ირმა პავლიაშვილი: "უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად არიან "კოორდინატორები""

30 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"(საია) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საია-ს მიერ 28 აპრილის შუალედურ არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე. წინასწარი შედეგებით, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მოიპოვა სახელისუფლო კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ (57,86%). საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციას ჰყავდა როგორც სტატიკური დამკვირვებლები უბნებზე, აგრეთვე მობილური ჯგუფები. ირმა პავლიაშვილმა გამოყო ხონის მე-5 საარჩევნო უბანთან "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა დაპირისპირების ინციდენტი, აგრეთვე დარღვევები გადასატანი ყუთების მსურველი მოქალაქეების სიების შედგენის პროცესში. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ზოგიერთ უბანზე არაუფლებამოსილი პირების, აგრეთვე ერთი სუბიექტის ორი წარმომადგენლის ყოფნა, საარჩევნო უბნებთან შეინიშნებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ე.წ. "კოორდინატორების" აქტივობა. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, დარღვევების ნაწილი ადგილზევე აღმოიფხვრა და საია-ს საჩივრები აღარ დაუწერია. ირმა პავლიაშვილი თვლის, რომ "შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ როგორ მოხდა გადასატანი ყუთის სიის შედგენა".

Your browser doesn’t support HTML5

ირმა პავლიაშვილი შუალედურ არჩევნებზე