1990-იანი წლების ბოლო იყო. მხატვარი ირაკლი ბოჭორიშვილი შინ იჯდა და ხატავდა. გარშემო ყველას უჭირდა - ფული თითქმის არავის ჰქონდა. მხატვრებს - მით უმეტეს.
ერთ დღეს ისანში ფეხსაცმელების ძველ ფაბრიკას ისეთი ხალხი დასჭირდა, ვისაც მხატვრობასა და დიზაინთან ჰქონდა შეხება. ასე მოხვდა ირაკლი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი სამხატვრო აკადემიიდან ფაბრიკაში, სადაც ფეხსაცმელების კერვა ისწავლეს.
მერე ფაბრიკა დაიხურა, ირაკლიმ კი, რომელსაც ჰქონდა ახალი ხელობა, თავისი სახელოსნო გახსნა და ფეხსაცმელების ხატვა და კერვა დაიწყო. თავიდან სახელოსნოს უბრალოდ ირაკლის სახელოსნო ერქვა. დღეში 12-14 საათს მუშაობდნენ. ახალი საქმით ასეთი შეპყრობილობის გამო, მეგობარმა ურჩია, ბარემ აქაურობას „შუზოფრენია“ დაარქვიო - ასე გაჩნდა თბილისში ოცი წლის წინ ადგილი, სადაც ხელით ნაკეთი ფეხსაცმელები იქმნება.
ერთი კარგი ფეხსაცმლის შეკერვას - ხელით, სულ ცოტა, ერთი კვირა მაინც სჭირდება.
ჯერ მოდელი იქმნება, მერე კალაპოტი იჩარხება და იწყება უამრავი ეტაპისგან შემდგარი პროცესი, სანამ ნახატი ნამდვილ ფეხსაცმლად იქცევა. ირაკლი ბოჭორიშვილის სახელოსნო კი ოცი წლის მერეც რჩება ადგილად, სადაც მიუხედავად ცვლილებებისა, ფეხსაცმელებს ჯიუტად კერავენ ხელით - მთავარი „მუღამიც“ ესაა. შექმნან ერთი გამორჩეული ფეხსაცმელი ერთი ადამიანისთვის.