„ისპანკის“ პანდემია 1918 წელს: ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ერთ მესამედს შეეყარა

დღეს, კორონავირუსის კრიზისის დროს, აქტუალურია „ესპანური გრიპის“ გახსენება, რომელიც ერთი საუკუნის წინ, მაშინ როდესაც არც ვაქცინები იყო გამოგონებული, და არც ანტიბიოტიკები, მოედო მსოფლიოს და მილიონობით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. გადახედეთ გრიპთან ბრძოლის საუკუნის ისტორიას ფოტოებში და გაიგეთ, რას ნიშნავდა ე.წ. ციტოკინის სინდრომი, რომელიც ლეტალური შედეგების ერთერთი მთავარი მიზეზი გახდა.

აშშ-ის არმიის ჯარისკაცები და საწვრთნელი კორპუსის სტუდენტები „გრიპის ნიღბებში“. სურათზე 1918 წელია, თანამედროვე ისტორიიის ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიის პიკი.

ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცი სიგარეტს უკიდებენ ეტაპლში, ჩრდ. საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას. მართალია, 1918-1920-იანი წლების გამანადგურებელი ვირუსის წყარო საკამათოა, ბევრი მიიჩნევს, რომ პანდემია ფრანგული სამხედრო ბანაკიდან დაიწყო.

ეტაპლის ბანაკი (ფოტო გადაღებულია 1915 წელს), სავსე ომისგან დაუძლურებული ჯარისკაცებით, გარშემორტყმული იყო იხვების, ბატებისა და ღორების ფერმებით. ღორის უჯრედები ახლოსაა როგორც ადამიანის, ისე ფრინველების უჯრედებთან. ცნობილია, რომ ვირუსული გრიპი ძირითადად ფრინველებიდან გადაეცემა ადამიანს ცხოველების გავლით.

გადაფურთხების ამკრძალავი ნიშანი აშშ-ის გემთსაშენში 1918 წელს. როგორც კი ვირუსმა გავრცელება დაიწყო, მას „ესპანური გრიპი“ დაარქვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნები მედიაში ინფორმაციის გავრცელებას ომის დროს მკაცრად აკონტროლებდნენ. ესპანეთი კი ნეიტრალური ქვეყანა იყო, ისევე როგორც მისი მედია და სასიკვდილო დაავადებების შესახებ პირველი ცნობები იქიდან წამოვიდა.

ეს საფრანგეთია, ვირუსის ამერიკელ მსხვერპლთა სასაფლაო. ომის მიზეზით ხალხის მასობრივი გადაადგილების გამო ვირუსი სწრაფად გავრცელდა მსოფლიოს ყველა კუთხეში და მოსახლეობის დაახლოებით ერთი-მესამედი დააავადა.

ვირუსით დაღუპული მაორების მემორიალი ახალ ზელანდიაში. ახალი ზელანდიიდან დაავადება გავრცელდა წყნარი ოკეანის კუნძულ სამოაზე, სადაც 38 000-იანი მოსახლეობის 22 პროცენტი განადგურდა 2 თვეში. ირანში, სხვადასხვა შეფასებით, 2,4 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა - მოსახლეობის 20 პროცენტი. 300 000 ადამიანი მოკლა ვირუსმა ბრაზილიაში, მათ შორის ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტი.

ვირუსით დაავადებული სტუდენტები სამხედრო-საწვრთნელ ბანაკში, კოლორადოში, 1918 წელს. მსოფლიოში „ისპანკით“ დაღუპულთა რიცხვი, სხვადასხვა შეფასებით, 17 მილიონიდან 100 მილიონამდე მერყეობს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ინფიცირებულთა 2-3 პროცენტი გარდაიცვალა.

დიაგრამაზე ნაჩვენებია 1918 წლის შემოდგომაზე დაღუპულთა რაოდენობის დრამატული ზრდა, როდესაც ვირუსის „მეორე ტალღამ“ გადაუარა მსოფლიოს. გრიპი ინფიცირების შემდეგ ლეტალური აღმოჩნდა ფიზიკურად ჯანსაღი ნაწილისთვისაც. დაღუპულთა საშუალო ასაკი 28 წელი იყო.

მძიმედ ავადმყოფი ქალი აშშ-ში 1918 წელს. ფიქრობენ, რომ ვირუსმა ჯანმრთელ ზრდასრულებში გამოიწვია ე.წ. ციტოკინის სინდრომი, როდესაც საკუთარი იმუნური სისტემის გადამეტებულმა რეაქციამ მოკლა პაციენტები.

ავსტრიელი მხატვრის, ეგონ შილეს ნახატში უკვდავყოფილია საშინელი ადამიანური ტრაგედია. „ოჯახი“ - 1918 წლის ამ ნახატზე ხედავთ ამაყ შილეს ცოლთან, ედიტთან და პატარა შვილთან ერთად. სინამდვილეში ედიტს ვირუსი შეეყარა და დაიღუპა, როდესაც 6 თვის ორსული იყო. 3 დღის შემდეგ შილეც გარდაიცვალა გრიპით. ის 28 წლის იყო.

აშშ-ის სამხედრო ბაზაზე კაცები პირში მარილიან წყალს ივლებენ. მარილიანი წყალი ერთ-ერთი იყო იმ მრავალი საეჭვო „პრევენციული მეთოდიდან“, რომელსაც ვირუსის შესაჩერებლად მიმართავდნენ.

აშშ-ის ჯარისკაცს სადეზინფექციო ხსნარს ასხურებენ ყელში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ხსნარები არ იყო ეფექტიანი.

1918 წელს არკანზასში კარვებს გამოიყენებდნენ გრიპის პაციენტების თავშესაფრად. მაშინ, როდესაც ჯერ არც ვაქცინა იყო და არც ანტიბიოტიკები, მხოლოდ იზოლაცია და პერსონალური ჰიგიენა რჩებოდა ესპანური გრიპის გავრცელების საწინააღმდეგო ეფექტიან მეთოდად.

ვაშინგტონის შტატში 1918-1919 წლებში ხშირად შეხვდებოდით ნიღბებიან ხალხს. 1920 წელს ვირუსის გავრცელება შეჩერდა.

მიკრობიოლოგი ტერენს ტამპი 1918 წლის ვირუსის ნიმუშის შესწავლისას 2005 წელს. ნიმუში ალასკაზე, მიტოვებულ სოფელში დამარხული გრიპის პანდემიის მსხვერპლის ფილტვებიდან ამოიღეს. 2019 წელს კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების დაწყებამდე ტამპიმ თქვა: „ ვფიქრობ, ამავე დროს ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ ზოგიერთი ფრინველის-გრიპის ვირუსების მიმართ, რომლებიც აზიაში იჩენს თავს და ფრინველიდან ადამიანზე გადადებით მძიმე დაავადებას იწვევს. თუ ამ ვირუსებიდან ერთ-ერთი როგორღაც გამოძებნის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების გზას, მაშინ ახალი პანდემიის წინაშე აღმოვჩნდებით“.

კარანტინი უჰანში, 2020 წლის თებერვალი.