25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.
დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელენე ლაბახუას თქმით, რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებში 9 პრეტენდენტი მონაწილეობს: რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიწინია, ოლეგ არშბა, ასტამურ თარბა, ალმას ჯაპუა, ლეონიდ ძიაპშპა, შამილ აძინბა, ასტუმურ კაკალია, არტურ ანქვაბი.
კიდევ ერთი პრეტენდენტი, ასტამურ ოტირბა 20 აგვისტოს იქნა მოხსნილი რეგისტრაციიდან იმის გამო, რომ მისმა თანამებრძოლმა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.
ადგილობრივ სპეციალისტებს უჭირთ ფავორიტი კანდიდატის გამოკვეთა.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 6 აგვისტოს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უმასპინძლა.
„იმედი მაქვს, რომ არჩევნები დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით ჩატარდება და ხელს შეუწყობს რესპუბლიკის სტაბილიზაციის საქმეს როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკის მიმართულებით”, - განაცხადა მაშინ ვლადიმირ პუტინმა.
დე ფაქტო პრეზიდენტმა კი მადლობა გადაუხადა პუტინს უკვე გაწეული დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვისა და სოხუმის თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.
რუსეთის ფედერაცია რეგულარულ დახმარებას უწევს მის მიერვე აღიარებულ აფხაზეთის რესპუბლიკას როგორც სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით, ასევე სამხედრო ხასიათის თანამშრომლობითაც.
რადიო თავისუფლების რუსული პროგრამის "ეხო კავკაზას" ცნობით, 25 აგვისტოს არჩევნებს 60-მდე მეთვალყურე დააკვირდება, მათ შორის მეთვალყურეები ჩინეთიდან და გერმანიიდან.
სულ საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანზე 116 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
აფხაზეთის თვითაღიარუბულ რესპუბლიკაში პრეზიდენტს ხუთი წლით ირჩევენ; პრეზიდენტთან ერთად ასევე ირჩევენ ვიცე-პრეზიდენტსაც. ამასთან ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეული იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ.