ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი გრძელიშვილი ავრცელებს. წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა.
უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, ამას ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი იოანე ზოსიმე მიუთითებს.
წიგნს თან ერთვოდა მისი კოლოფონი (ცნობები ავტორის, მთარგმნელის, წიგნის შესახებ), სადაც წერია: „დაიწერა, გასრულდა და აიკინძა ეს წმინდა წიგნი, წმინდა სინას მთაზე ცოდვილი იოანეს ხელით“; „თქვენს წმინდა ლოცვებში მომიხსენეთ ცოდვილი იოანე“. წიგნი ინახებოდა სინას მთაზე, შემდეგ კი ის კერძო კოლექციაში მოხვდა.
ბერი იოანე ზოსიმე ცნობილია, როგორც ავტორი ტექსტისა: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ამ ტექსტის ოთხი ხელნაწერი არსებობს, აქედან სამი სინას მთაზე, მეოთხე კი პეტერბურგში, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.
იოანე ზოსიმე მთელი ცხოვრება საქართველოს საზღვრებს მიღმა მოღვაწეობდა, ჯერ პალესტინაში, საბაწმინდას მონასტერში, შემდეგ კი ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. იოანე ზოსიმე იყო როგორც მთარგმნელი და გადამწერი, ასევე ამკინძველიც და მომხატველიც.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი ამბობს, რომ იოანე ზოსიმეში თავს იყრიდა ყველა უნარი, რაც კი წიგნის შექმნისთვის იყო საჭირო.
„სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში მისი არცერთი ხელნაწერი არ ინახება. ძირითადად ისინი თავმოყრილია სინას მთაზე. XIX-XX საუკუნეებში, როდესაც ხელნაწერების მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, წმინდა ეკატერინეს მონასტერი ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი ხელნაწერი გაიტანეს, მათ შორის ქართულიც.
დღეს იოანე ზოსიმეს გადაწერილი ტექსტები, სრულად თუ ფრაგმენტულად, უამრავ ქვეყანაში ინახება. ერთადერთი, სადაც არაფერი არ გვაქვს, საქართველოა, - ამბობს დალი ჩიტუნაშვილი, - გარდა იმისა, რომ ეს წიგნი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი, საყურადღებოა ის ტექსტიც, რომელიც ქვედა ფენაში იკითხება. მისი გაშიფვრა და შესწავლა ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ხელნაწერი, რამდენადაც ვიცი, მამათა სწავლებებს გადმოსცემს, მაგრამ რა ტექსტიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ღირსების ამბავია სახელმწიფოსთვის, იოანე ზოსიმეს ერთი ტექსტი მაინც ინახებოდეს საქართველოში“.
აუქციონი ლონდონში, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყო. ხელნაწერი მეოთხე ლოტად იყო გამოტანილი და მალევე გაიყიდა.