ინფოგრაფიკა: ქალაქის ფული ეკლესია-მონასტრებს

საქართველოს ეკლესია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონს იღებს და ეს დიდი ხანია, ცნობილი ფაქტია. გარდა ამ 25 მილიონისა, ეკლესია დაფინანსებას იღებს მუნიციპალიტეტებიდან და სარეზერვო ფონდებიდანაც. რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიას 2013-2019 წლებში ეკლესია-მონასტრებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ გამოთხოვა ინფორმაცია და აი, რა სურათი მივიღეთ.

  • ეკლესია-მონასტრები თანხებს კეთილმოწყობის პროგრამიდან იღებენ და დანიშნულებაშიც, როგორც წესი, კეთილმოწყობის სამუშაოებია მითითებული.
  • ეკლესიებისთვის გამოყოფილი თანხა კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის დაახლოებით 5 %-ია.
  • დაფინანსებას ქალაქის ბიუჯეტიდან, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიები იღებენ. აი, რამდენიმე გამონაკლისი:

- საქართველოს ებრაელთა კავშირი;
- ევანგელურ-ლუთერანული შერიგების ეკლესია;
- ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ეკლესია;
- სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმ. ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

გამგეობები სხვადასხვა წლებში აფინანსებდნენ ეკლესიებამდე გზის მიყვანის სამუშაოებს, კომუნალურ გადასახადებსა და წყლის ჭაბურღილის სამუშაოებს, ყიდულობდნენ სამშენებლო მასალებს და იხდიდნენ ფულს ეკლესიის ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად.

  • ჩუღურეთის გამგეობა 2014-15 წლებში აფინანსებდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმ. გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს „კიდევაც დაიზრდებიან“;
  • ნაძალადევის გამგეობამ 2014 წელს დააფინანსა საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • სამგორის რაიონის გამგეობა წინა წლებში ბევრ ეკლესიას სხვადასხვა ოდენობის თანხას უხდიდა, 2018-19 წლებში რაოდენობა შეამცირა და თანხები გაათანაბრა - თითოს 10 000 ლარი.