20 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ 19 ივნისს პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მიცემულ განმარტებაზე, რომელიც მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობისთვი" თანხის შეწირვას ეხებოდა. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2012 წელს, როცა უკვე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, მისი საბანკო ანგარიში "ტექნიკურად" იყო გამოყენებული სახელისუფლებო პარტიისთვის - "ნაციონალური მოძრაობისთვის" 20 ათასი ლარის შესაწირად. "მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს "ნაციონალური მოძრაობისთვის", - აცხადებს მამუკა ბახტაძე. ერთბაშად ჩნდება კითხვა რამდენიმე სამართალდარღვევაზე - მოქალაქეს არ აქვს უფლება სხვისი თანხა შეწიროს პოლიტიკურ პარტიას და თუკი მას ამის გაკეთებას სხვა აიძულებს, იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იმ პირის/პირების ქმედებაში, ვინც მას თანხის გადარიცხვა აიძულა. პრემიერმინისტრობის კანდიდატი განმარტავს კონტექსტსაც, რომ მისი ანგარიში გამოიყენეს იმ ვითარებაში, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" აკრძალა იურიდიული პირებისგან პარტიისთვის შემოწირულებები, რამაც მასვე გაუჩინა ფიზიკური პირების ანგარიშების გამოყენების საჭიროება. "დილის საუბრებში" ირმა პავლიაშვილიც იხსენებს ამ კონტექსტს და იმასაც, რომ კონტროლის პალატა იმ დროს მხოლოდ ოპოზიციური პარტიისთვის შემწირველებითა და მათი შემოსავლებით ინტერესდებოდა, როცა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როცა სახელისუფლებო პარტიას ისეთი პირები წირავდნენ დიდ თანხებს (კანონით დადგენილ მაქსიმუმსაც), რომლებიც თავად სახელმწიფო შემწეობით ცხოვრობდნენ. ზოგიერთ მათგანს საცხოვრებელი ფართიც არ გააჩნდა და რიგ შემთხვევაში არც კი იცოდნენ მათი ანგარიშის გამოყენების შესახებ. ამ კონტექსტის მიუხედავად, საია-ს აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ მამუკა ბახტაძეს როგორც პოლიტიკურად აქტიურ პირს, იმ კონტექსტშიც - 2012 წელსაც "წინააღმდეგობა უნდა გაეწია და განეცხადებინა" სამართალდარღვევის თაობაზე".
Your browser doesn’t support HTML5