მათ ჰყავთ საერთო მტრები: “ომის პარტია” ოპოზიციაში და “ლგბტ პროპაგანდა”.
“გადავწყვიტეთ, რომ აღარ გვჭირდება მეტი გენდერი. ჩვენ გვჭირდება ნაკლები დრეგ ქუინი და მეტი ჩაკ ნორისი”, - მიმართა ვიქტორ ორბანმა 2022 წლის აგვისტოში, ტეხასის შტატში შეკრებილებს. CPAC-ის იმ კონფერენციაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჰყვებოდა თავის ანტილგბტ და ანტისაემიგრაციო პოლიტიკაზე. ამისთვის მხურვალე ტაში დაიმსახურა.
ტრამპის ასპარეზი
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიცია (Conservative Political Action Coalition) კონფერენციებს 1974 წლიდან ატარებს. მისი ორგანიზატორია ამერიკის კონსერვატორთა კავშირი. ყოველ წელს, ყრილობას დაახლოებით 18 ათასი მონაწილე ესწრება. ერთ-ერთი პირველი, ვინც კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, მომავალი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი იყო.
გამოცემა VOX-ი ჰყვება, რომ თავდაპირველად, ყრილობაში მონაწილეობდნენ როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. 90-იანების ბოლოსკენ მხოლოდ რესპუბლიკელები დარჩნენ. იქიდან მოყოლებული, კონფერენციაზე ისმის განცხადებები, რომელთაც კრიტიკოსები, სულ ცოტა, საკამათოს ეძახიან.
მაგალითად, 2007 წელს პოლიტიკურმა კომენტატორმა, ენ კოულტერმა, ჰომოფობიური ტერმინით მოიხსენია სენატორი ჯონ ედვარდსი. მომდევნო წელსვე, კონსერვატიულმა მედიამ აიტაცა მისი რასისტული განცხადება მომავალ პრეზიდენტზე, ბარაკ ობამაზე. კოულტერმა თქვა, რომ ობამა “ნახევრად შავად დაიბადა”.
ბევრის აზრით, სწორედ 2011 წლის CPAC-ის კონფერენციაზე დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად გაუპატიურებასა და თაღლითობაში ბრალდებული დონალდ ტრამპის პოლიტიკური კარიერა. კენჭს თუ ვიყრი, ჩვენი ქვეყანა კვლავ დიადი გახდებაო, - თქვა მან. მოგვიანებით, “კვლავ გახადე ამერიკა დიადი” (Make America Great Again) მისი მთავარი საარჩევნო სლოგანი გახდა.
გარდა ამისა, CPAC ყოველ წელს ატარებს შიდა გამოკითხვას - ვინ უნდა იყოს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი? ყველაზე მეტჯერ (6-ჯერ) დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
2017 წლიდან CPAC ტარდება იაპონიაში, 2018-დან ბრაზილიაში, 2019-დან ავსტრალიაში. 2022 წელს კი კონფერენცია პირველად გაიმართა უნგრეთში. მისი სლოგანი იყო: “ღმერთი, სამშობლო, ოჯახი”. ერთ-ერთი სპიკერი, უნგრელი ჟსოლტ ბაიერი, ებრაელებს ადრე “აყროლებულ განავლად”, ბოშებს კი “ცხოველებად” მოიხსენიებდა.
ორბანი - სუპერვარსკვლავი
რატომ უნგრეთი? იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანი “წარმოადგენს ქრისტიანულ კონსერვატიულ ღირებულებებს”, - თქვა 2022 წლის აპრილში კონფერენციის ორგანიზატორმა, მეთ შლაპმა.
ორბანი უნგრეთს 2010 წლიდან მართავს. მისმა პარტიამ, “ფიდესმა” საპარლამენტო არჩევნები უკვე ოთხჯერ მოიგო. ოპოზიციის მტკიცებით, გაყალბების, მოსყიდვისა და ოპონენტების დაშინების ხარჯზე. ორბანზე დიდხანს ევროკავშირში სახელმწიფოს მეთაური ჯერ არავინ ყოფილა.
“ფრიდომ ჰაუსი“, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს ზომავს, უნგრეთს (საქართველოს მგავსად) აფასებს “ჰიბრიდულ რეჟიმად”. ორბანს ადანაშაულებენ სასამართლოების კონტროლსა და კრიტიკული მედიის გაქრობაში.
საკუთარ მმართველობას ორბანი “ილიბერალურ დემოკრატიას” უწოდებს. ანუ ისეთ წესრიგს, რომელშიც უმცირესობები ემორჩილებიან უმრავლესობის გადაწყვეტილებებს. ამით ის უპირისპირდება ლიბერალურ დემოკრატიას, რომელსაც ევროკავშირთან აიგივებენ. ლიბერალური დემოკრატიისთვის მთავარი ღირებულება ინდივიდის უფლებები და თავისუფლებებია. მისი სქესის, რელიგიის, კანის ფერის თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი მონაწილეობს კონფერენციაში, რომელიც ლიბერალებს კოშმარის მოწყობას ჰპირდებაამერიკელი კონსერვატორებისთვის ორბანი მთავარი ევროპელი ვარსკვლავი და მოკავშირეა მისი ანტილგბტ და ანტისაემიგრაციო პოლიტიკის გამო. ორბანი იმეორებს, რომ უნგრეთში არაფერი ესაქმებათ არაევროპელ ემიგრანტებს. “არ გვინდა, რომ ჩვენი ფერი, ტრადიციები და ეროვნული კულტურა სხვებისას შეერიოს”, - თქვა მან 2018 წელს.
2021 წელს კი მიიღო კანონი, რომლითაც არასრულწლოვნებში “ლგბტ პროპაგანდა” აკრძალა. ამ ქოლგის ქვეშ შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი წიგნი, ფილმი თუ გადაცემა, რომელშიც ნახსენებია ადამიანის სექსუალობა და გენდერული იდენტობა.
2022 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ორბანი ოპოზიციას “ომის პარტიას” უწოდებდა. “ქართული ოცნების” ლიდერების მსგავსად, ის იმეორებდა, რომ დასავლეთი ცდილობს, ჩაითრიოს მისი ქვეყანა რუსეთთან ომში.
“გენდერული პროპაგანდა”
CPAC-მა ერთი კონფერენცია წელს უკვე გამართა - აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში. იქ არაერთი ტრანსფობიური განცხადება გაკეთდა. მაგალითად, ამბობდნენ, რომ “ტრანსგენდერიზმი ამოსაძირკვია”. სავარაუდოდ, 4-5 მაისს ბუდაპეშტშიც იგივე მოხდება. ღონისძიების ვებგვერდზე, რამდენიმე სპიკერი წარდგენილია “გენდერული პროპაგანდის მტრად”, ან მის “დაუძინებელ კრიტიკოსად”.
და ღარიბაშვილი? “გენდერული პროპაგანდა არც საქართველოს ზოგავს, მაგრამ ღარიბაშვილი თვლის, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას. ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ... ლგბტქ ზეწოლას“, - დაწერეს მასზე ორგანიზატორებმა.
“უმრავლესობის ნების პატივისცემა” პრემიერის სიტყვების პერიფრაზირებაა. 2021 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე სიძულვილის ჯგუფებმა ქვიარების მსვლელობა ჩაშალეს და 53 ჟურნალისტი გალახეს, ღარიბაშვილმა თქვა:
“როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ”.
ასევე ნახეთ ლაკმუსის ტესტი ევროპელობაზე - რას ცვლის ქვიარებისთვის ევროკავშირთან დაახლოება?ქვიარ აქტივისტებს, რომელთაც რადიო თავისუფლება 27 აპრილს ესაუბრა, ბუდაპეშტში ღარიბაშვილის სტუმრობა არ გაჰკვირვებიათ. “ეს კარგად მეტყველებს მის ღირებულებებზე”, - თქვა აქტივისტმა, გიორგი თაბაგარმა.
ღარიბაშვილმა ქართული ქვიარ თემის კრიტიკა არაერთხელ დაიმსახურა. “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა”, - თქვა მან 2015 წელს. ორ წელიწადში ასეც მოხდა.
50 სპიკერს შორის, ორბანის გარდა, ღარიბაშვილი სახელმწიფოს ერთადერთი მეთაურია.