ისევ აშენდება სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკში?

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის, სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის გიორგი ზაქაიძის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ და ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას დაიწყებენ.

ასევე ნახეთ კახა კალაძე: ვაკის პარკში არაფერი აშენდება

2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ვაკის პარკმა გაიმარჯვა“ და ამ ტერიტორიაზე სასტუმრო აღარ აშენდება. კახა კალაძის თანახმად, ინვესტორთან შეთანხმება შედგა. შეთანხმდნენ ადგილმონაცველობის საკითხზე და არა კომპენსაციის გაცემაზე.

ამ განცხადებიდან 1 წლის თავზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე ამბობს, იწყებს ისევ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობას და პარალელურად საეთაშორისო არბიტრაჟში ზარალის ანაზღაურებისთვის დავას. ვინაიდან მთელი ამ დროის განმავლობაში ერთადერთი ტერიტორიის შეთავაზების გარდა, ინვესტორისთვის საინტერსო არც ერთ წინადადებას მერია არ დათანხმდა.

ასევე ნახეთ რას მიიღებს “ბუდაპეშტის” მშენებელი ვაკის პარკის ნაცვლად?

„იყო ერთადერთი შემოთავაზება - ნუცუბიძეზე ონკოლოგიური საავადმყოფოს ღობის მიჯნა. ერთი ღობე უნდა გვქონოდა ჩვენ და ონკოლოგიურ საავადმყოფოს, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი, რადგან იქ ჩვენ ბიზნესს ვერ განვავითარებდით. ვერც სახლს ავაშენედით და ვერც სასატუმროს“,- ამბობს გიორგი ზაქაიძე.

მისი სიტყევბით, თბილისის მერიას სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ათეულობით მიწის ნაკვეთი შესთავაზეს განსახილველად, დიდი დიღმიდან დაწყებული ორთაჭალით დამთავრებული.

ასე გამოიყურება ვაკის პარკში ტერიტორია, სადაც თავის დროზე "ბუდაპეშტი"უნდა აშენებულიყო

„შევთავაზეთ გუდაშვილის მოედანზე არსებული შენობა- ნაგებობების გაცვლა. არც ერთ შეთავაზებაზე მერიამ ყურადღება არ გაამახვილა, გვეუბნებოდნენ, - ვნახავთ, ვნახავთ და არაფერი მათ ჩვენთვის არ გაიმეტეს“.

გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ მერიას შესთავაზეს აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო საკუთრების გამოსყიდვაც, მაგრამ ამაზეც უარი მიიღეს.

„ისინი ამით აფურთხელენ კონსტიტუციას, სასამართლოს. ამ ყველაფერს რომ დავურთავ სარჩელს ნათლად გამოჩნდევა, რომ ეს არის ბიზნესზე ზეწოლა და წართმევა“,- ამბობს ის.

ასევე ნახეთ ვაკის პარკი - მერია და ინვესტორი ერთი თვეა თანხმდებიან

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე კი ამბობს, რომ პროექტის ხელმძღვანელებმა კამპანიურად გადაწყვიტეს სამართლებრივი პროცესი მშენებლობის ნებარვის მისაღებად. თუმცა, მისი თქმით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ისინი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ააშენებენ.

„ჩემი აზრით, მათ ძალიან ნაადრევი განცხადება გააკეთეს. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე ვერ დავადასტურებდი, რომ მოლაპარაკებები დასრულდა და ჩვენ ვერ შევთანხმდით. ასე ნამდვილად არ არის. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 6- მილიონ დოლარიანი მიწის მონაცვლეობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის იოლი საქმე ნამდვილად არ არის და ამას, რა თქმა უნდა, დროს სჭირდება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერის მოადგილე არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ მშენებლობის მსურველს კომპანიასთან რამდენიმე შეთავზება ჰქონდათ.

„გამორიცხულია ის, რასაც ესენი ამბობენ. არ მივიღებ ასეთ ბრალდებებს, თითქოს ჩვენ მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ და ფართები არ შევთავაზეთ. იმასაც ვიტყვი, რომ მიწის ფონდი მუნიციპალიტეტს საკმაოდ მწირი აქვს, დიდი არჩევანი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ის შევთავაზეთ და ყველაფერზე უარი მივიღეთ“,- ამბობს ირაკლი ხმალაძე.

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის“ მშენებლობას წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოება. მათი დაჟინებული მოთხოვნის და პერმანენტული აქციების შემდეგ კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა. თუმცა, მრავალწლიან სასამართლო დავას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს დაუსვა წერტილი. სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განკარგულება, რომლითაც ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობის კანონიერი ნებართვა დაიბრუნა და პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ისევ ააშენებდა.

2019 წლის 25 იანვრიდან დღემდე კომპანიამ და თბილისის მერიამ ურთიერთხელსაყრელ წინადადებაზე ვერ მოილაპარაკეს.