იოსებ გრიშაშვილის ანტისაბჭოთა, საიდუმლო საქაღალდე

ხარფუხში, ალგეთის ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულ ათასობით უნიკალურ წიგნსა თუ ხელნაწერს შორის შენახულია ერთი საქაღალდე, რომლის პირველივე ფურცელს აწერია: „ამ რვეულის შესახებ არავინ იცის. 1941 წელი. მე გულწრფელი ვარ“.

„არავის ენდობოდა“, - გვითხრა მუზეუმის ხელმძღვანელმა, იოსებ გრიშაშვილის დის შვილიშვილმა ნოდარ გრიგორაშვილმა, რომელიც წლებია ამ მუზეუმის მცველია.

ამ საიდუმლო საქაღალდემ ის ლექსები, ჩანაწერები და დღიურები შემოინახა, რომელთაც იოსებ გრიშაშვილი გასაბჭოების წლებში წერდა, მაგრამ არ ბეჭდავდა - საქვეყნოდ მათი გამოჩენა „დიდი ტერორის“ წლებში საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანას ნიშნავდა. საქვეყნოდ კი გრიშაშვილის ის ლექსები ვრცელდებოდა, რომლებიც მაშინდელ პარტიულ ნომენკლატურას, ბელადებს და, ზოგადად, საბჭოთა საქართველოს ეძღვნებოდა.

სახალხო პოეტი და აკადემიკოსი, ძველი ტფილისის მკვლევარი და დიდი მეხოტბე ამ საქაღალდეს, თურმე, სხვა აკრძალულ წიგნებთან ერთად,რძის ბიდონში ინახავდა და თავისივე სახლის ეზოში მიწაში მარხავდა.

„ერთხელ დედაჩემმა მითხრა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ თხრიდა მიწას და მალავდა გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის ავტოგრაფიან წიგნებსო. მათი გამოჩენის ეშინოდა, მაგრამ გადასაყრელად ენანებოდა“, - ამბობს ნოდარ გრიგორაშვილი, რომელიც სწორედ იმ ვიტრინის წინ დგას, სადაც დღეს ეს წიგნებია გამოფენილი. ავტოგრაფები გაფერმკრთალდა, თუმცა ჯერ კიდევ იკითხება რეპრესირებული მწერლების ხელმოწერები.

თავად გრიშაშვილის დაუბეჭდავი ანტისაბჭოთა ლექსები (როგორც თავად წერდა, „გულიდან ამოსული ლექსები“) მიწაში წლების განმავლობაში იყო დამალული და დღის სინათლეს მხოლოდ მაშინ ნახულობდა, თუ გრიშაშვილს სამალავში ახალი წიგნი უნდა დაემატებინა.

ამ ლექსების ნაწილი წლების შემდეგ გადააკეთა და „შერბილებული“ ტექსტები მაინც გამოაქვეყნა.

ერთგან ეწერა: „და საქართველოც ისე მიცქერის, როგორც ილიას დაჭრილი შუბლი“.

შეცვალა და ასე დაწერა: „და პოეზიაც ისე მიცქერის...“

თუმცა მათ შორის იყო ისეთი ლექსებიც, რომლებიც სიცოცხლეში არ დაუბეჭდავს და ბოლომდე ამ საიდუმლო საქაღალდეში დარჩა..

რძის ბიდონში ჩამალულ საქაღალდეში იყო შენახული ის კალენდარიც, რომლის ფურცლები აჭრელებულია გრიშაშვილის ჩანაწერებით. ეს მინიმალისტური დღიური იმ ამბებსა და განწყობებზე მოგვითხრობს, რომლითაც მაშინ სავსე იყო მისი ცხოვრება.

„ავეშარე ბენიტო ბუაჩიძეს. ჩემს პირადობას შეეხო“, ან: „ანის მაჭანკალი მოვიდა. 1932 წელი“; „დღეს კიდევ მოვიდა ბაბო რცხილაძე. ცივად მივიღე, რაღა უნდა?“, „ფეჩი ავიღე. 11 მარტი“, „ნორა იყო, ვთხოვდებიო“; „შალვა რადიანს ჯვარი დაუწერია ირემაძის ქალზე“; ტრამვაის ვატმანს, არზუმანოვს უნდა ვცემო“; „ბინის გადასახადში მაგიდა წაიღეს“ და ა.შ.

არის ძალიან პირადი ხასიათის ჩანაწერებიც, ძირითადად იმ ქალების მიმართ და იმ ქალების მონაწილეობით, ვის მიმართაც გრიშაშვილი გულგრილი არ იყო.

ერთ რვეულს ზემოდან აწერია „1921“ - გასაბჭოების ეს თარიღი მუქ შავ ჩარჩოშია ჩასმული.

ნოდარ გრიგორაშვილი

ესეც ერთი ნაწყვეტი იოსებ გრიშაშვილის საქაღალდეში შენახული ლექსიდან, სახელწოდებით „რობაქიძის ბანდას“:

„მე მწვერვალზე ვარ, როგორც კენტი, როგორც რჩეული,

თქვენ უკან მომდევთ, აქოჩრილნი, ხელში კიბითა,

ქიმერიონში მე პოვრობას არ ვარ ჩვეული,

თქვენ ცხვირსახოცნო, დაკარგულნო ჩემის ჯიბიდან“.

საქაღალდეშია შენახული მისი ხელნაწერი ლექსები: „საქართველოს მტრებს“, „ახალ ხელისუფლებას“, „ხასა“ და სხვები.ნაწყვეტი ლექსიდან „ხასა:

„გახდები ყველას სათრეველა და ორმაგური,

ო, შენში ვხედავ ისეთ ჭაობს, ვხედავ ისეთ ხავსს,

რომ ეგ ტუჩები მომაგონებს ორ ნატეხ აგურს -

აგურს, მექისე აბანოში ფეხს რომ იხეხავს“.

იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში ათასობით წიგნი და ჟურნალია დაცული, მათგან ბევრი - უნიკალური. ნოდარ გრიგორაშვილმა გაიხსენა, მასთან მისული ბუკინისტებისგან წიგნებს როგორ ყიდულობდა. რომელიც ძალიან მოეწონებოდა, თურმე, გვერდზე მოისროდა, რომელიც მისთვის საინტერესო არ იყო, დიდხანს ჩაჰყურებდა და ამ გზით სასურველ წიგნებს სასურველ ფასად ყიდულობდაო.