მე არ ვცრუობ, არ მინდა მოგცეთ ცრუ დაპირებები, და არ მინდა უსაფუძვლო იმედი მოგცეთ, მიმართავდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მასუდ ფეზეშქიანი ხალხს და თამამად ამბობდა, რომ პრობლემა ჩვენშია, მოხელეებში, ჯერ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი თავიო.
კარდიოქირურგი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ფეზეშქიანი საკუთარ თავს „პრინციპულ რეფორმისტს“ უწოდებს - იმის თქმა სურს, რომ ირანის პოლიტიკური სივრცის ორივე ბანაკს ეკუთვნის.
მას სწამს 1979 წლის ისლამური რევოლუციის პრინციპებისა, იბრძოდა ირან-ერაყის ომში, რელიგიური ადამიანია და თავისი ნათქვამის სამართლიანობის დასამტკიცებლად რელიგიური ციტატები მოჰყავს. მას ისლამური რევოლუციის ჩარჩოებში სიტყვის თავისუფლებისა სჯერა, მაგრამ ყველაფერზე მეტად ეკონომიკური სამართლიანობისა სწამს.
ფეზეშქიანი რეფორმისტი?
ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილები, როცა განიხილავენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმად რეფორმისტმა მასუდ ფეზეშქიანმა მოიგო, კამათობენ - შეიძლება თუ არა საერთოდ რეფორმისტობაზე ლაპარაკი ირანის ამჟამინდელი სისტემის კონტექსტში და იმასაც დასძენენ, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში არ არის ხელისუფლების უმაღლესი ინსტანცია, რომ მასზე მაღლა დგანან უზენაესი რელიგიური ლიდერი და გუშაგთა საბჭო, რომელსაც პრეზიდენტის მოხსნაც კი შეუძლია. არ ივიწყებენ იმასაც, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი - ფეზეშქიანი ისლამური რუსპუბლიკის სამხედრო სამსახურში იდგა, ირან-ერაყის ომში მონაწილეობდა და, მაგალითად, იმასაც ახსენებენ, რომ ისრაელის მიმართ თეირანის პოლიტიკას გააგრძელებს.
თუმცა, ისიც ცნობილია, რაც ალბათ ამ რეფორმისტობას განაპირობებს, რომ ფეზეშქიანი აპირებს დასავლეთთან ფრთხილი დაახლოება დაიწყოს, ბირთვული შეთანხმების განახლებას ემხრობა და თვლის, რომ თუ ამ სფეროში წინსვლა მოხდება, ირანს სანქციებს შეუმსუბუქებენ და ეს კი ხალხს, ეკონომიკას წაადგება. ფეზეშქიანი მორწმუნე მაჰმადიანია, მაგრამ ჰიჯაბის ტარების იძულების მიმართ კრიტიკულია.
2022 წელს თეირანში ახალგაზრდა ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაუდგენელ ვითარებაში სიკვდილის შემდეგ ფეზეშქიანი იყო ერთ-ერთი იმ უმცირესობა ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც ტელევიზიის ცოცხალ ეთერში გამოვიდნენ მოწოდებით, რომ მომხდარი გამჭვირვალედ უნდა გამოძიებულიყო.
ამინის სიკვდილს მოჰყვა ირანში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო.
ასევე ნახეთ რევოლუციის დასაწყისი? „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ ირანშიდავა ფუნდამენტალისტებს შორის
ცნობამ, რომ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულია რეფორმისტი კანდიდატი მასუდ ფეზეშქიანი, რომელიც ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდანაა და მამა ეთნიკური აზერბაიჯანელი, ხოლო დედა ქურთი ჰყავდა, ირანში უკმაყოფილება გამოიწვია მეტოქეთა ბანაკში. მის არჩევას იმგვარი ფაქტორებით ხსნიან, რაც თითქოს აკნინებს ფეზეშქიანის გამარჯვების სამართლიანობას.
ფუნდამენტალისტურ მოძრაობაში, „რევოლუციურ ფრონტად“ წოდებულ გაერთიანებაში განხეთქილებაა შედეგების გამო. საპრეზიდენტო კანდიდატების, მოჰამად ბაღერი ღალიბაფის და საიიდ ჯალილის მომხრეები ერთმანეთს აბრალებენ მათი ბანაკის წარუმატებლობას.
არჩევნებში მონაწილეობდა 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელთა 53%-ზე მეტი - 16 მილიონი, ექიმ კანდიდატს მიემხრო. ირანში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 61 მილიონს აღწევს. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის გამართვა საჭირო გახდა ავიაკატასტროფაში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შემდეგ, ირანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად და მტრულად განწყობილმა ძალებმა შინ და გარეთ, რეჟიმის შეცვლის მომხრებმა, ბოიკოტი გამოუცხადეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ემიგრანტი ირანელები ხმის მისაცემად მიდიოდნენ ირანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ბოიკოტის აგრესიული მომხრეებისგან მათი პოლიციის მიერ დაცვა გახდა საჭირო.
მეორე ტურში, რომელშიც ფეზეშქიანი და ჯალილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხმების რაოდენობამ პირველ ტურთან შედარებით მოიმატა და მათ, შესაბამისად, 16 და 13 მილიონი ირანელი მიემხრო, ანუ ფეზექშიანმა მეტოქეს მეორე ტურში თითქმის სამი მილიონი ხმით აჯობა, რაც სერიოზული უპირატესობაა.
„ეთნიკური ხმები“
ფეზეშქიანის მეტოქის, ჯალილის მრჩეველი, ამირჰოსეინ საბეთი ტელეგრამის არხით ავრცელებს განცხადებას, ე.წ. ეთნიკური ხმების გარშემო: „მხარეებმა პროვინციებში მოიგეს ხმების თითქმის თანაბარი (16 პროვინციაში ფეზეშქიანმა და 15 პროვინციაში ჯალილიმ) რაოდენობა, მაგრამ ოთხ პროვინციაში, არდებილში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, დასავლეთ აზერბაიჯანსა და ქურთისტანში ძლიერი „ეთნიკური ხმების“ მიცემის წყალობით ფეზეშქიანმა მოახერხა პრეზიდენტი გამხდარიყო თითქმის სამი მილიონი ხმის უპირატესობით“. საბეთის თქმით, ფეზეშქიანსა და ჯალილის შორის სხვაობა ამ ოთხ რეგიონში იყო „ორი მილიონ 956 ათასი ხმა, ხოლო საერთო განსხვავება ყველა 31 პროვინციაში - ორი მილიონ 850 ათასი ხმა!“
ასე რომ, ჯალილის კონსულტანტი დაასკვნის: „ფეზეშქიანის მთავარი უპირატესობა ამ არჩევნებში არ ყოფილა პოლიტიკური დისკურსი ან მიდგომა, პოლიტიკური ან კულტურული ბიპოლარულობა, არამედ ეთნიკური ხმები ოთხ პროვინციაში“.
ეს არგუმენტი მხოლოდ ირანს შიგნით, ჯალილის მომხრე ფუნდამენტალისტთა ბანაკში არ გავრცელებულა, მას იზიარებენ სოციალურ ქსელებში და უცხოეთშიც, სადაც ხშირად ეს არჩევნები არასამართლიანად მიიჩნევა და მისი მონაცემები გაყალბებულად, მაგრამ შედეგების სტატისტიკურ მონაცემებს მაინც იყენებენ კრიტიკისთვის.
„ეთნიკური ხმების“ თეორიას არ ეთანხმებიან ფუნდამენტალისტების სხვა ჯგუფში. ალირეზა ზაქანი, რომლის X-ის არხით გავრცელებული მოსაზრება მოჰყავს რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს: „ქვეყნის არჩეული თანამდებობის პირების ხმების ეთნიკური ინტერპრეტაცია ასუსტებს რელიგიურ დემოკრატიას და არის უპატივცემულობა ირანელების მიმართ, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა”.
„ეთნიკურ ანალიზს” უსაფუძვლოდ მიიჩნევს ასევე კონსერვატორი ანალიტიკოსი, იასერ ჯაბრაილი, რომელიც ჯალილის უჭერდა მხარს არჩევნებზე. ის ამბობს, რომ ეს არგუმენტი არასწორია და შორსაა რეალობისგან. მისი თქმით, ამგვარი ანალიზი მომავალშიც შეიძლება გახდეს შეცდომების გამომწვევი, ფეზეშქიანმა ბოლოს და ბოლოს 16,3 მილიონი ხმა მოაგროვა და არა - 2,7 მილიონი.
ირანში არჩევნები არ ტარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამის დასტურად მხოლოდ ის ფაქტიც კმარა, რომ კანდიდატებს განიხილავს და არჩევს „გუშაგთა საბჭო“, რომლის წევრებს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი მეთაური ნიშნავს პირდაპირ თუ ირიბად, და რომელსაც უფლებამოსილება აქვს, არჩევნებს ჩამოაშოროს ნებისმიერი კანდიდატი. არჩევნებზე უცხოელი მეთვალყურეების მოწვევა ხომ არასოდეს ყოფილა განხილვის თემა.
ასევე ნახეთ ვინ იყო და რას ცვლის პრეზიდენტ რაისის სიკვდილი ირანის პოლიტიკაშიახალი „რაიის ჯუმჰურ“
ირანის პრეზიდენტი, სპარსულად - „რაიის ჯუმჰურ“, ( رئيس جمهور), ანუ რესპუბლიკის მეთაური მასუდ ფეზეშქიანი, 16 წელიწადია ირანის პარლამენტის წევრია. იქ წარმოადგენდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანს, უპირატესად ირანის აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონს.
პოლიტიკურ საქმიანობაში 20-წლიანი სტაჟის მიუხედავად, ფეზეშქიანი არასოდეს ყოფილა კორუფციაში ბრალდებული და არ გარეულა რაიმე პოლიტიკურ სკანდალში. ირანის ქალაქ მაჰაბადში დაბადებული ექიმი თავისუფლად ლაპარაკობს თავის მშობლიურ თურქულ, ქურთულ და ბუნებრივია, სპარსულ ენებზე.
ირან-ერაყის ომის დროს 1980-1988 წლებში ის ფრონტის წინა ხაზზე წავიდა და მსახურობდა როგორც ჯარისკაცი და სანიტარი.
ომის მერე კარდიოქირურგიაში დახელოვნდა. მასუდ ფეზეშქიანი არა მხოლოდ პრაქტიკოსი ექიმი იყო, მას თავრიზის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის პოსტიც ეკავა 1994-1999 წლებში. მოჰამად ხათამის პრეზიდენტობის წლებში ფეზეშქიანი თეირანში გადავიდა და ჯერ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი - მინისტრიც გახდა.
ამ დროს ირანში პოლიტიკური დაპირისპირება მძაფრია, რეფორმისტ ხათამის, რომელიც შემდეგ აჰმადინეჟადმა შეცვალა, და მის მიმდევრებს, ბევრი კრიტიკოსი ჰყავდათ და პარლამენტში მისი მოწინააღმდეგეები ფეზეშქიანს აუმხედრდნენ, მისთვის, მართალია, წარუმატებლად, უნდობლობის გამოცხადება მოითხოვეს, რადგან, ვითომ მსოფლიო ბანკის კრედიტი არასათანადოდ გამოიყენა.
2008 წელს, მთავრობის დატოვებიდან სამ წელიწადში, ფეზეშქიანმა პარლამენტის მანდატი მოიპოვა თაბრიზის ოლქიდან. ის შემდეგ ხუთჯერ იქნა არჩეული ოთხწლიანი ვადით. 2016-2020 წლებში, როცა ირანის საკანონმდებლო ორგანოს ზომიერი და რეფორმისტი პოლიტიკოსები აკონტროლებდნენ, ის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
2024 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ფეზეშქიანის პირველი მცდელობა არ ყოფილა, პრეზიდენტის პოსტი დაეკავებინა. პირველად ის რეგისტრაციაში გატარდა 2013 წელს, მაგრამ მალევე მოხსნა კანდიდატურა ისე, რომ არავის დაუჭირა მხარი. 2021 წელს, კიდევ ერთი მცდელობისას, გამხდარიყო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, ფეზეშქიანი ხსენებულმა გუშაგთა საბჭომ, საკონსტიტუციო ზედამხედველმა ორგანომ, დაიწუნა.
ფეზეშქიანი ყურანის მცოდნეა, ის შიიტთა პირველი იმამის, ალის ქადაგებისა და გამოთქმების კრებულის, ნაჰჯ ალ-ბალაგას ექსპერტად ითვლება. ეს შიიტებისთვის მნიშვნელოვანი წიგნი საუბრობს თემებზე, როგორიცაა თეოლოგია, ანგელოსთა სამყარო, სამყაროს შექმნა, ადამიანის ბუნება, ქალის როლი და ის, თუ როგორი უნდა იყოს ისლამური მთავრობა.
ფეზეშქიანის პირადი ცხოვრება უჩვეულოა. საარჩევნო კამპანიაში ის წარმოდგა თავის უფროს ქალიშვილთან ერთად. ცოლი და ერთ-ერთი ვაჟი მას ავტოკატასტროფაში დაეღუპა 1994 წელს. მასუდ ფეზეშქიანს მას მერე არ უქორწინია, სამი შვილი მარტომ გაზარდა.
ისლამის ექსპერტი, ექიმი, ამავე დროს ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკას აკრიტიკებდა, როცა საუბარი ჰიჯაბის ტარება-არტარებაზე იყო და თვლის, რომ იძულება მხოლოდ აშორებს ადამიანებს რელიგიას.
ფეზეშქინი დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის ღიაა და აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიმართ მტრულ ლოზუნგებს აკრიტიკებს.
ამავე დროს, ის ისლამური რესპუბლიკის პრინციპების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ირანმა უნდა მისდიოს პოლიტიკას, რომელიც უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჩამოაყალიბა.
ამ წლის დასაწყისში ფეზეშქიანმა თქვა, რომ ხამენეის ჩარევას უმადლის, რომ მისი კანდიდატურა მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას არ მოხსნეს.
ირანის „პრინციპული რეფორმისტი“ ახალი პრეზიდენტი უმცირესობების უფლებების დაცვის მომხრეა, მაგრამ მის მიმართ კრიტიკა ისმის, თითქოს დამთმობია ირანის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის ნაციონალისტური განწყობების მიმართ. თვითონ ფეზეშქიანი ამ ბრალდებას უარყოფს.