ინტერნეტბულინგი საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრების წინააღმდეგ

სტალინისტების აქცია გორში, 2017 წლის დეკემბერი

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აგრესია - მუქარა, ლანძღვა-გინება, სიძულვილის ენა - ყველაზე მეტად გამოჩნდა. თემატიკა მრავალფეროვანია: დაწყებული რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებით და დამთავრებული სტალინის საკითხით. ინტერნეტბულინგის მსხვერპლი საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრებიც გახდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერნეტბულინგი საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრების წინააღმდეგ

9 მაისს ჯგუფის წევრებმა ტოტალიტარიზმის, რუსული პროპაგანდისა და ევროპული ღირებულებების საკითხებზე გორში ფორუმი ჩაატარეს და სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

ფორუმის მონაწილეები

ამ საკითხის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ასობით კომენტატორმა ჯგუფ „მაროს“ წევრების ლანძღვა-გინება დაიწყო. იყო მუქარის შემთხვევებიც. საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ ერთ-ერთი ლიდერი გვანცა დოლუაშვილი შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს პირად მტრებად არ მიიჩნევს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ დაიცვას მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება.

წლების განმავლობაში საინიციატივო ჯგუფი „მარო“ გორში სხვადასხვა აქტივობას ახორციელებდა, თუმცა ამას თავიდან ფარულად აკეთებდა. მაგალითად, მათ მიერ გაკეთდა ქალაქის ქუჩებში წარწერები „ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა“, ასევე ერთ საღამოს სტალინის ქუჩის სახლების სამისამართო აბრებზე, მარო მაყაშვილის სახელი გადააკრეს. წელს კი ჯგუფმა ღიად დაიწყო მოქმედება და ქალაქის მთავარი ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. გვანცა დოლუაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა საკამათო საკითხი დისკუსიის გზით უნდა გადაწყდეს და არა შეურაცხყოფით.

მუქარისა და ლანძღვა-გინების მიუხედავად, „მაროს“ წევრები ანტისტალინური კამპანიის გაგრძელებას აპირებენ. გარდა ამისა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პარლამენტის წინ შეკრებილ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ღამის კლუბებში პოლიციურ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. გორის მთავარი ქუჩისთვის სახელის გადარქმევის პეტიციით მათ უკვე მიმართეს მერიას და ახლა ხელისუფლების რეაქციას ელოდებიან.