- არა, ეს ალბათ „ჰამასის“ იდეა იყო, მაგრამ ის ირანის მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, ოპერაციად ვერ გადაიქცეოდა, - ამბობს რაზ ციმტი, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ისრაელელ მკვლევარს ირანისა და „ჰამასის“ ურთიერთობის და ამ დაჯგუფებაზე თეირანის გავლენის, ასევე ისრაელისა და ირანის დაპირისპირების შესახებ ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ირანისთვის მოულოდნელი იყო, როგორც ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მართლა მოულოდნელი იყო?
რაზ ციმტი: მე ვიტყოდი, რომ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ირანის მონაწილეობა, მხარდაჭერაში, ტექნოლოგიის მიწოდებაში, შესაძლებლობის მიცემასა და თვით „ჰამასთან“ მისი ქმედების კოორდინირებაში. ეს სურათის ერთი ნაწილია. მეორეა, როცა საქმე ეხება ინიციატივას და კონტროლს. რაც შეეხება პირველ ნაწილს, ეჭვი არ მეპარება, „ჰამასი“ ირანის გარეშე ამას თავს გაართმევდა, ირანის შესაძლებლობების, ტექნოლოგიის, იარაღის, წვრთნის და ა.შ. გარეშე. მე ვფიქრობ, ამასთან, რომ ბოლო რამდენიმე თვეში, ალბათ წლებშიც, იყო გარკვეული კოორდინაცია ე.წ. „წინააღმდეგობის ღერძს“, ანუ „ჰამასსა“ და ჰეზბოლას“ და ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსს შორის.
რადიო თავისუფლება: თქვენ ლაპარაკობთ საერთო კოორდინაციაზე და არა ამ კონკრეტული ოპერაციის შესახებ...
რაზ ციმტი: ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საერთო თანამშრომლობაზე ლაპარაკი, ან „ჰამასის“ კონკრეტული ოპერაციების განხილვა. როცა ასეთი შეხვედრები იმართება, მაგალითად, ისმაილ ღაანის (ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და ყუდსის მეთაური), ისმაილ ჰანიას („ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური), ზიად ნახალასა (პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი) და ჰასან ნასრალას („ჰეზბოლას“ მეთაური) შორის ბეირუთსა თუ დამასკში, ისინი ამინდზე არ საუბრობენ. ცხადია, ისინი ოპერატიულ თემებს განიხილავდნენ. მაგრამ ძალიან ძნელია იმის თქმა, საერთო სცენარებზე მსჯელობდნენ თუ კონკრეტულ ოპერაციაზე. მაგრამ, მე მაინც არ მგონია, რომ ეს ირანის ინიციატივა იყო. არ ვფიქრობ, რომ „ჰამასს“ ასეთი თავდასხმის მოსაწყობად ირანის თანხმობა ესაჭიროებოდა. და თუ „ჰამასის“ ინტერესებს გადავხედავთ, დიახ, მისი ზოგიერთი ინტერესი, შეიძლება მათი უმეტესობა - ირანისას უახლოვდება. მაგალითად, შენარჩუნდეს პალესტინის პრობლემა, როგორც ასეთი, ხელი შეუშალონ მოლაპარაკებას ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის... ირანი ყოველთვის კმაყოფილი იყო, როცა ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მწვავდებოდა, ვინც უნდა ყოფილიყო მასში ჩართული, „ჰამასი“ თუ „პალესტინის ისლამური ჯიჰადი“, რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს.
რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ არ ეთანხმებით ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს, რომ ეს იდეა თეირანიდან მოდის? მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, მისცა თუ არა ირანმა მწვანე შუქი „ჰამასს,“ „იდეა ირანში წარმოიშვა“, თქვა მან.
რაზ ციმტი: არ ვეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ იდეა „წამოაყენა“ ჰამასმა. მაგრამ იმისთვის, რომ ეს იდეა განეხორციელებინა და ის ოპერაციად ექცია, ამისთვის სჭირდებოდა ირანის მხარდაჭერა. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ირანელებისთვის ეს არ იყო მოულოდნელი, სულ მცირე, დროის მხრივ.
რადიო თავისუფლება: რა მოჰყვება დღევანდელ ვითარებას, რა იქნება, თუ „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს ღაზის სექტორს?
რაზ ციმტი: თუ „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს ღაზას, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ირანის შესაძლებლობაზე, იმოქმედოს ღაზაში. ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე წელია ირანმა საკმაო ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინა და გაეფართოებინა თავისი მონაწილეობა და ყოფნა არა მხოლოდ ღაზაში, ასევე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ამიტომ, თუ ირანი დაკარგავს „ჰამასს“, როგორც თავის ერთ-ერთ სტრატეგიულ პოტენციალს პალესტინის არენაზე, ეს ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ ღაზაზე, არამედ იორდაგნეს დასავლეთ ნაპირზე, ლიბანსა და სხვა ადგილებზე.
რადიო თავისუფლება: რამდენად წარმატებული იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მოგზაურობა ბოლო ხანს? საკმაოდ საინტერესო იყო. ის ჯერ ბაღდადში ჩავიდა, მერე ლიბანში, შემდეგ აღმოჩნდა სირიაში და მერე კი კატარში.
რაზ ციმტი: გააჩნია, მას რისი მიღწევა სურდა. ზოგიერთი შეფასებით, საკუთრივ ისრაელშიც, ირანს მართლაც სურს, რომ ეს კონფრონტაცია გაფართოვდეს, რომ ომში ჩაერთოს „ჰეზბოლა“, რომ მასში ჩაერიოს იორდანეს დასავლეთი ნაპირი, რომ ომს შეუერთდეს პროირანული გასამხედროებული ფორმირებები. თუ ეს იყო მიზანი, არ ვარ დარწმუნებული, რომ მან ამ მიზანს მიაღწია ე.წ. "წინააღმდეგობის ღერძის" სხვა ნაწილების განსხვავებული ინტერესების გამო.
ჩემი აზრით, და ეს ჩემი საკუთარი შეფასებაა, ამჟამად ირანს არ სურს ეს წინააღმდეგობა გაძლიერდეს.
ეს რომ ირანზე იყოს დამოკიდებული, - მაგრამ ირანს, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეუძლია, - საუკეთესო სცენარი ირანისთვის იქნებოდა კონფრონტაციის ახლავე შეწყვეტა, როცა ისრაელი ითვლება ძალიან სუსტად და „ჰამასს“ პრაქტიკულად ჯერ არაფრის საფასური არ გადაუხდია, ძირითადად, თუ საქმე ეხება მის ხელმძღვანელობას და შესაძლებლობებს.
მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მისი ვიზიტების მთავარი იდეა იყო გაეფართოებინა კოორდინაცია ე.წ. "წინააღმდეგობის ღერძის" წევრებს შორის და განესაზღვრა საერთო „წითელი ხაზები“, რომლებიც, თუ ისრაელი მათ გადაკვეთს, მიგვიყვანს, პირველ რიგში „ჰეზბოლას“ მხრიდან, უფრო პირდაპირ ჩარევამდე. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ირანელების უმთავრესი მიზანი, პირველ რიგში, ისრაელის მხრიდან მოვლენების ესკალაციის შეჩერებაა, რასაც არა მგონია, მიაღწიოს. მეორე მიზანია „წინააღმდეგობის ღერძის“ წევრების კოორდინაცია, რათა იქონიონ დაპირისპირების შემდგომი ეტაპისთვის საერთო დღის წესრიგი. და, რა თქმა უნდა, წარმოადგინონ ირანი იმ სახელმწიფოდ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააგრძელოს და სათავეში ედგას ფრონტების გაერთიანების ამ მცდელობებს.
რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ ისრაელის შესახებ? ფიქრობთ, რომ დადგება მომენტი, როცა ისრაელი ირანის წინააღმდეგ პირდაპირ იმოქმედებს? ანუ პასუხს გასცემს იმას, ირანის ხელმძღვანელობა როგორც ლაპარაკობდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე და ხოტბას ასხამდა მას?
რაზ ციმტი: უნდა ითქვას, რომ არა მგონია, შესაძლო იყოს ირანის და ისრაელის უშუალო შეხება. თუმცა ისრაელში გაისმის ხმები (ეს არ არის მნიშვნელოვანი ხმები), რომ შეიძლება გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა დავარტყათ ირანს, მაგალითად, მის ბირთვულ ობიექტებს.
მე მგონია, რომ მთავარი მსჯელობა ახლა ისრაელში ეხება არა ირანს, არამედ „ჰეზბოლას“. ერთი მხრივ, გვსურს, ჩვენი ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართული იყოს ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ და შეგვიძლია ვიბრძოლოთ სამხრეთში, ასევე ჩრდილოეთში, მაგრამ ეს თავის საფასურს მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მოიმოქმედოს ისრაელის „ზურგში“ „ჰეზბოლამ“, ვიცით, რომ ისრაელის არმიას შეუძლია ორ ფრონტზე ბრძოლა, მაგრამ ეს არ იქნება იოლი. ნუ, ეს მოხდება ღაზაში მოქმედების ხარჯზე, სახმელეთო ჯარების და ავიაციის ხარჯზე იქ, და გვექნება აშშ-ის მხარდაჭერა. მაგრამ კამათი იმაზეა, ღირს კი კვლავ მთელი ყურადღების „ჰამასის“ წინააღმდეგ გადატანა, თუ სხვა გზა არ გაგვაჩნია? ჩვენ ვერ შევეგუებით „ჰეზბოლას“ შეზღუდულ მცდელობებს, ისრაელთან ომში ჩაერთოს თავისი მცირე, მაგრამ მტკივნეული თავდასხმებით ისრაელის ჩრდილოეთში.
ეს შესაძლებლობა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, მე მგონია, ყველაზე არსებითი საკითხი ისაა, მოუწევს თუ არა ისრაელს, გადახედოს თავის პოზიციას და გახსნას მეორე ფრონტი ჩრდილოეთში. არა მგონია, რომ უშუალოდ ირანის წინააღმდეგ მოქმედება ისრაელისთვის დღის წესრიგში იყოს ახლა. შეიძლება ისრაელმა იფიქროს, რომ ასეთ შემთხვევაში აშშ-ს მიმართავს დახმარების თხოვნით, მაგრამ არა მგონია, რომ ამერიკელები ამაზე წავლენ.
რადიო თავისუფლება: სამხედრო ოპერაცია ღაზაში ამით არ დამთავრდება, ხომ ასეა? წამოვა ახალი თაობა, ვისაც დაუხოცეს მამები, დები, ძმები. და არ დასრულდება ძალადობა და მილიტარიზაცია, გაგრძელდება და გაგრძელდება და გაართულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
რაზ ციმტი: დიახ, ცხადია, გეთანხმებით. მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ახლა მართლა ძნელია შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის სტრატეგიაზე ფიქრი. რადგან, ისრაელმა რომც მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს, ანუ შევძლოთ „ჰამასის“ ხელმძღვანელობის მოსპობა, მისი სტრატეგიული შესაძლებლობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება, ჩვენ მოგვიწევს ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდება ღაზაში შემდგომ და ისრაელი არ იქნება ერთადერთი მოთამაშე, რომელიც გადაწყვეტს, რა უნდა მოხდეს ღაზაში, დაგვჭირდება რეგიონული და საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა შევეცადოთ ღაზის აღდგენას არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან რთული ამოცანა იქნება.
ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი