ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან - ქაცარავა VS პოლიცია

ტახტისძირი. 2020 წლის 17 აპრილი

„- პროვოკაციას აწყობდი, იქით იყავი გადასული, ოსურ სოფელში და რუსებს ესაუბრებოდი, ჩემი თვალით ვნახე.

- ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ვიყავი, იქით არ გადავსულვარ, მწყემსებს ველაპარაკებოდი, თქვენ მოხვედით გვიან და რაც არ დაგინახავს, იმას ლაპარაკობ, შენ ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი ხარ...“

ეს შელაპარაკება ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავასა და პოლიციელ თემურ ჟუჟნიაშვილს შორის საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მოხდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, საოკუპაციო ძალების მიერ ახლახან დამონტაჟებულ, ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელ მწვანე ბანერთან იმყოფებოდნენ და თანამგზავრული მოწყობილობებით ბანერის კოორდინატებს იღებდნენ.

მათი მტკიცებით, საოკუპაციო ძალებმა, ტახტისძირის სიღრმეში 75 მეტრით გადმოწიეს გამყოფი ხაზი. მოვლენებს დავით ქაცარავა და მისი მოძრაობის წევრები ვიდეოკამერით იღებდნენ.

მის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საოკუპაციო ბანერი, მასთან ახლოს იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, შემდეგ კადრებში კი ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული ადამიანები ბანერის სიახლოვეს მიდიან. დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასე აღწერს მოვლენების განვითარებას:

„ჩვენ ვიდექით ბანერთან, იქით არ გადავსულვართ, უცებ დავინახეთ, რუსები როგორ მორბოდნენ და ჩვენც უკან დავიხიეთ. ჩვენი გატაცება ჰქონდათ გადაწყვეტილი, ამ დროს, უკვე პოლიციაც გამოჩნდა და რუსები ცოტა ზევით ბუჩქებთან დარჩნენ“, - ამბობს დავით ქაცარავა, თუმცა მის მიერ გავრცელებულ მასალაში არ ჩანს, როგორ მორბიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული მასალიდან არც ის იკვეთება, რომ ქაცარავა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გადასული. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ არსებობს სხვა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რუსები მათი მიმართულებით როგორ მირბიან.

ადგილზე მისულ ქართველ სამართალდამცავებსა და ქაცარავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. პოლიციელები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რასაც ქაცარავა კატეგორიულად უარყოფდა და ქართველი სამართალდამცავების ბრალდებებს მისი მისამართით საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობად აფასებდა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობამ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი დატოვა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის გადმოწევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების დირბისა და ტახტისძირის სასოფლო ნაკვეთებში, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, აპრილის შუა რიცხვებში განაახლეს.

ტახტისძირელების თქმით, მათი სახნავ-სათესი მიწის ფართების ნაწილი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. დაიკარგა 10 ჰექტარამდე მიწა. ტახტისძირს დასავლეთით ოსური სოფელი გვირგვინა ესაზღვრება. საოკუპაციო ძალები სწორედ ამ სოფლიდან გამოჩნდნენ. გვირგვინასა და ტახტისძირს შორის ქედზე არსებულ მიწის ნაკვეთებს ტახტისძირელები დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათ მიწას ნელ-ნელა ართმევენ.

ეს არ არის ამ სოფლის მიწის ფართობების მცოცავი ოკუპაციის პირველი შემთხვევა. 2011 წლიდან, „ბორდერიზაციის“ დაწყებიდან დღემდე, ათობით ჰექტარი მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა, უკვე მიტაცებულია. ტახტისძირის მცხოვრები კაკო ბარამაშვილი ამბობს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა მას მიწის ნაწილი კიდევ ერთხელ წაართვეს, მაგრამ წინააღმდეგობის გამწევი არავინ აღმოჩნდა:

წინა შემოღობვის დროს ჯერ 2 ჰექტარზე მეტი დაიკავეს, შემდეგ კიდევ 5 ჰექტარი და ახლა კიდევ 10-15 ჰექტარს იკავებენ. კამაზის მარკის მანქანით შემოვიდნენ, მოიტანეს ბოძები და დაიწყეს ჩვენი ნაკვეთების შეღობვა. გვეუბნებიან, ჩვენიაო. არადა, მამაპაპისეული ნაკვეთია, ოდითგანვე ვამუშავებდით და როგორ გახდა მაგათი?ქერის, ხორბლისა და ლობიოს მოსაყვანად ვიყენებდით მაგ მიწას“.

შემოდგომაზე ტახტისძირელების ნაწილმა მიწა დაამუშავა და იქ ქერი დათესა. დამუშავებულ-დათესილი ნაკვეთებიც ახლა ძელებს და ბანერს მიღმა მოექცა. მეორე ნაწილმა კი მიწა დასათესად გაამზადა, თუმცა იქ შესვლა ახლა წარმოუდგენელია. გარსევან სტეფნაძე ამბობს, რომ უკვე ლობიოს დათესვას აპირებდა, როცა რუსები გამოჩნდნენ:

უნდა დაგვეფარცხა და დაგვეთესა. ლობიო უნდა დამეთესა და მაგის მეტი ნაკვეთი არა მაქვს. ახლა მთლიანად შემოღობეს. რომ გადავიდე ჩემს ნაკვეთში, დამიჭერენ და წამიყვანენ. ამ მინდვრებში 12 ოჯახი ათ ჰექტარზე მეტ მიწას ვფლობდით და მთლიანად ვკარგავთ ახლა“.

აპრილში ტახტისძირში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ხელისუფლება განცხადებებით გამოეხმაურა.

მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო .. ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ახლა მთავარია ბორდერიზაციის შეკავება და მკაფიო შეფასება, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ ტახტისძირელების პრობლემები. მიწადაკარგულთა მოთხოვნები

მიწადაკარგულმა ტახტისძირელებმა ჯერ არც ის იციან, მიეცემათ თუ არა უკვე ოკუპირებულ ნაკვეთებში მოსავლის აღების შესაძლებლობა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახლა მათ ნაკვეთებში აღმართულ ბანერთან პატრულირებენ. გასულ წელს საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით აქტიურობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით. ჩორჩანაში მათ ახალი საგუშაგოები დადგეს, გუგუტიაანთკარსა და ატოცში კი ადგილობრივი მოსახლეობის ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობები და ხილის ბაღები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.