ბოლო ათი თვის განმავლობაში ირაკლი კობახიძე უკვე მესამედ ჩავიდა აზერბაიჯანში. ამჯერად მთავარი მიზეზი - საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მორიგი სხდომა იყო. ამ ღონისძიების ფარგლებში შედგა შეხვედრები - პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ბაქოსთან ერთად გაუმკლავდება გლობალურ გამოწვევებს, რის ნაწილადაც ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევასაც განიხილავს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ბაქოში ყოფნის დროს, ხშირად იმეორებდნენ, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებულია საქართველოსთვის.
“ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში იმართება, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს”, - ილჰამ ალიევმა ამ გადაწყვეტილებისთვის ირაკლი კობახიძეს მადლობა, 17 იანვარს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გადაუხადა.
ალიევის თქმით აზერბაიჯანსა და საქართველოს სამაგალითო მეგობრობა და პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებთ; წინსვლაა ეკონომიკური კუთხითაც და ამ ეტაპზე “საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანს 3.6 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული”. .ალიევი აქებს საინვესტიციო გარემოს საქართველოში და მას ინვესტორებისთვის მიმზიდველად თვლის - ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რის კვალდაკვალაც სპეციალისტები ეკონომიკურ კრიზისსაც მოელიან.
არაფერი თქმულა ბოლო წლების საჭირბოროტო საკითხზე - თუ როდის გაიხსნება აზერბაიჯანის მიერ წლების წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი. ეს პრობლემა ადამიანებს გადაადგილებაშიც უშლის ხელს და ჩაკეტილ საზღვარს ფინანსური დანაკარგიც ახლავს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 17 იანვარს, ილაპარაკა ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე და საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის სამომავლო ტრანზიტის გაფართოებაზე. შარშან ეს მაჩვენებელი 25 მილიარდი კუბური მეტრი იყო და იგეგმება კიდევ უფრო გაზრდა - ახალი საბადოების ათვისების ხარჯზე, საიდანაც, ალიევის თქმით, 10% საქართველოს სათვალავზეა.
„ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 80%-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობისაა“, - ალიევმა ასევე ილაპარაკა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობაზე და აზერბაიჯანისა და საქართველოს ფუნქციაზე - ერთმანეთთან დააკავშიროს - ევროპა და აზია.
ასევე ნახეთ „სოროსის ერა დასრულდა“ - ალიევი და „ოცნება“ ერთ ენაზე მეტყველებენ, სხვადასხვანაირად იქცევიან„თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი, მისაბაძი, სამაგალითო; მისაბაძი და სამაგალითოა ის, თუ როგორ ზრუნავთ თქვენ აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესების დაცვაზე, აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის ყოველთვის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის“, - ამ სიტყვებით ილჰამ ალიევს ირაკლი კობახიძემ მიმართა, ერთობლივ ბრიფინგზე.
ორმხრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გარდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს. ამ კუთხით, როგორც ითქვა, ორი ქვეყანა გამოწვევებთან ერთობლივ გამკლავებას გეგმავს:
“რა თქმა უნდა, ეს პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რამდენადაც ეს ჩვენთვის იქნება შესაძლებელი”.
გამოწვევებს შორის ორი ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევაზე ილაპარაკა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ბოლო პერიოდში არაერთი მცდელობის მოწმენი გავხდით, როდესაც სხვადასხვა მხრიდან ხდება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები, მაგრამ ჩვენი საზოგადოებები, სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან მსგავს ნაბიჯებთან გასამკლავებლად. მართალია, ეს ჩვენ წინაშე გამოწვევებს ზრდის ხოლმე, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოები, ჩვენი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები კარგად უმკლავდებიან გამოწვევებს, რომლებიც ხშირად სხვადასხვა მხარის ჩარევებიდან გამომდინარეობს”, - ასე უპასუხა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანული მედიის მიერ დასმულ შეკითხვას.
საგარეო უწყების პრესრელიზის თანახმად, ბოჭორიშვილმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას სამაგალითო უწოდა და ხაზი გაესვა ერთგულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისამართით.
თბილისიდან ბაქოში ჩასულთა ჯგუფში იყვნენ "ქართული ოცნების" მთავრობის: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ირაკლი კობახიძის ბაქოში ჩასვლის მთავარი მიზეზი საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მორიგი სხდომა იყო, სადაც მან სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ერთობლივი ჩართულობის ინიციატივაზე ილაპარაკა.
„საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ კომისიის სხდომის გახსნისას.
ბაქოში ვიზიტის დროს, “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მიულოცეს 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება და ეს ფაქტი რეგიონის სტაბილურობის ხელშემწყობ ფაქტორად დაასახელეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გამარჯვება მალევე მიულოცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომელსაც - საქართველოში არალეგიტიმურად თვლის ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
50 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, უწყვეტ პროტესტში ჩართული ადამიანები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ თუ ირიბად მიანიშნებენ ახალი არჩევნების საჭიროებაზე.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოკავშირეებს ევროკავშირმა, აშშ-მა და მთელმა რიგმა ქვეყნებმა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა. აშშ-ის მიერ სანქცირებულია “ქართული ოცნების” მილიარდერი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების ბაქოში გახშირებული ვიზიტების ფონზე, არაფერი ისმის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ - თემაზე, რომელიც "ოცნებამ" 2020 წლის არჩევნების წინ ე.წ. "კარტოგრაფების საქმით" წამოსწია და გააჩაღა კამპანია „გარეჯი საქართველოა“. „კარტოგრაფების საქმეს“ დაკავებები და შიდაპოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს, საქართველოს სასარგებლოდ, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში გადაჭრიდა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენ ხიდაშელზე: „4 წელი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე“