იულია სუსლიაკის ადვოკატი: ორშაბათს სკანდალურ კადრებს გავასაჯაროებ

Your browser doesn’t support HTML5

ტრეფიკინგის დაუსაბუთებელი ბრალდების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი დასასვენებლად იმყოფება. ის საქართველოში აპრილში დააკავეს და საპატიმრო 19 ივლისს დატოვა. ადვოკატ ზურაბ თოდიას თქმით, საქართველოში პატიმრობისას მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის გამო მას რეაბილიტაცია ესაჭიროება. იულია სუსლიაკი ვიდეოზარის მეშვეობით უკვე ესაუბრა შვილებს, მათთან შეხვედრის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნებას და სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ამასთან, იულია სუსლიაკის ადვოკატი გეგმავს გაასაჯაროოს კადრები, თუ როგორ ექცეოდნენ იულია სუსლიაკის შვილებს ქუთაისის საავადმყოფოში, მაშინ როცა დედას შემაკავებელი ორდერის გამო მათთან მიახლოების უფლება შეზღუდული ჰქონდა. ქართველმა სამართალდამცავებმა არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 2019 წლის აპრილში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. საქართველოში ათ ბავშვთან ერთად ჩამოსული ქალის შესახებ ცნობილი გახდა 19 აპრილს, როცა ბავშვები ინტოქსიკაციის დიაგნოზით აღმოჩნდნენ ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში. იულია სუსლიაკის განცხადებით, ეს საქმე "გაყალბებულია" და მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პროკურორის განცხადებით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა. ბრალდების მხარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღიათ.