1774 ლარი - საშუალო ხელფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. აგიხსნით, რას ითვლის საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს საქართველოში საშუალო ხელფასი 21%-ით გაიზარდა და 1774 ლარი გახდა

გასულ კვირაში საქართველოში მორიგი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა: საქსტატის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 21%-ით გაიზარდა და 1774 ლარი შეადგინა.

ხელისუფლებას საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებისა და ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდის მაგალითად ხშირად მოჰყავს საქსტატის მიერ გამოთვლილი საშუალო წლიური თუ კვარტალური ნომინალური ხელფასი.

თუკი 1774 ლარი თქვენც ზედმეტად „კარგად“ გეჩვენებათ საიმისოდ, რომ სიმართლე იყოს, საჭიროა, გავარკვიოთ, რა მონაცემია ეს, რას ეფუძნება? და, ასევე:

  • როგორია მედიანური მონაცემები?
  • რა განსხვავებებია სხვადასხვა დარგში დასაქმებულთა ხელფასებს შორის?
  • როგორი იქნება სურათი, თუკი ინფლაციას გავითვალისწინებთ?

მინუს გადასახადები - რა უნდა ვიცოდეთ

პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ისაა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი არის დარიცხული ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, და არა ხელზე ასაღები თანხა.

საქსტატის 2023 წლის 17 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის IV კვარტალში, - ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, - საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2%-ით გაიზარდა.

ბაზრობა კახეთში, 2020 წლის დეკემბერი.

ეროვნულ ვალუტაში ეს 21.2%-იანი ზრდა შეადგენს 309.9 ლარს. თუკი 2021 წლის მე-4 კვარტალში 1463.8 ლარი იყო საშუალო ნომინალური ხელფასი, 2022 წლის ამავე პერიოდში ამ რიცხვმა 1773.7 ლარს მიაღწია.

თუ საქსტატის გაფრთხილებას გავითვალისწინებთ, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 2022 წლის მეოთხე კვარტალში 1418 ლარი ყოფილა, - რადგან პირველად თანხას დააკლდა საშემოსავლო (20%) გადასახადი.

საქსტატი ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი არ უნდა გაიგივდეს საშუალო თვიურ შემოსავლებთან, რომელიც დაიანგარიშება მოსახლეობის მთლიანი შემოსავლების შეფარდებით მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან.

ასევე ნახეთ ოჯახების შემოსავლები 2014 წელთან შედარებით შემცირებულია - რას უჩვენებს გამოთვლები

როგორ გამოითვლება საშუალო ხელფასი

საქსტატი მრავალი წელია, კვარტალურად აქვეყნებს საშუალო ხელფასის სტატისტიკას, 2022 წლიდან კი დაიწყო წლიურად მედიანური ხელფასის მონაცემების გამოქვეყნებაც.

ნომინალური თვიური საშუალო ხელფასი, საქსტატის თანახმად, ასე გამოითვლება:

  • უწყება კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს აგროვებს 15 000 სხვადასხვა ზომის საწარმოდან, წლიური კვლევისათვის კი - 18 000 საწარმოდან;
  • კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას აწვდიან შემდეგ მონაცემებს:
    • დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ ჯამურ თანხას, რაც ხელფასებზე იხარჯება;
    • დაქირავებით დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას;
  • ამის შემდეგ, სახელფასო ფონდი
    • ჯერ იყოფა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე,
    • შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, - იმის მიხედვით, კვარტალურია კვლევა (3 თვე) თუ წლიური (12 თვე);
  • ასე მიიღება საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი.

ეს გამოთვლები მარტივ არითმეტიკულ მოქმედებებს ეფუძნება. ზოგადად, საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას, ხოლო მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია.

ასე, მაგალითად, თუკი კომპანიაში მუშაობს სამი ადამიანი, რომელთაგან ორს ხელფასი 400-400 ლარი აქვს, ხოლო მესამეს - 2200, საშუალო ხელფასი 1000 ლარია, მედიანური ხელფასი კი 400 ლარი გამოდის.

განსხვავება ამ ორ მეთოდს შორის ის არის, რომ საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს რიცხვებიდან რადიკალური გადახრები - მცირე რაოდენობის მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასმა შეიძლება სულ სხვაგვარი სრული სურათი დახატოს, ვიდრე მედიანური გამოთვლისას.

მედიანური მაჩვენებელი უკეთ აჩვენებს ხელფასებს შორის უთანასწორობას, ვიდრე საშუალო არითმეტიკული.

კიდევ უფრო მარტივად: მედიანა უფრო რეალისტურად ასახავს დასაქმებულების ხელფასებს.

ღია ბაზრობა თბილისში. 2022 წლის აგვისტოს ფოტო.

როგორია ეს განსხვავება რიცხვებში?

წლების განმავლობაში არაერთი ექსპერტი და მედიასაშუალება მიუთითებდა საქსტატს, გამოექვეყნებინა არა მხოლოდ საშუალო ხელფასი, არამედ მედიანური მონაცემებიც, რაც ხელფასების სტატისტიკის უფრო რეალისტურ სურათს გვაჩვენებდა.

მედიანური ხელფასის მაჩვენებლები პირველად 2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. უწყებამ დადო პირობა, რომ ამ მონაცემებს წლიურად გამოაქვეყნებს. ამ ეტაპზე 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მონაცემები არის ხელმისაწვდომი.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ნომინალური საშუალო ხელფასი ყოველ წელს დაახლოებით 400 ლარით მეტი იყო, ვიდრე ნომინალური მედიანური ხელფასი:

ხელზე ასაღები მედიანური ხელფასის მაჩვენებლები კიდევ უფრო შემცირდება, თუკი გავითვალისწინებთ საშემოსავლო და საპენსიო გადასახადებს: 700-ის ნაცვლად გვექნება 546 და ა.შ..

ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის 2022 წლის მედიანური ხელფასის მონაცემები.

რაც შეეხება 2022 წლის წლიურ (და არა კვარტალურ) საშუალო ნომინალურ ხელფასს, პირველადი მონაცემებით, ეს რიცხვი 1591 ლარს აღწევს.

ეს რიცხვი 22%-ით მაღალია წინა წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელზე.

განსხვავებები სექტორებს შორის

უფრო სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, მნიშვნელოვანი განსხვავება ჩანს სხვადასხვა დარგში არსებულ ხელფასებს შორის ნომინალურ მაჩვენებლებშიც კი.

ასე მაგალითად, 2022 წლის მეოთხე კვარტლის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები უჩვენებს, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო, სადაც საშუალო ხელფასი 3.6-ჯერ მეტია, ვიდრე განათლების სფეროში.

განათლების სფერო ყველაზე დაბალანაზღაურებადია - იქ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1006 ლარია, ინფორმაციასა და კომუნიკაციაში კი - 3673 ლარი.

ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა/კარიერების დამუშავება.

ყველაზე დაბალანაზღაურებადებში შედიან განათლება, წყალმომარაგება-კანალიზაცია, სოფლის მეურნეობა, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება.

გენდერული სხვაობები

საშუალო ნომინალური ხელფასის მონაცემები აჩვენებს სხვაობას ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორისაც.

2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1411.7 ლარით, ხოლო კაცების - 2123.2 ლარით განისაზღვრა.

ამავე კვლევით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 355.3 ლარი (20.1%).

საშუალო თვიური ხელფასი სქესის მიხედვით, 2017-2022. წყარო: საქსტატი

ამასთან, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატს ასევე აქვს გამოქვეყნებული შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა, რაც უჩვენებს, რომ საათობრივად ქალებს დაახლოებით 16%-ით ნაკლებს უხდიან, ხოლო თვიურად - 21%-ით ნაკლებს, ვიდრე კაცებს. ეს მონაცემები ეფუძნება 2020-21 წლებში სამუშაო ძალის გამოკვლევას.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ბოლო ანგარიშში ასევე აქვს მითითებული საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა რეგიონულ ჭრილში.

აქ ვხედავთ, რომ თბილისში 2.3-ჯერ მაღალია საშუალო ხელფასი, ვიდრე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ინფლაცია

რადგან საქსტატი მონაცემებს ნომინალში აქვეყნებს, ეს მონაცემები არ ითვალისწინებს ინფლაციას.

იმისათვის, რათა გავიგოთ, გაზრდილია თუ არა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ინფლაციის გათვალისწინებით, უნდა გავარკვიოთ, გაიზარდა თუ არა ხელფასი ინფლაციის მაჩვენებელზე მეტად.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წლიური სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ 2022 წლის დეკემბერში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, შეადგინა 9.85%, მაშინ გამოდის, რომ:

  • 2022 წლის დეკემბერში ყოველ 100 ლარს, წინა წლების ფასებით, ჰქონდა 90.15 ლარის ყიდვის ძალა;
  • 1591 ლარს (პირველადი მონაცემებით, ეს არის 2022 წლის თვიური საშუალო ხელფასი) შეეძლო 1434 ლარის ყიდვა;

1434 ლარი მაინც მეტია 2021 წლის ნომინალზე, 1305 ლარზე. შესაბამისად, საშუალო მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა არა 21%-ით, არამედ 9.88%-ით.

კიდევ უფრო დეტალურია კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ანალიზი.

PMCG-ის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ინფლაციის გათვალისწინებით, 7 წელიწადში მხოლოდ 111 ლარით გაიზარდა, - როდესაც ნომინალში ზრდა 457 ლარი იყო.

საუბარია 2015-დან 2021 წლების სტატისტიკაზე, რომელიც ასე გამოიყურება: