„დღეს სივრცეებში ყურების და ბრძნული დაკვირვებების დრო არ არის. სწრაფი ქმედებებისკენ უნდა იყოს მიმართული მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა"

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი

პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა და თანმდევი შეზღუდვები ყოველდღიურად ამძიმებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. არაერთი კვლევითი ორგანიზაცია აფასებს რისკებს და ცდილობს ეკონომიკური პროცესების სხვადასხვა სცენარით პროგნოზირებას. მთავრობა ეკონომიკის გახსნის სქემებს წარმოადგენს, რომელთა ნაწილი სხვადასხვა სფეროს ხელშეწყობას უკავშირდება. ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია თვლის, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ინიციატივები, რომლებიც ამა თუ იმ დარგის სტიმულირებას ეხება, პოპულისტურია და ყველაზე სწორი, რისი გაკეთებას მთავრობას შეუძლია, არის ის, რომ არ ჩაერიოს ეკონომიკაში:

„ტურიზმზე გაკეთებული აქცენტები უფრო პოპულისტურია, რადგან მოგეხსენებათ, 2019 წელი რეკორდული იყო ტურისტების ვიზიტების და მიღებული შემოსავლების მხრივ. განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა ტურიზმმა და პოპულისტურია გადაწყვეტილება, რომ ტურიზმს უნდა მივხედოთ, განვავითაროთ, პროგრამები შევიმუშაოთ.

რომელ სახელმწიფო დახმარებაზეა ლაპარაკი სოფლის მეურნეობაში, როცა ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია სახნავ-სათესი მიწების 60%-მდე. ამ პირობებში, რა სახელმწიფო ზრუნვაზე უნდა ვილაპარაკოთ?

სახელმწიფო კი არ უნდა ზრუნავდეს რომელიმე დარგის განვითარებაზე, არამედ მთავარი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ეკონომიკაში, არის, რომ ხელი არ შეუშალოს მას.

მთავრობის კეთილი მიზნებით ჩარევებიც აფუჭებს ეკონომიკას. არ უნდა ჩავერიოთ და მივცეთ დარგებს საშუალება, რომ განვითარდნენ.

მთავარია, ბიზნესს ჰქონდეს კაპიტალი, რომელსაც ექნება მაღალი ღირებულება, საიდანაც მეტ ფინანსებს, მეტ ინვესტიციებს მიიღებს და მეტად განვითარდება. ასეთ შემთხვევაში დამოუკიდებელიც იქნება“.

ირაკლი მაკალათია თვლის, რომ 9 პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვებისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯიც ფუჭი იყო, რადგან ამის მიუხედავად პროდუქტები გაძვირდა და ჯობდა გამოყოფილი 10 მილიონი იმ ადამიანებისთვის მიეცათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს:

„რა გადაწყვეტილებებიც არის მიღებული ეკონომიკაში, არც ერთს მოყვება მეთოდოლოგია. 9 პროდუქტის შემთხვევაში ჩვენ მდიდარ ფენასაც ვეხმარებოდით. დაბალი შემოსავლის მქონე ფენაზე როცა ვლაპარაკობთ, თუ ფული არ ექნებათ, დასტაბილურებულ ფასებს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, მაინც ვერ ყიდულობს. სუბსიდირებისთვის გადადებული ფული უმჯობესი იყო გადანაწილებულიყო სოციალურად დაუცველ ფენაზე".

„დილის საუბრების“ სტუმრის აზრით, დღეს სწრაფი მოქმედებების დროა:

„დღეს სივრცეებში ყურების და ბრძნული დაკვირვებების დრო არ არის. სწრაფი ქმედებებისკენ უნდა იყოს მიმართული მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომ სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა და ადამიანებმა მიიღონ შემოსავლები ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვით. დროულად არის ნაბიჯები გადასადგმელი.

პირველი ის, რომ ნელი ტემპით ვიხსნებით და მეორე - არათანმიმდევრულად, რადგან დარგები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, ერთდროულად არ იხსნება.

არათანმიმდევრული მიდგომაა ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე საუბარიც არ არის. კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს. თუ ეკონომიკის სექტორებს გავხსნით და ადამიანებს სამუშაო ადგილებზე მისვლის შესაძლებლობას არ მივცემთ, რაღა აზრი აქვს. ყველას არ ჰყავს კერძო ავტომანქანა“.

ირაკლი მაკალათია ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკის გახსნა-ჩაკეტვის საკითხის ეპიდემიოლოგიურ სურათთან მიბმის საჭიროება და ფუფუნებაც აღარ არის:

„შეიძლება ტესტირებების შედეგად გამოვლინდეს ძალიან ბევრი შემთხვევა და ისევ ჩაიკეტოს ეკონომიკა. ეს ციკლი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. უნდა შევეგუოთ იმას, რომ მოახერხოს ჩვენმა ეკონომიკამ თანაცხოვრება ამ ვირუსთან ერთად. დღეს უკვე - „ჩავკეტეთ და ამან გვიშველა“, აღარ გამოდგება. მთავარია გადასვლა იმაზე, რომ იყოს სოციალური დისტანცია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვა. ახლა უკვე ვირუსი გავრცელებულია და ეკონომიკის ჩაკეტვა კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს, ვიდრე თავად პანდემია.

რაც დიდხანს იქნება ჩაკეტილი ეკონომიკა, ადამიანებს არ ვაძლევთ საშუალებას მიიღონ შემოსავლები. ვირუსი გავრცელდა, არსებობს და უნდა შევძლოთ ისე ვიცხოვროთ, რომ მინიმალური ზარალი და დანაკარგი განვიცადოთ.

კაი, ბატონო, დავსხდეთ სახლებში, ეფექტურია, მაგრამ მაშინ შემოსავალი უნდა მიიღოს ადამიანმა და ეს ფული ციდან არ ცვივა. ის მოდის ბიუჯეტიდან, ბიუჯეტს ავსებს კერძო სექტორი და ბიზნესს თუ ჩავკეტავთ, აღარ გვექნება ბიუჯეტი და ვეღარ დავეხმარებით ადამიანებს. ეს არის პრობლემა.

მეტი დახმარების გაცემა შეიძლებოდა, ვიდრე გაიცა და შეიძლებოდა მეტად მობილიზებულიყო ეს თანხები, არ მიმართულიყო სხვადასხვა პროექტებში, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა გამოიწვია.

სოციალური გამოსვლები ჩვენ არ გვქონია და ყველაზე გვიან სოციალური აფეთქება ხდება ხოლმე. ყველაზე გვიან რაც იწყება, ყველაზე დამანგრეველი შედეგები მას მოაქვს. სოციალური მღელვარება თუ დაიწყო, მისი გაჩერება ძალიან ძნელი იქნება და უნდა იზრუნონ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

პირველ რიგში, სოციალური დისტანცირება და ადამიანების პასუხისმგებლობაა აქ მთავარი და არა სახელმწიფო რეგულაციები“.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი მაკალათია ეკონომიკის მდგომარეობასა და სახელმწიფოს როლზე