მინისტრის შეფასებით, დოკუმენტი დადებითად აფასებს გელათში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს. ძეგლთა დაცვის სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ეს არის კრიტიკული დასკვნა, რომელიც იზიარებს სხვა ოთხი კვლევის შეფასებებს, იმის შესახებ, რომ გელათში მიმდინარე ცვლილებები გეგმის და დოკუმენტაციის გარეშე ხდება, რაც შესაძლოა ახალ საფრთხეს ქმნიდეს გელათის კედლის მხატვრობისთვის.
ანგარიში 2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ორი საერთაშორისო ექსპერტის, ირენა კაკეს და ვალერი მაგარის მისიის საფუძველზეა მომზადებული. მეცნიერებმა უშუალოდ იმუშავეს ველზე - გელათში, ასევე შეხვდნენ კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს და ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე რამდენიმე მეცნიერს.
„[დასკვნა] არ არის საბოლოო, ვინაიდან იუნესკოს პროცედურული წესების თანახმად, შეიძლება ზოგიერთი მონაკვეთი ან ფაქტობრივი გარემოება დაზუსტდეს”, - თქვა თეა წულუკიანმა 60-გვერდიან დასკვნაზე, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს 5500 ევრო დაუჯდა.
ამოცანა, რომელიც სახელმწიფომ საერთაშორისო ორგანიზაციას დაუსახა ხელშეკრულების გაფორმებისას, ასეთი იყო:
- შეფასდეს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციის მთლიანი მდგომარეობა;
- შეფასდეს ღვთისმშობლის შობის ტაძრის კონსერვაციის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 2021 და 2022 წლებში სახელმწიფოს მიერ ჩატარებული სამუშაოები სახურავზე ჩარევასთან დაკავშირებით;
- შეფასდეს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით გამოყენებული მეთოდები და მასალები მთავარი ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებში კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციისთვის;
- განიხილოს 2021 წლიდან მოყოლებული ექსპერტთა ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების ძირითადი მიგნებები;
- გაიცეს რჩევები ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად. რჩევები საჭიროა ღვთისმშობლის შობის ტაძრის სახურავისა და ამავე ტაძრის კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით;
- შეხვდეს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე დაინტერესებულ მხარეებს იმის შესასწავლად, რა შეხედულებები აქვთ მათ ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობის შესახებ;
- მომზადდეს მისიის ანგარიში ძეგლზე ვიზიტიდან 8 კვირის განმავლობაში.
60-გვერდიან დოკუმენტში დეტალურად არის განხილული როგორც გელათის პრობლემების წარმოშობის მიზეზები, ასევე ბოლო პერიოდში ჩატარებული სამუშაოები და სპეციალისტების შიში ამ სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებსაც, რაც გულისხმობს ეკლესიის უსაფრთხო გადახურვას, ძეგლის მართვის გეგმის შედგენას, ყველა ჩატარებულ სამუშაოზე დოკუმენტაციის წარმოებას და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის დაყენებას, რომელიც სპეციალისტებს ძეგლის ცვლილებებზე დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს. მისია ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ საჭიროა სახელმწიფომ მეტად ითანამშრომლოს ადგილობრივ სპეციალისტებთან და გადაწყვეტილებები შეუთანხმოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის იუნესკოს, რომელიც მზადაა დახმარებისთვის.
„ეს დასკვნა იქნება სამინისტროსათვის ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა“, - თქვა კულტურის მინისტრმა ბრიფინგზე, რომელზეც 40 წუთი ილაპარაკა და რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი დაასწრეს.
მინისტრმა გელათზე მომზადებულ დასკვნაზე საუბრისას გააკრიტიკა სამხატვრო აკადემია, ოპოზიციური პარტიები, ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრი და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა ანთიძე, ასევე ამ უწყებიდან გათავისუფლებული მეცნიერი, გიორგი გაგოშიძე. თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი, რამაც გელათში პრობლემები გამოიწვია, მისი კულტურის მინისტრად დანიშვნამდე მოხდა. თუმცა ანგარიში ძირითადად ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს შეეხება, იმ პერიოდს, როდესაც თეა წულუკიანი უკვე მინისტრი იყო.
აი, რამდენიმე ნაწყვეტი მინისტრის 9 დეკემბერს გამართული ბრიფინგიდან:
„იუნესკო გვსაყვედურობს, რომ არ არსებობს გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა. გეგმა არ არსებობს, რადგან 2017 წელს უნდა დამტკიცებულიყო და არ დამტკიცდა. როცა კულტურის სამინისტრო, 2021 წლიდან, შეუდგა პრობლემების აღმოფხვრას, 2017 წლამდე შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი აღმოჩნდა მოძველებული, ახლის შემუშავებას კი სჭირდება პრობლემების სრულყოფილი ანალიზი და საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი გეგმა”.
„იუნესკო ამბობს, რომ 2020 წლამდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს. მოცემული დოკუმენტაციის წარმოება კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პირდაპირი ვალდებულება იყო”.
„მეცნიერ გიორგი გაგოშიძისა და მისი გუნდის მიერ გელათზე დაგებული კრამიტი იუნესკოს მიერ მოწონებული არ არის, მეტიც - სრულად უარყოფილია. დასკვნაში ნათლად წერია, რომ კრამიტი მედეგობისა და ეფექტურობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ის სათანადოდ გამოწრთობილიც კი არ არის. ამ საკითხის მიმართ ყურადღება ზოგიერთ კვლევით ცენტრს თავის დროზე უნდა გამოეჩინა, თუმცა ეს არ მოხდა”.
„იუნესკო დადებითად აფასებს 2021 წელს მინისტრი თეა წულუკიანის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფაქტს, რომლის ზოგიერთმა წევრმა იუნესკოს ადგილზე ვიზიტისას განუცხადა, რომ სამინისტროსთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია. ეს მარტივად გაბათილდა. იუნესკო ახლა გვაძლევს რჩევას, რომ ამგვარი ჯგუფური მუშაობა კვლავ გაგრძელდეს. მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა ჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას. მოგიწოდებთ ყველას, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კვლევით ცენტრს, რომ დავტოვოთ ეს წარსულში და წინ წამოვწიოთ ისევ გელათი და მისი ინტერესი. ჩვენ ამ ჯგუფს განვაახლებთ და მისი პირველი სხდომა ჩაინიშნება 17 თებერვალს“.
„იუნესკო ამბობს, რომ ჩვენს მიერ დახარჯული ფინანსური რესურსი და ძალისხმევა არის ძალზე დადებითი - ალბათ მხოლოდ ლელოდაუდებელ "ლელოში" თუ იტყვიან, რომ ეს არ არის კარგი შედეგი“.
რადიო თავისუფლებამ კულტურის სამინისტროს ჰკითხა, თუკი მინისტრი რეაბილიტაციისას დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა ანთიძეს მიიჩნევს, ხომ არ მოსთხოვა პროკურატურას მისი პასუხისმგებლობის საკითხის გამოძიება - უწყებამ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა.
მინისტრის მიერ გაჟღერებული ბრალდების კიდევ ერთი ადრესატი, გიორგი გაგოშიძე 2022 წელს თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ამ საკითხზე მას პირადადაც ჰქონდა საუბარი თეა წულუკიანთან, რომლის დროსაც ის ცდილობდა უხარისხოდ ჩამოსხმული კრამიტით მოტანილი ზიანი მთლიანად მისთვის „დაებრალებინა“.
„კრამიტის გამოწვის პროცედურები, ტექნოლოგია უკვე ხელოვნებათმცოდნის საქმე არ არის, ყველაფერი, რაც იქ მშენებლობის დროს ხდება, ხელოვნებათმცოდნეს რომ დააბრალო, არის სისულელე”, - გვითხრა მაშინ გიორგი გაგოშიძემ.
რაც შეეხება პარტია „ლელოს“, რომელიც მინისტრმა ორჯერ ახსენა გელათზე საუბრისას, მისი წევრი, დეა მეტრეველი დღეს განცხადებით გამოეხმაურა იუნესკოს დასკვნას და თქვა, რომ ამ დოკუმენტის კითხვისას შერცხვა, „თუ როგორი გულგრილობით მიმდინარეობდა გელათის "გადარჩენის" სამუშაოები”.
დღესვე, განცხადება გაავრცელა ჩუბინაშვილის კვლევითმა ცენტრმაც, რომელიც მინისტრმა არაერთხელ დაადანაშაულა გელათის გამო დუმილსა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ცენტრის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრმა დოკუმენტის „არსებითად არასწორი ინტერპრეტაცია შესთავაზა საზოგადოებას”.
როგორ კითხულობენ დასკვნას სპეციალისტები?
„ეს არის ძალიან მკაფიო ტექსტი და თავისი შინაარსით და იმ შენიშვნებით, რაც იქ არის წარმოდგენილი და სრულად ემთხვევა როგორც ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნას, ისევე ყველა სხვა დასკვნას, რაც გელათზე არის მომზადებული. ამ დასკვნის შინაარსის ისე შეთავაზება საზოგადოებისთვის, როგორც პოზიტიური ნიუსის, მანიპულაციაა და გათვლილია იმაზე, რომ თავად დოკუმენტს არავინ წაიკითხავს 5 კაცის გარდა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია. ის თვლის, რომ ამ დასკვნის შემდეგ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს სამუშაოების განახლებამდე, არის კონსერვაციის გეგმა.
„კონსერვაციის გეგმა გულისხმობს, რომ შენ გაქვს სტრატეგია მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი და ამ პროცესს ხედავ მთლიანად. ცალკე მხატვრობას კი არ ხედავ და ცალკე გადახურვას, ტაძარს ხედავ როგორც ერთიან სისტემას და ითვალისწინებ არქიტექტურას, ქვას, მხატვრობას და კოორდინირებულად მუშაობ ამ პრობლემებზე იმიტომ, რომ ეს პრობლემები ცალ-ცალკე არ არსებობს. რასაც ეს ჯგუფი გელათში აკეთებდა, ეს იყო მხატვრობის ფალსიფიკაცია და დანაშაულის კვალის დაფარვა”, - ამბობს მაკა და ამატებს, რომ იმ ჯგუფს, რომელიც ბოლოს მუშაობდა გელათში, არ ეყო კომპეტენცია და გამოცდილება ამგვარი გეგმის შესადგენად, სამინისტროს მართვის სტილი კი გამორიცხავს შეცდომის აღიარებასა და კვალიფიციურ მეცნიერებთან თანამშრომლობას.
სამუშაოების გეგმის შექმნამდე გაჩერებას მართლაც გამორიცხავს მინისტრის 9 თებერვლის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტები იძლევიან სამუშაოების გაგრძელების რეკომენდაციას და არ თვლიან საჭიროდ ჯგუფის შეცვლას.
იმის დასტურად, რომ გელათში მიმდინარე რეაბილიტაციის მეთოდების ძირეული შეცვლა საჭირო არ არის, თეა წულუკიანმა თქვა, რომ დასკვნაში დადებითად არის შეფასებული კედლის მხატვრობის აღდგენისას გამოყენებული მეთოდები, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ კედლების გამოშრობამდე არ არის სასურველი აქტიური ჩარევა - ფერების შეტანა და წყლის გამოყენება დაზიანებულ ფრესკებზე.
„ის, რომ მთელი ეს ხანი შენ გეგმის გარეშე მუშაობ ისე, რომ ჯგუფებს ერთმანეთთან კოორდინაცია არ აქვთ და ამის შესახებ აქამდე უკვე ბევრჯერ უთქვამთ, რომ შეცდომაა და ამას არ ითვალისწინებდი, ეს არ არის პატარა დარღვევა. კაცმა რომ თქვას, ეს ნიშნავს კატასტროფას, პროექტის ჩავარდნას. როდესაც პრეტენზიები გაქვს წინა პერიოდის მიმართ და იგივეს აგრძელებ… ეს ჯგუფი ჩამოსული იყო 2021-2022 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესაფასებლად და ანგარიშშიც ასე წერია”, - გვეუბნება ხელოვნების ისტორიკოსი მზია ჯანჯალია. ის ამბობს, რომ წარმოუდგენელია საქართველოში კედლის მხატვრობის რესტავრაციაში ასეთი შეცდომების დაშვება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კედლის მხატვრობა კარგად განვითარებულია და ქვეყანას თავად ჰყავს საერთაშორისო დონის სპეციალისტები.
ასევე ნახეთ გაუგებარია, უცნობია, უგულებელყოფილია: რას წერს გელათზე ICOMOS საქართველოშეცვლის თუ არა გელათის ბედს დასკვნა?
მეცნიერებს ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრიდან არ აქვთ იმედი, რომ იუნესკოს დასკვნა კულტურის სამინისტროს აიძულებს აღიაროს დაშვებული შეცდომები და შეცვალოს მიდგომა გელათში.
მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გაითვალისწინოს დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების ანგარიში წარუდგინოს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას - გელათზე მომზადებული წინა დასკვნების შემთხვევაში ეს ვალდებულება არ არსებობდა.
გელათის შესახებ ჯერ კიდევ იუნესკოს დასკვნის გამოქვეყნებამდე, სამინისტროს ამ სფეროში პოლიტიკის შემოტანისგან თავის შეკავება ურჩია საპატრიარქომ, რომელმაც გელათზე კვლევის მომზადება სთხოვა ჯერ საერთაშორისო სპეციალისტებს, შემდეგ კი ჩუბინაშვილის ცენტრს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად უარყოფითი დასკვნისა და ძალიან ბევრი რეკომენდაციებისა, რაც პირველივე მისიამ დადო, მაინც გრძელდებოდა სამუშაოები იგივე მეთოდით, რაც დაწუნებული იქნა.
ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ჩვენ განსაკუთრებით მჭიდროდ უნდა გვეთანამშრომლა ყველა მხარესთან, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ მიმდინარე საქმე სათანადოდ შესრულებულიყო. საპატრიარქოს უნდოდა, რომ ეს საკითხი დარჩენილიყო სამეცნიერო კვლევის საგნად და არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი”, - თქვა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 4 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ და დაამატა, რომ საპატრიარქოს სულისკვეთებას იზიარებს პრემიერ-მინისტრიც.
საპატრიარქოს საჯარო კრიტიკა საზოგადოების ნაწილს აძლევს საფუძველს, იკითხოს, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ გელათი თეა წულუკიანისთვის პოსტიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს, რადგან მინისტრი მნიშვნელოვანი, სისტემური ცვლილებების აუცილებლობას კვლავ არ აღიარებს.
ასევე ნახეთ „წარმოიდგინეთ, „ვეფხისტყაოსანი“ გიჭირავთ და ფურცლებს გლეჯთ, ასეა გელათის საქმეც“ - გელათი სამკურნალოა