"ისევ და ისევ, ვხედავთ ტრადიციულ ქართულ კამპანიას"

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი გობრონიძე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი „დილის საუბრებში“ ეხმაურება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს:

„მმართველი პოლიტიკური ელიტის რეიტინგის ვარდნა ძალიან ბევრ ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს და ამ შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან ზეწოლა არ შეიძლება ჩაითვალოს განმსაზღვრელ ფაქტორად. უამრავი პრობლემაა. გამოკვლევის შედეგებიდანაც კარგად ჩანს, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ნომერი პირველი გამოწვევა 3,7-მილიონიანი ქვეყნისთვის.

ალბათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამით აფასებს რამდენად სწორად ვითარდება სახელმწიფო.

დასავლეთის როლი და კონტრიბუცია იმაში, რომ საქართველომ მიიღო იმაზე უკეთესი საარჩევნო სისტემა, ვიდრე ჰქონდა (თუმცა არა ის, რასაც მმართველი ელიტა დაპირდა საზოგადოებას), არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და რომ არა დასავლელი პარტნიორები, საარჩევნო რეფორმა უფრო მტკივნეულად წარიმართებოდა საქართველოში. ამავე კვლევებით, საზოგადოებას ნომერ პირველ მხარდამჭერად წარმოუდგენია აშშ. 82 %-ს აქვს გააზრებული, რომ რუსეთი არის საფრთხე საქართველოსთვის. ეს მაჩვენებლებიც მიუთითებს იმაზე, რომ აღქმები შეიცვალა საზოგადოებაში. მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ს აქვს წამყვანი როლი, როგორც დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობს.

ჩვენს ინტერესშია დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც არის უალტერნატივო გზა“.

გიორგი გობრონიძე არ მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების კამპანია მკვეთრად განსხვავებულად წარიმართება:

„არსებული სიტუაციიდან რაც იკვეთება, ეს, სამწუხაროდ, იქნება ალბათ ისევ ის "ქართული არჩევნები", რომელსაც მივეჩვიეთ - ერთ მხარეს უკვე იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია, ნარატივები, რომლებიც არ არის ორიენტირებული კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე.

ისევ და ისევ ვხედავთ რაღაც ტრადიციულ ქართულ კამპანიას, რომელიც უფრო მეტად ფორმაზეა ორიენტირებული, ვიდრე შინაარსზე. ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ძალებს უჭირთ კონსოლიდაცია და რა დრო დასჭირდა თუნდაც და რა მითქმა-მოთქმის ფონზე მიდიოდა ჩამოყალიბება საერთო კანდიდატებზე. კარგია, რომ ახერხებენ. პოლიტიკური პროცესისთვის არის კარგი. ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ ახლა. პოლიტიკური პროცესისთვის იქნება კარგი, თუ ოპოზიცია იქნება ძლიერი. სამწუხაროდ, დღეს ისევ ვერ ვხედავ კონკრეტული კონცეფციების, იდეების, პროგრამების დაპირისპირებას. შეიძლება, საზოგადოებასაც ნაკლებად აინტერესებს ეს ყველაფერი და ისევ და ისევ ფორმას აქცევს მეტ ყურადღებას, მაგრამ ვიტყვი, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, კი, ადრინდელს ჯობია ხარისხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის ის ხარისხი, რომელიც რეალურად სჭირდება სახელმწიფოს, რომ განვითარდეს და იყოს წარმატებული, განვითარდეს,როგორც კონსოლიდირებული დემოკრატია.

უმრავლესობა წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა დარჩენილია იმაზე, რომ აი, „ღირსეული კანდიდატი“ წარვადგინეთ და ხშირად ვისმენთ იმას, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ხშირად პირდება ამომრჩეველს იმას, რასაც უნდა პირდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი.

მეორე მხრივ, პარტიები ლაპარაკობენ წარმატებაზე, მაგრამ კონკრეტული კონცეფცია - როგორ მიაღწევენ ამ წარმატებას, არ არის წარმოდგენილი. ისევ და ისევ გვაკლია პოლიტიკური დებატები. ვხედავთ ცალკე აღებულ პარტიებს, მათ პრეზენტაციებს - სხვადასხვა ფერის დროშების, ისტორიული ადგილების ფონზე, პოპულარული სახელების ფონზე. პოპულიზმი ჭარბობს ქართულ პოლიტიკაში და ჭარბობს პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. თითქოს, პოლიტიკური პარტიები სრულად ვერ იაზრებენ ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რასაც მათ პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა აკისრებთ.

ხარისხობრივი გარდატეხა, სამწუხაროდ, არ მომხდარა და ალბათ, ისევ გვექნება „ქართული არჩევნები“, ოდნავ უკეთესი, რაც გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში ნაკლებად მაქვს პოზიტიური მოლოდინები“.

საქართველოს შიდა პოლიტიკის გარდა, გიორგი გობრონიძემ 13 აგვისტოს ეთერში ილაპარაკა აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ რადიო თავისუფლებისთვის წინა დღით მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც ის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხო, მათ შორის - ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებსა და შემდგომ პროცესებს. პომპეომ კონკრეტული სანქციის დაწესების შესაძლებლობაც ახსენა. გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ ბელარუსის საკითხი აშშ-სთვის რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განიხილება:

„კონკრეტულად ბელარუსის საკითხთან მიმართებაში აშშ-ის პოზიცია გამომდინარეობს ძირითადი საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან და ინტერესებიდან. შესაბამისად, გასაგებია ის მომენტი, რომ როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე მისი სატელიტი ან მისი მხარდამჭერი, ერთგული მოკავშირეების მიმართ აშშ-ს ექნება მკაცრი და ხისტი პოზიცია.

რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერების პარალელურად აშშ ეცდება, რომ მის მოკავშირე რეჟიმებსაც შეუქმნას პრობლემები და რეალურად ითამაშოს ის როლი, რაც მას ყოველთვის გააჩნდა, განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის ხელშემწყობი ძალის პოზიციიდან“.