,,ხალხი უყურებს სომხურ და რუსულ არხებს და არ იციან, რა ხდება საქართველოში“

აკოფიანების ოჯახში სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ტელევიზორი ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხზე” ირთვება. „ახალი ამბები“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 18 და 21 საათზე გადის, სომხურად ითარგმნება. აკოფიანების მსგავსად, „მოამბეს“ ელოდება ადგილობრივთა სომხურენოვანი ნაწილი.

ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ამბობს, რომ მედიასაშუალებებმა მასალები მათ მშობლიურ ენაზე უფრო ხშირად უნდა მოამზადონ. ადგილობრივები განსაკუთრებით „ახალი ამბების“ საჭიროებაზე საუბრობენ.

"ხალხი უყურებს სომხურ და რუსულ არხებს და არ იციან, რა ხდება საქართველოში.“
ედუარდ აივაზიანი

ედუარდ აივაზიანი ეთნიკური სომეხი მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს. მედიანალიტიკური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მედიაში უმცირესობათა საკითხები ნაკლებად შუქდება. სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს მათთვის გასაგებ ენაზე სჭირდებათ ინფორმაცია ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ეთნიკური უმცირესობები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული, ამბობენ „დემოკრატ მესხთა კავშირში“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ ამისთვის მოსახლეობა საკმარისად ინფორმირებული უნდა იყოს, რაშიც რეგიონალური ტელევიზიების დიდ როლს ხედავს. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა კი ქართული ენის უცოდინრობის გამო ინფორმაციას ძირითადად სომხური და რუსული ტელეარხებიდან იღებს. ამიტომ გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ საზოგადოების ამ ნაწილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჩრდილოელი მეზობლის მიერ დამახინჯებულად მიწოდებული ინფორმაცია აქვს.

"გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისათვის"- პროექტს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პარალელურად გამოშვების ამ ფორმატით ხილვა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონალური ტელეკომპანიების მაყურებელს ექვსი რეგიონალური ტელეკომპანიის ეთერით შეუძლია. აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის, ,,მოამბის" საღამოს გამოშვებები ორივე ენაზე ითარგმნება და, მეორე წელია, სინქრონულ რეჟიმში მიეწოდება მაყურებელს.