესაძლოა, ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიციელიც, სამხედრო მოსამსახურეც და თალიბანის წარმომადგენელიც“.
სროლის უფლება ყოველთვის არ ჰქონდათ და ისედაც, აბა როგორ ესროდნენ ადამიანს, რომელიც ბავშვს ამოეფარებოდა - „საერთაშორისო რეგულაციები (ძალთა ესკალაციის წესები) გვზღუდავდა ცეცხლის გახსნაში... ხშირი იყო შემთხვევა, როცა თალიბანის წარმომადგენლები, ტერორისტებისა თუ ამბოხებულების წარმომადგენლები პატარა ბავშვებს სპეციალურად იყვანდნენ ხელში, რომ ცეცხლი არ გაგვეხსნა. ამერიკელები ეძახდნენ „შილდს“ (Shield-ფარი), ანუ ბავშვებს იყენებდნენ ფარად“.
სროლა მხოლოდ გარკვეულ მანძილზე და განსაკუთრებულ შემთხვევებში იყო ნებადართული - თუკი, მაგალითად, თვითმკვლელი თავის აფეთქებას ცდილობდა , ანდა სასროლად მოიმარჯვებდა იარაღს. ყოველ ჯერზე, ცეცხლის გახსნის აუცილებლობა სათანადოდ უნდა ყოფილიყო დასაბუთებული და თუკი კონკრეტულ შემთხვევებში, საფრთხის არსებობას ზემდგომებს სათანადოდ დაუსაბუთებდნენ, განსაცდელში ჩავარდნილ ჯარისკაცებთან დამხმარე ძალებიც მალე გამოჩნდებოდნენ - ხმელეთიდან თუ ზეციდან.
„დაწყებული პირადი იარაღით - ე.წ. შაშხანით, დამთავრებული ე.წ. „ჰაი მარსის“ რაკეტებით, ვერტმფრენებიდან და თვითმფრინავებიდან ახლო საჰაერო მხარდაჭერით, ნებისმიერი სახის ცეცხლის გამოძახების შესაძლებლობა გვქონდა, თუკი არსებობდა რეალური საფრთხე ჩვენი ქვედანაყოფისთვის. დასაბუთების შემთხვევაში, შეგვეძლო უმოკლეს დროში მიგვეღო ნებისმიერი სახის დახმარება. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, რაც შევიძინე ავღანეთში და არასოდეს დამავიწყდება“.
ვიცე-პოლკოვნიკი ფარნაოზ სვანიძე მე-4 ბრიგადის 41-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურად ახლახან დაინიშნა. გვეუბნება, რომ შესაძლოა, ავღანეთში გათავისებული საბრძოლო ტაქტიკა განსხვავებული და სპეციფიკურია, მაგრამ არ ეთანხმება ექსპერტების მოსაზრებას, რომ იქ ნასწავლს საქართველოს თავდაცვის მიზნებისთვის ვერ გამოიყენებს.
ფარნაოზი ამბობს, რომ ავღანეთში, ნატოელ სამხედროებთან ერთად, რეალურ საბრძოლო გარემოში ბევრი ისეთი უნარ-ჩვევა შეიძინა და ბევრი რამ ისეთიც ისწავლა, რაც აუცილებლად გამოადგება.
„ასეთ მისიებში ოპერაციები სრულდება რეალურ გარემოში და ჯარისკაცი ფსიქოლოგიურად ეჩვევა რეალურ გარემოში მოქმედებას, როცა იცის, რომ მას შეიძლება ესროლონ, აფეთქდეს და ასე შემდეგ... ის ფსიქოლოგიურად თავის შიშს ლახავს“.
ფარნაოზი ყოველთვის შეახსენებს თავისი ბატალიონის სამხედროებს - რას უნდა მიაქციონ ყურადღება წვრთნების დროს, რა უნდა დაიმახსოვრონ სამომავლო წარმატებებისთვის; რომ აუცილებელია წესრიგი და, ელემენტარულად, ზოგჯერ საჭირო რაოდენობის წყლის დალევაც კი წყვეტს ბევრ რამეს. ფარნაოზს სულ ახსოვს, რომ რაც უნდა ბუნებით მამაცი იყოს ჯარისკაცი, გამარჯვებისთვის მხოლოდ ეს არ კმარა.
41-ე ბატალიონის შემადგენლობა, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალები, ნატოს სტანდარტებით იწვრთნება. ჯარისკაცები არცთუ იშვიათად მონაწილეობენ საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში.
ივნისის დასაწყისში „ალფა“ ასეულის მიერ წვრთნის დროს ნაჩვენებმა შედეგმა 41-ე ბატალიონის მეთაური ძალიან კმაყოფილი დატოვა - სამხედროებმა, ჯერ ფუჭი და მერე ნამდვილი ვაზნებითა და სხვა შეიარაღებით, სამიზნეების თითქმის 100% გაანადგურეს - „ჩვენს მიერ მათზე დაკისრებული ამოცანა და საწვრთნელი მიზნები, რაც გვქონდა, შეასრულეს ხუთიანზე... თქვენ თვითონ იხილეთ შედეგი, ჩვენი მოწინააღმდეგე რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა - არასასურველ მდგომარეობაში“.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ავღანეთის ორივე მისიაში მონაწილეობით თავდაცვის ძალებს „საკმაოდ დიდი ცოდნა“ და გამოცდილება დაუგროვდა და ასევე, ამ „რთულ მისიებში“ მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველი საქართველოსთვის - „ნატოსთან თავსებადობის გაღრმავების“ კუთხით.
მისიის დასასრული - ნდობა და მადლიერება
მისია დასასრულს უახლოვდება. საქართველოს სამხედრო კონტინგენტი, ნატოს კოალიციის მთელ შემადგენლობასთან ერთად, თანდათან ტოვებს ავღანეთს.
მაისის ბოლოს, ავღანეთიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა ერთი ასეული, რომელიც „მაზარი შარიფში“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მოქმედებდა.
ავღანეთში კვლავ რჩება საქართველოს 730 სამხედრო მოსამსახურე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საქართველოში „უახლოეს მომავალში“ დაბრუნდებიან, ნატოელ პარტნიორებთან კოორდინაციით.
ნატოს ხელმძღვანელობა, ალიანსის ქვეყნების ლიდერები თუ აშშ-ის უმაღლესი პირები ხშირად გამოხატავდნენ მადლიერებას „მამაცი ქართველი ჯარისკაცების“ მიმართ, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოებას ემსახურებოდნენ. საერთაშორისო პარტნიორები ხშირად ეუბნებოდნენ საქართველოს იმასაც, რომ მათი მხრიდან გამოხატული მხარდაჭერაც დიდწილად ქართველი სამხედროების დამსახურება იყო.
ეს ყველაფერი ფარნაოზ სვანიძისთვისაც არაერთხელ უთქვამთ ნატოელ, ამერიკელ გენერლებსა თუ რიგით სამხედროებს. ნდობასაც ყოველთვის გრძნობდა და კარგად ახსოვს ამერიკელი სამხედროების სიტყვებიც: „ქართული ქვედანაყოფი ერთადერთია, რომელთან ერთადაც ნებისმიერ ოპერაციაში მივიღებთ მონაწილეობასო“.
სხვადასხვა დროს მიღებული მედლების კოლექციასთან ერთად, ფარნაოზ სვანიძე გულმოდგინედ ინახავს მედალიონებს (ე.წ. კოინებს), რომლებიც მან განსაკუთრებული დამსახურების, მადლიერების, პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად მიიღო სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო პირებისგან.
ერთ-ერთი მედალიონი მას ამერიკელი საზღვაო ქვეითების სამ ვარსკვლავიანმა გენერალმა გადასცა, რომელსაც, დიდი აუდიტორიის დუმილის ფონზე, ფარნაოზ სვანიძემ დაუფიქრებლად უპასუხა შეკითხვაზე, თუ რა იყო ამერიკელი საზღვაო ქვეითების დევიზი - „Semper fidelis“ - „მუდამ ერთგული“ (“Always faithful”) .
ფარნაოზს სჯერა, რომ ჯარის სიძლიერე სწორედ ადამიანების ერთგულებაზე დგას და მისი ბატალიონის ახალბედა ჯარისკაცებსაც მუდამ უმეორებს - ქვედანაყოფი საკუთარი ოჯახივით უნდა შეიყვარონ - ყველაზე დიდ დროს ისინი ხომ ერთად ატარებენ და შეიძლება, სიკვდილის პირისპირაც ერთად მოუწიოთ დგომა.
მსოფლიომ კარგად იცის, რომ ავღანეთში წასულმა სამხედროებმა ბევრი რამ დათმეს გლობალური მშვიდობისთვის - სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ოჯახის წევრებთან ყოფნის ბედნიერება.
ავღანეთის მეორე მისიიდან 9 თვის შემდეგ რომ დაბრუნდა, ერთადერთმა შვილმა, ბარბარემ, რომელიც თბილისში სულ რაღაც 6 თვის დატოვა, მამა ვეღარ იცნო. მეწყინაო, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავიო - ამბობს ფარნაოზი და დღეს უკვე იცის - „მეტი დრო უნდა გაატარო შვილთან, რომ დაგიმახსოვროს“.
„ადამიანი პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობით, მიზანდასახული და ძალიან ერთგული“ - ასე ახასიათებს ფარნაოზ სვანიძეს მეუღლე, თამარ რუხაძე. ის უკვე დიდი ხნის შეგუებულია - ხვალ რომ საქმეს დასჭირდეს, ფარნაოზი დაუფიქრებლად აიღებს იარაღს, მოიკიდებს სამხედრო ზურგჩანთას და სახიფათო გზას, სადაც ყოველ მოსახვევში სიკვდილია ჩასაფრებული, კიდევ ერთხელ გაუყვება.