რას ნიშნავს „მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარება და საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისიის მკაფიოდ ასახვა“?
ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 31 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილება დააანონსა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ეს ჩაიწერებოდა. ასევე, გამოიკვეთებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი „როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში“.
ამ განცხადებამდე იმასაც ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებას ეკლესიისათვის წინასაარჩევნოდ შეეთავაზებინა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
თუმცა კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ საუბარია ორ ახალ ჩანაწერზე კონსტიტუციაში, რომლითაც მართლმადიდებელი ქრისტიანობის როლი უნდა გამოიკვეთოს: რა იგულისხმება ამაში, კონკრეტულად რა ჩანაწერი შეიძლება გაჩნდეს ქვეყნის მთავარ კანონში და რას აძლევს ეს ან ერთ, ან მეორე მხარეს? ეს კითხვები დავუსვით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ჯონი ხეცურიანს, 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების ერთ-ერთ ავტორს, რომელიც ახლაც მონაწილეობდა ორ მხარეს შორის გამართულ კონსულტაციებში.