1961 წლის 12 აპრილი - ისტორიის ერთი ფურცელი

1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტმა იური გაგარინმა, რომელიც კოსმოსურ ხომალდ „ვოსტოკ-1“-ზე იმყოფებოდა, წარმატებით შემოუფრინა დედამიწის ორბიტას და 108 წუთის შემდეგ მშვიდობიანად დაეშვა დედამიწაზე.

კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენის მნიშვნელობაზე მეტყველებს საერთაშორისო მედიის გამოხმაურებაც. 1961 წლის 21 აპრილს გამოსულმა ჟურნალმა „ლაიფმა“ ყდაზე დაბეჭდა ყვავილებში ჩაფლული იური გაგარინისა და მაშინდელი საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის ფოტო, ხოლო კოსმოსის თემის გაშუქებას 19 გვერდი დაუთმო.

დედამიწის ორბიტაზე ადამიანის გასვლით დასრულდა პირველი ეტაპი აშშ-სა და საბჭოთა კავშირის კოსმოსური დაპირისპირებისა. ამის შესახებაა საუბარი რედაქტორის სვეტში: „პირველი ადამიანი გაიჭრა დედამიწის ატმოსფეროს მიღმა და აზრი არ აქვს იმის უარყოფას, რომ ამ სიახლის გამო ამერიკელთა უმრავლესობა განიცდის დამარცხებულის ღრმა იმედგაცრუებას. თუმცა საბჭოთა მიღწევას აქვს ბევრად დიდი მნიშვნელობა, ვიდრე პროპაგანდისტული გამარჯვებაა - კაცობრიობამ გადალახა ბარიერი და შეაბიჯა სამყაროს უსაზღვრო წიაღში“.

„როგორ იმოქმედა ახალმა ამბავმა ვაშინგტონზე“ - ასეა დასათაურებული ერთ-ერთი სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:

„ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღები იყო. ახლა კიდევ უფრო საჩქარო იყო აშშ-ის კოსმოსური მიზნების განსაზღვრა და მათი მიღწევის მძლავრი პროგრამის შემუშავება, ვიდრე ოდესმე. კენედი მიუბრუნდა მთავარ თანაშემწეს. „რა დრო დასჭირდება ამას?“, იკითხა მან. თანაშემწე ცოტათი დაფიქრდა. ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება ერთ თვეში, გაიფიქრა მან. ამის სათანადოდ გაკეთებას, სავარაუდოდ, სულ მცირე 3 თვე დასჭირდება. „ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია“, - განაცხადა პრეზიდენტმა“

აშშ-სა და საბჭოთა კავშირის შეჯიბრება კოსმოსის ათვისებაში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა. აშშ-მ პირველი ასტრონავტი დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა 1962 წლის 20 თებერვალს. ჟურნალმა „ლაიფმა“ აშშ-ის მთვარის პროგრამის შესახებაც გამოაქვეყნა ცნობები. „1963 წლის გაზაფხულისთვის ეს ობობისმაგვარი ობიექტი რბილად დაეშვება მთვარის ზედაპირზე…“