11 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის „100-ზე მეტი დავალება“, რომელთა შორის უმრავლესობა ტექნიკური ხასიათისაა, ნაწილი კი - უკვე შესრულებული, თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომლებიც თავისი არსითა და შინაარსით მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ამ რიგის რეგულაციის თანახმად, სახელმწიფო მართვის ცენტრალური ორგანოების წარმომადგენლებს ეკრძალებათ საზღვარგარეთ იმ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის მიერაა ორგანიზებული. ამავე რეგულაციებით, დაიწყება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემოწმება და ანგარიში მთავრობას წარედგინება.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ინსტიტუციურად პრაქტიკულად აღარ არსებობენ და აქტიურ ადამიანებს ინდივიდუალურ რეჟიმში უწევთ მოქმედება, დე ფაქტო აფხაზეთში სამოქალაქო სექტორი აქამდე მეტი დამოუკიდებლობით სარგებლობდა. სამოქალაქო სექტორი, თავის მხრივ, საერთაშორისო შეხვედრებზე აფხაზი ჩინოვნიკების ჩაყვანით თვითაღიარებული რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების პოზიციების გატანასაც ახერხებდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ახალი რეგულაციებით თვითიზოლაციაში იგდებს თავს და ამით, პირველ რიგში, აზარალებს არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ თავის პოლიტიკურ ინტერესებს:
Your browser doesn’t support HTML5
არასამთავრობო სექტორის მიერ უცხოეთში ორგანიზებულ შეხვედრებში ჩინოვნიკების მონაწილეობის აკრძალვა, პაატა ზაქარეიშვილის დაკვირვებით, რუსეთში მიმდინარე პროცესების გრავიტაციული გამოძახილია და არაფრით არ შეიძლება გამოხატავდეს აფხაზი საზოგადოების სურვილსა და განწყობებს. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ახალი რეგულაციების დაწესებას დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას უკავშირებს „ბერგჰოფის ფონდის“ წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციისა „პირისპირ“, რუსუდან მარშანია.
Your browser doesn’t support HTML5
რუსუდან მარშანია ვარაუდობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით რეგულაციების გამკაცრება სახალხო დიპლომატიას ხელს ვერ შეუშლის. დე ფაქტო აფხაზეთში საზოგადოების ნაწილი კი ფიქრობს, რომ განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო საღ აზრთან, არამედ კანონთანაც. „რომელ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობით შეიძლება აუკრძალო სახელმწიფო მართვის ცენტრალური ორგანოების თანამშრომლებს საზღვარგარეთ წასვლა არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე?“ - კითხულობს „ეხო კავკაზას“ ბლოგერი იზიდა ჭანია. მისი შეფასებით, დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის, გენადი გაგულიას, „100-ზე მეტ დავალებაში“ ბევრი დავალება იწვევს სიცილს, მათ შორის განკარგულება, მაგალითად, სახელმწიფო იდეოლოგიის შექმნის შესახებ.