ის, რაც რჩეულებს გამოსდით

გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრები

„ნარკოტიკებს რომ შეეშვა, ან სახლი უნდა დაკარგო, ან ციხეში უნდა მოხვდე, ან ცოლი უნდა გაგექცეს“, - ამბობს გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარი. ცენტრი ყვარლის რაიონში, სოფელ გრემში, 2016 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებს. ის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაციისთვის შეიქმნა.

გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი

  • გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი 2016 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებს.
  • ცენტრი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაციისთვის შეიქმნა.
  • ორსართულიან სახლში ერთდროულად 10 პირს შეუძლია გაჩერება, იღებენ კაცებსაც და ქალებსაც.
  • დღემდე ცენტრს 30-მა ადამიანმა მიმართა.
  • გრემის ცენტრში რეაბილიტაციის კურსი უფასოა.

ორსართულიან სახლში ერთდროულად 10 პირს შეუძლია გაჩერება, იღებენ კაცებსაც და ქალებსაც. აქ არის საძინებლები, სველი წერტილები, სამზარეულო, ეზო და სახელოსნო. დღემდე ცენტრს 30-მა ადამიანმა მიმართა. პროექტის კოორდინატორი ვაჟა კასრელიშვილი ამბობს, რომ 20 მათგანი თვესა და მეტხანს დარჩა. იყვნენ ისეთებიც, მეორე დღესვე რომ გაიქცნენ. ამ 20 კაციდან 20-მა პროცენტმა მოახერხა რემისია 6 თვიდან 1 წლამდე შეენარჩუნებინა.

ამჯერად ცენტრში სამი ბენეფიციარია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მასშტაბურია, ცენტრს რეაბილიტაციისთვის ხშირად მაინც არ მიმართავენ. ვაჟა კასრელიშვილი ამბობს, რომ უფრო ხშირად დედები და ცოლები რეკავენ შვილისა თუ ქმრის მოსაყვანად, შვილი და ქმარი კი არ თანხმდება.

გრემის ცენტრში რეაბილიტაციის კურსი უფასოა. აქ მოსახვედრად საჭიროა სურვილი და ასევე ისიც, რომ ბენეფიციარი მწვავე ინტოქსიკაციის ქვეშ არ იყოს. ცენტრში მედიკამენტებით არ მკურნალობენ, ბენეფიციარები უფრო ფსიქოლოგიურ თერაპიას გადიან. ეს კი დღის წესრიგია:

  • 9.45 - ადგომა, პირადი დრო
  • 10.30 - საუზმე
  • 11.30 - ცენტრის დალაგება
  • 12.30 - მხოლოდ დღეს - წიგნის კითხვა და გარჩევა
  • 13.00 - თავისუფალი დრო
  • 13.45 - შრომითი თერაპია და ა.შ.

ელისო ჩაჩხიანი, ფსიქოლოგი: „ჯგუფური თერაპიის დროს ძალიან გახსნილები არიან. პრაქტიკულ მაგალითებს ვასწავლით. ერთმანეთს ვუყვებით ჩვენს გამოცდილებას და რომელსაც უკეთესად გამოსდის, იმის გამოცდილებას ვიზიარებთ“.

52 წლის გიორგი ლაზარიაშვილი ცენტრში მეორედ მოვიდა. ერთხელ ოჯახი დაენგრა და ამის შემდეგ დაიწყო სმა, მეორედ - ძმა მოუკვდა. ამბობს, რომ ორივე ჯერზე აქ გატარებული დროით კმაყოფილი დარჩა და სხვებსაც ურჩია ცენტრისთვის მიემართათ.

Your browser doesn’t support HTML5

"არ მინდოდა მომგონებოდა“

ბენეფიციარები უმეტესად კერამიკაზე მუშაობენ. აკეთებენ სუვენირებს, რომლებიც შემდეგ იყიდება, თუმცა მხატვარი თემურ კევლიშვილი, რომელიც ბენეფიციარებს ასწავლის, ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მიზანი მაინც თერაპიაა და არა რამე განსაკუთრებულის შექმნა. ისინი ასევე თავად ალაგებენ ოთახებს. არტთერაპიის გაკვეთილზე ხატავენ და ნახატებს კედლებზე აკრავენ. აქვეა გამოკრული სხვა ათასი რამეც, მათ შორის დღის წესრიგი და პლაკატი: „ყველა ნარკომანი ანებებს თავს ნარკოტიკების მოხმარებას! მხოლოდ რჩეულებს გამოსდით ეს სიცოცხლეში!“