2019-ის საუკეთესოები სოციალურ ქსელებში - „ნიკოს პოდკასტის“ დაჯილდოება

ყველაფრის ჯილდო არსებობს და რატომ არ შეიძლება, რომ თითო პრიზი სოციალური მედიის იმ გვერდებს გადავცეთ, რომლებმაც წლის განმავლობაში გაგვაცინეს, დაგვაფიქრეს ან რამე საქმე გაგვიკეთეს?

ვინ, თქვა, რომ არ შეიძლება! სწორედ ამისთვის არსებობს „ნიკოს პოდკასტის“ ყოველწლიური პრემია „შუშის პეპელა“, რომელიც საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს გადაეცემა ხოლმე!

ვიდრე ნომინაციებს გაგაცნობდეთ, ჯერ ორიოდე რამე განვმარტოთ. „სოციალურ ქსელში“, ცხადია „ფეისბუკს“ ვგულისხმობთ. „ტიკ-ტოკის“ ასაკისა აქ არავინ არის და „ტვიტერს“ კიდე ჩვენში ძირითადად მხოლოდ დონალდ ტრამპის ნააზრევის წასაკითხად იყენებენ ხოლმე. ასევე, „პრიზი“ კი დავწერეთ, მაგრამ სინამდვილეში გამარჯვებულებს ქების მეტი არაფერი გადაეცემათ. და ბოლოს - გამარჯვებულები გამოავლინა „ნიკოს პოდკასტზე“ მომუშავე უაღრესად კომპეტენტურმა და მცოდნე ჯგუფმა, რომელიც ასობით პროფესიონალისგან შედგება. ვინც არ ეთანხმებით, შეგიძლიათ სოციალური ქსლების კვლევისა და მონიტორინგის ეროვნულ კომისიაში გვიჩივლოთ!

მაშ, ასე! პირველი ნომინაციაა:

„სასარგებლო გვერდი“

ამ ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ გვერდები, რომლებიც შეიძლებოდა ვინმეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოდგომოდა. ჟიურიმ ასობით ასეთი „ფეიჯი“ განიხილა და საბოლოოდ, დიდი განსჯის შემდეგ, გამარჯვებულად დაასახელა:

ვინ ვინ არის - Vin Vin Aris

ამ პროექტის ძირითადი მუღამი „ქრომის“ ბრაუზერის დამატებაა, რომელიც ავტომატურად მონიშნავს ხოლმე თავის ბაზაში დარეგისტრირებულ ტროლებსა და ბოტებს. რაც, დღევანდელ ბოტსავსე სოციალურ ქსელებში მართლაც რომ ძალიან გამოსადეგი რამაა.

პროექტს ნაკლოვანებაც ბლომად აქვს. პირველ რიგში ის, რომ მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალების გვერდს აღნუსხავს, რომელთა შორისაც „რადიო თავისუფლება“ არ არის. ასე, რომ, თუ ტროლვის დაუძლეველი ლტოლვა შემოგაწვა, შეგიძლია ქვემოთ, კომენტარებში იგრიალო. „ონჯი“ და „ტაბულა“ იყოს კარგად და ჩვენ ჭირსაც წავუღივართ!

შემდეგ ნომინაციაზე გადავიდეთ:

„თან თითქოს იუმორისტული გვერდი, რომელიც მაინცდამაინც სასაცილო არ არის, მაგრამ, თან არის და როცა არ არის, მაშინაც ძალიან საკაიფოა“

საქმე იმაშია, რომ ჯერ ჟიურიმ ჯერ გამარჯვებული იცოდა და შემდეგ მოარგო მას ნომინაციის სახელწოდება. ჟიურის წევრები „სანიტრების“ კონცერტზე იყვნენ („სანიტარები“ ორიათასიანების ქართული პანკ ჯგუფია, არ გეცოდინებათ), რომელიც მაინცდამაინც საინტერესო არ გამოდგა და ამიტომ ყველა ერთად გარეთ გავიდა მოსაწევად. ჯერ მესოპოტამიის მონატრებაზე ილაპარაკეს, მერე კი იდეა დაებადათ, რომ პრიზი თავიანთი საყვარელი გვერდისთვის გადაეცათ და შესაბამისი ნომინაციაც მოთითხნეს. მათი საყვარელი გვერდი კი ესაა:

Subterranean Humans of Tbilisi

თავიდან „ფეისბუკის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვერდის, Humans of New York-ის პაროდია იყო, თანდათან კი სრულიად უცნაურ და თავისებურ ტიპად გარდაიქმნა. გვერდი დებს ხოლმე მხატვრულად დაწერილ, პირველ პირში მოყოლილ უცნაურ ისტორიებს. უფრო პატარა ნოველები თუ ჩანახატებია - ზოგი სასაცილო, ზოგი სევდიანი, ზოგი კი საკაიფო ჰორორის მოკლე ვერსიას წააგავს. ერთი ამბავი ფარვანების შეჯიბრზეა, მეორე მეტროს საიდუმლო ვაგონზე, სადაც მხოლოდ წითურები სხედან, მესამე კი პატარა ძმისთვის Joy Division-ის ჩართვის საფრთხეებზე.

ამბები ხან რეგულარულად იდება, ხან კი - ნაკლებად რეგულარულად. ვიტყოდით - ნეტა უფრო ხშირად ჩნდებოდეს ახალ-ახალი ამბები მეთქი, მაგრამ, იცით რა - ალბათ იმ სიხშირით იდება, როგორც საჭიროა.

“Cold, cold heart
Hard done by you
Some things look better, baby
Just passing through”

„ყველაზე სასაცილო გვერდი მსოფლიოში“

სასაცილო გვერდების მეტი რა არის. მაგრამ, აი, სულ რომ რეგულარულად სასაცილო იყოს და თან ორიგინალური და თან საკაიფო და თან არავის გავდეს, ეგეთი ცოტაა. რეპოსტების, შითპოსტების, მინდავიყონოტიომიმების, ნორმკორ მიმების და სერგიას რემიქსების ზღვაში სულ რამდენიმე გვერდია, რომელიც, როგორც ეული იალქანი, თეთრ სპეტაკ წერტილად დამჩნევია გოიმობის ზღვას.

მათ შორის რომელია უპირველესი? ეს? ალბათ. ალბათ. სავარაუდოდ.

lela's voice • ლელას ხმა

არსებობს ხალხი, რომლებსაც ლელას ხუმრობებზე არ ეცინება. ეს მათი პრობლემა უფროა, ვიდრე ამ გვერდის. საქმე იმაშია, რომ აქ დადებული მოკლე ვიდეოების უმეტესობას ხუმრობის ფორმატი არცა აქვს. არც შარჟია, არც პაროდია, არც მაინცდამაინც ვინმეს დასცინის - არც კარდაშიანებს და არც ფაღავებს. ჟიურიში ერთი ფილოსოფოსი მაინც რომ გვყოლოდა, გადასარევ აბზაცს გამოაცხობდა პოსტმოდერნიზმზე, დეკონსტრუქციაზე, რეკონტექსტუალიზაციაზე და რეაპროპრიაციაზე.

თუმცა, გულმა რეჩხი არ გიყოთ. ფილოსოფოსი ჟიურიში არ გვყოლია. ქოშიგორაზე ფილოსოფოსები არ ბუდობენ.

წელს სულ ეს იყო. მიდით ეხლა, საბჭელი ჭამეთ. ცილუიუ.