სამიტზე უკრაინას უთხრეს, რომ ნატოში მიწვევას მიიღებს. ოღონდ ეს ვერ მოხდება, სანამ მას რუსეთი ეომება. მაშ, როდის? მოკავშირეებს არც ეს დაუკონკრეტებიათ.
მაგრამ “უკრაინა როგორც არასდროს, ისე ახლოსაა ნატოსთან. მოსკოვმა ვერ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება და ვინ არ გახდება ნატოს წევრი”, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, 12 ივლისს, პრესკონფერენციაზე, რომელსაც მასთან ერთად, უკრინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდა.
პირველ დღეს ზელენსკი არ მალავდა, რომ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP-ის) გაუქმება, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა და დახმარება ჯარის მოდერნიზაციაში, ეცოტავება. უკრაინის ნატოში არმიწვევას მან “აბსურდი” უწოდა.
მეორე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი შეფასებებში გაცილებით ფრთხილი იყო. მესმის, რატომ ეშინია ზოგს, ნატოში უკრაინის წევრობაზე ილაპარაკოს, “არავის უნდა მსოფლიო ომი”, - თქვა მან. თუმცა წუხანდელი იმედგაცრუება ბოლომდე მაინც არ დავიწყებია. “სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ რომ ყოფილიყო მოწვევა, იდეალური იქნებოდა“.
ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანებამდეც და “დღეს მათი დადასტურება შეუძლია დიდ შვიდეულს”.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის
რამდენიმე საათში, “დიდი შვიდეული” (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ) მართლაც შეთანხმდა, რომ დაიცავს უკრაინის უსაფრთხოებას. როგორც ომის მსვლელობისას, ისე მისი დასრულების შემდეგაც.
“ვადასტურებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია”, - ნათქვამია მათ ერთობლივ დეკლარაციაში.
“დიდი შვიდეულისთვის” აუცილებელია, რომ “უკრაინამ შეძლოს საკუთარი დაცვა და სამომავლო აგრესიების თავიდან აცილება”. ამის მიღწევას სამი მთავარი მექანიზმით აპირებენ:
- გააძლიერებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს: უკრაინას მისცემენ თანამედროვე იარაღს, დაეხმარებიან სამხედრო მრეწველობის განვითარებაში, მოამზადებენ ჯარისკაცებს, ითანამშრომლებენ დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.
- გააძლიერებენ უკრაინის ეკონომიკას, უზრუნველყოფენ მის ენერგოუსაფრთხოებას.
- დაეხმარებიან ომის შედეგებთან გამკლავებაში.
სანაცვლოდ, უკრაინა დებს პირობას:
- გააგრძელოს რეფორმები. მათ შორის, დაამარცხოს კორუფცია, გააუმჯობესოს პოლიციისა და სასამართლოების მუშაობა.
- გააგრძელოს დემოკრატიის შენება, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. განავითაროს ჯარი და უზრუნველყოს სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე.
გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს F-16 მოდელის ავიაგამანადგურებლებს. მათ სამართავად კი, მფრინავები გადამზადებას გაივლიან.
მადლიერება უკრაინულად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ სამიტმა “შერეული განცდები” დაუტოვა. “უსაფრთხოების გარანტიები კარგია. მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს ნატოში წევრობას”, - თქვა მან.
ზელენსკისა და კულებას სიტყვები გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა. მან გამოცემა “გარდიანს” უთხრა, რომ უკრაინელები ისე ჩქარობენ დახმარების მიღებას, რომ ხშირად “მადლობის თქმა ავიწყდებათ”.
“იცით, ჩვენ "ამაზონი" არ ვართ - ეს შარშან ვუთხარი [ზელენსკის], მას შემდეგ, რაც 11 საათი ვიმგზავრე [უკრაინისთვის აუცილებელი იარაღის] სიის მისაღებად”, - თქვა უოლესმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ამ განცხადებისგან თავი შორს დაიჭირა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ზელენსკის არაერთხელ უთქვამს მადლობა ბრიტანელი ხალხისა და სხვა მოკავშირეებისთვის”.
დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ბენ უოლესს თავად ზელენსკიც გამოეხმაურა.
“არ ვიცი, რას გულისხმობს [უოლესი], მომწეროს და მითხრას, როგორ სურს, რომ მადლიერება გამოვხატოთ”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რომ შვედეთმა გადალახა თურქეთის წინააღმდეგობა, და ახლა შეუძლია, ნატოს 32-ე წევრი გახდეს.
ოღონდ სტოკჰოლმს ოქტომბრამდე მოუწევს მოცდა. თურქეთის თანხმობა ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მაგრამ მას ორთვიანი არდადეგები აქვს, - თქვა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და დაამატა, რომ შემდეგაც პარლამენტს “ბევრი სხვა საკონონმდებლო ინიციატივა აქვს განსახილველი”.
ნატოს სამიტი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდა. პირველ დღეს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას MAP-ი აღარ დასჭირდება, თუმცა ის “მიიღებს მოწვევას ნატოში მაშინ, როდესაც წევრები შეთანხმდებიან და პირობებს შეასრულებს”.
ასევე ნახეთ შვედეთი ნატოში შევა, უკრაინამ კი ჯერ ომი უნდა მოიგოსაი, საქართველოს კი, MAP-ი კვლავინდებურად ესაჭიროება. იგი წევრობის სამოქმედო გეგმას მე-15 წელია, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ელოდება.